GE

გორის უნივერსიტეტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე მომუშავე ექპერტები დღეს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებს, შიდა ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ.

განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თემები, თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა კვალიფიციური პედაგოგის მისაღებად და როგორ უნდა შემოვიდეს ახალი კადრი პროფესიაში ახალი საკანონდებლო ცვლილებების თანახმად.

შეხვედრის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შემადგენელ იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე როგორიცაა – მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება და ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების ამოქმედება. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია.

ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების ამოქმედება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, ქვეყანაში აქამდე, პედაგოგების მომზადების პროცესი ჩაშლილი იყო, არ არსებობდა მასწავლებლის მომზადებისა და შეფასების თანამიმდევრული, ერთიანი სისტემა. ახალი სისტემა კი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას, გაზრდის პედაგოგობის მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობას და მოემსახურება მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას.

სქემაზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით უნივერსიტეტებში კვალიფიციური პედაგოგიური კადრები მომზადდება, მათი სწავლის დაფინანსებაში სახელმწიფო მზად არის გარკვეული რესურსებიც ჩადოს.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა ერთიანი სისტემაა. ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს და რაც მთავარია, მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური