GE

გია შარვაშიძესთან შეხვედრა დასრულდა – სტუდენტები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და “აუდიტორია 115″–ის წევრებს შორის გამართული შეხვედრა დასრულებულია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რექტორმა განაცხადა, ის აპირებს რეალურად იმაზე მუშაობას, თუ როგორ გახდეს უნივერსიტეტი უკეთესი.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ყველა იმ საკითხს, რაც სტუდენტებს აწუხებთ, მათ შორის იყო შეკითხვები სტუდენტურ ბაზებთან და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ, რეალურად ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ უნივერსიტეტი უკეთესი, კარი ღიაა და სამი თვის განმავლობაში, ახალ წლამდე უნდა მოხერხდეს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება, თუ რა მიმართულებით წავა უნივერსიტეტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე. ყველა ერთად გამოვალთ შექმნილი მდგომარეობიდან. ცოტა ხანში სერიოზული ნაბიჯები გფადაიდგმება და სამაგალითო ადგილს დაიკავებს ეს უნივერსიტეტი კვლევის და სწავლების მიმართულებით,”– განაცხადა რექტორმა.

რაც შეეხება სტუდენტების შეფასებებს, ისინი შეხვედრით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ რექტორისგან კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ. როგორც ჟურნალისტებს “აუდიტორია 115″–ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ განუცხადა, ისინი დღეს 16:00 საათზე ჩანიშნული აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულებას დაელოდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

დღეს თსუ–ში საპროტესტო აქციის გამო პირველკურსელთა საზეიმო ღონისძიება ჩაიშალა. რექტორს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება “აუდიტორია 115″–ის წევრებმა არ მისცეს. მოგვიანებით ღონისძიება შენობის შიგნით გაიმართა.

ქეთი გიგოლაშვილი

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური