GE

გორის უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების ჩამონათვალს ანახლებს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების განახლებულ სიას სთავაზობს. როგორც EDU.ARIS.GEს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განუცხადა, მიმდინარე სასწავლო წელს მობილობის პროგრამები უკვე პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც განხორციელდა. გაცვლითი პროგრამების შესახებ სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტი ზურა ზურაბაშვილი გვესაუბრება

 კონკრეტულად რომ გვიამბოთ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელსაც საკუთარ სტუდენტებს სთავაზობთ

unnamed-2ზ.ზ. 2016/2017 სასწავლო წლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინსტიტუციურ დონეზე ხორციელდებოდა სამი ტიპის მობილობის პროგრამა: მევლანას მობილობის პროგრამა, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, განახორციელონ მობილობა თურქეთის რესპუბლიკის 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერასმუს +-ის მობილობის პროგრამა, სადაც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, განახორციელონ მობილობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ამ ეტაპზე ერასმუს +-ის მობილობის პროგრამის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება სწავლა გააგრძელონ ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში და ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში) და მობილობის პროგრამები პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომელიც ხორციელდება ბილატერულ დონეზე უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

–რა სიახლეა გაცვლითი პროგრამების ჩამონათვალში, წინა წელთან შედარებით

ზ.ზ. მიმდინარე სასწავლო წელს სიახლე ის არის, რომ გორის უნივერსიტეტში განხორციელდება მობილობის პროგრამები პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

როგორ ახერხებს გორის უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტების დაინტერესებას? თქვენი შეფასებით, რამდენად სახარბიელო ტემპით იზრდება ეს ინტერესი?

ზ.ზ. უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე ინტერნაციონალიზაცია მიჩნეულ იქნა ერთ–ერთ ძირითად ტრენდად უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში. გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ გორის უნივერსიტეტი წარმატებით ართმევს თავს ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გორის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი, რამაც ასახვა ჰპოვა მრავალ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში (Tempus, Earsmus Mundus,  Mevlana, Erasmus +).

თავად რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლობისთვის სასურველ უნივერსიტეტს

 ზ.ზ.  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების 6-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, შერჩეულია სტრატეგიული სამიზნე ქვეყნები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები; უნივერსიტეტებს შორის მყარდება კავშირი ბილატერულ დონეზე, ხოლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ხელმომწერი მხარეები სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებენ, მათ შორის გაცვლით პროგრამებს.

გვესაუბრეთ იმ ბენეფიტებზე, რომელსაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით თქვენი სტუდენტი იღებს

ზ.ზ. გარდა იმისა, რომ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, რომ მიიღონ მაღალი დონის აკადემიური განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, ისინი ასევე სარგებლობენ ყოველთვიური სტიპენდიით და ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებით.

როგორ ხდება გაცვლით პროგრამაში სტუდენტის ჩართვა/მონაწილეობა

ზ.ზ. ინსტიტუციურ დონეზე არსებული მობილობის პროგრამები ხორციელდება წელიწადში ერთხელ; სტუდენტების ინფორმირება ხდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, საინფორმაციო მონიტორებზე და საინფორმაციო დაფებზე მობილობის პროგრამების შესხებ ინფორმაციის განთავსების შედეგად. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი პერმანენტულად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან.

ხომ ვერ გაიხსენებთ კონკრეტულ შემთხვევას, როცა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა თქვენი სტუდენტისთვის საკუთარი თავის რეალიზების საშუალებად იქცა (მაგალითად, გაუადვილდა სამსახურის შოვნა)?

ზ.ზ.  გაცვლითი პროგრამების თემას ოდნავ გადავუხვევ და აღვნიშნავ, რომ გორის უნივერსიტეტის მიერ პერმანენეტულად ხდება შიდა ქართლის შრომითი ბაზრის კვლევა, რის შემდეგაც ხდება მონაცემთა აკუმულირება, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის. ამიტომაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი დასაქმებულია.

რაც შეეხებათ გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს მათი უმეტესობა დასაქმებულია ან აგრძელებს სწავლას. შემიძლია გავიხსენო ერთ–ერთი წარმატებული სტუდენტის, მირანდა ყაჩლავაშვილის მაგალითი, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში, პირველ ჯერზე ის საბერძნეთში სწავლობდა თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საბაკალავრო პროგრამაზე, ერასმუს მუნდუსის აქტივობა 2-ის პროგრამის ფარგლებში, ხოლო მეორე ჯერზე, მირანდამ უკვე მაგისტრატურის საფეხურზე მოიპოვა სტიპენდია ვილნიუსის უნივერსიტეტში ერასმუს მუნდუსის Backis-ის პროგრამის ფარგლებში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

გვანცა დოლუაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური