GE

გრანტის განაწილების ახალი წესის ბნელი მხარეები

შესაცვლელია, მაგრამ არა ასე – ამგვარად აფასებენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების მინისტრის გახმოვანებულ ინიციატივას გრანტის განაწილების  წესის ცვლილების თაობაზე და აცხადებენ, რომ თუკი ყველაფერი მართლაც ისე განხორციელდა, როგორც ამას ალექსანდრე ჯეჯელავა აანონსებს, მივიღებთ სიტუაციას – „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“.

ლექტორები ელიან, რომ უმაღლეს სასწავლებლებში კვლავ დაიწყება ნიშნის მოსამატებლად სტუდენტების თხოვნები, დარეკვები, პროტექცია, ქრთამი და ა.შ. სტუდენტები კი მოსალოდნელ არაობიექტურობაზე ამახვილებენ ყურადღებას და დასძენენ, რომ მათ არ ექნებათ ბერკეტი გააკონტროლონ რამდენად სამართლიანად დაუწერა ლექტორმა თანაკურსელს მასზე მაღალი ქულა და რამდენად სამართლიანად მიენიჭა მას გრანტი. ეს, მათი თქმით, სტუდენტებსაც გადაჰკიდებს ერთმანეთს.

სწორედ ეს საკითხი აწუხებს ნინის, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მან გვარის დასახელება, გარკვეული მიზეზების გამო, არ ისურვა. ამბობს, რომ სტიპენდიის გამოც ხშირია სტუდენტებს შორის ქიშპობა და ლექტორებისათვის საკუთარი თავის არაჯანსაღი ხერხებით მოწონების მცდელობა და ელის, რომ დაფინანსების გადანაწილების წესის შეცვლის შემდეგ ეს ყველაფერი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„სტიპენდიისათვის ბრძოლას პირველივე კურსიდან შევეშვი, რადგან ვხედავდი, როგორ „ჭამდნენ“ მაგის გამო ერთმანეთს ჩემი კურსელები. რას აღარ კადრულობდნენ – ლექტორებთან ხვეწნას, ერთმანეთის მოტყუებას და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ხანდახან ისიც არ მესმის რა პრინციპით წერენ ქულებს ლექტორები. ზოგ ისეთ ბავშვს უწერენ მაღალ ქულებს, რომელთაც არ ეკუთვნით, უფრო ხშირად აცდენენ, სემინარებზე პასიურობენ და ა.შ.

„ახალი წესი თუ შემოვა, როგორ უნდა დაამტკიცოს სტუდენტმა, რომ ის უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებდა, ვიდრე მისი ჯგუფელი? სტუდენტსაც უნდა ჰქონდეს რაღაც ბერკეტები, რითიც შეეძლება დაამტკიცოს, რომ გრანტს ის იმსახურებს და არა სხვა. თუმცა, მაინც ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნება, გამოდის, რომ ერთმანეთის „ჩაშვება“ მოგვიწევს – იმან გადაიწერა და შუალედურში მაღალი ქულა არ ეკუთვნოდა, ამან ლექტორთან პირადი ურთიერთობებით ისარგებლა და ა.შ. მუდმივად ერთმანეთთან ჩასაფრებულები უნდა ვიყოთ“, – ამბობს ნინი.

unnamed.jpg მარიამი2თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ელიაშვილი კი უსამართლობას უწოდებს იმასაც, რომ  გრანტი ბევრ ისეთ სტუდენტს აქვს, რომლებიც უნივერსიტეტში მხოლოდ დიპლომის ასაღებად მიდიან. ამ დროს კი სხვები მაღალი GPA– ს შენარჩუნებისათვის ღამეებს ათენებენ.

თუმცა, იმასაც დასძენს, რომ სიტუაცია არასასურველ ფორმებს ახლაც ხშირად იღებს და   ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ მაღალი GPA-ისა და სტიპენდიის მსურველთა რიცხვს, ის სტუდენტებიც დაემატებიან, რომელთათვისაც დაფინანსება მნიშვნელოვანია.

„ლექტორებთან ქულის თხოვნით, “ჩოქვით” მისული სტუდენტების რიცხვი არც ახლაა ცოტა. თავად ლექტორების მხრიდანაც  მიკერძოება არაა გამორიცხული,“ – ამბობს მარიამი.

ეკა ჯამაგიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი): „ეს წესი, ერთი შეხედვით, საინტერესო და სწორი ჩანს, მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, რომ მან ძალიან ჭკვიანი სტუდენტის მომავალი შეცვალოს უარესობისკენ. მოსწავლეები სკოლებში არ იღებენ საჭირო და საკმარის განათლებას, ბოლო წელს კი დიდი წვალების შემდეგ გრანტოსნები ხდებიან და სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ.

unnamed.jpg eka jamagidze“უმაღლესში სწავლის პარალელურად ძალიან ბევრი მუშაობს კიდეც, რათა საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ახალი მიდგომა, ჩემი აზრით, იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთ დროს ძალიან იწვალეს, გრანტი მოიპოვეს  და უნივერსიტეტში საშუალო დონის სტუდენტებად ითვლებიან, საკმაოდ დააზარალებთ. მათთვის ეს მართლა პრობლემა იქნება.

„თანაც, ობიექტურობის პრობლემაც ჩნდება.  მაინცდამაინც ობიექტურები, ჩემი აზრით, ლექტორები არც ახლა არიან. რა თქმა უნდა, ყველაზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ლექტორები უმეტესად ცდილობენ სტუდენტის მხარეს გადაიხარონ და ქულა მოუმატონ“.

მინისტრის ინიციატივასთან პროფესორმასწავლებლებსაც არაერთი შენიშვნა აქვთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი ცირა ბარბაქაძე ამბობს, რომ გრანტის მოპოვებისთვის ყოველწლიური ბრძოლა სისტემის კოსმეტიკური ცვლილებაა და არა არსებითი.

საუნივერსიტეტო სწავლებაში მარათონის პრინციპის გაძლიერებას  მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სტუდენტები ისედაც  სულ ქულების ანგარიშით არიან დაკავებულები და ახლა კიდევ დამატებით ქულების მოპოვებისთვის ბრძოლა, სპორტად ექცევათ.

unnamed.jpg ცირა2„ჩემი სტუდენტების საუკეთესო ნაწილი „საშუალო მოსწრებისაა“ და გითხრათ, რატომ? – მათ უმრავლესობას არ აკმაყოფილებს აუდიტორიაში შესული ლექტორის ცოდნა, რის გამოც ხშირად აცდენენ და მინიმალური ქულით კმაყოფილდებიან.  ასეთები მცირენი არიან, მაგრამ საერთოდ, ვთვლი, რომ ვინც დღეს სტუდენტია, იმათგან მხოლოდ 30% შეიძლება სწავლობდეს უნივერსიტეტში და, შესაბამისად, გრანტების სისტემაც სხვაგვარად უნდა მოწესრიგდეს.  შემოთავაზებული ფორმით გრანტისთვის ბრძოლა, უბრალოდ, არაფრის მომცემია“, – ამბობს ცირა ბარბაქაძე.

გრანტის გადანაწილება  ნიშნების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის დოქტორის, სოციოლოგ ამირან ბერძენიშვილის აზრითაც ძალიან მძიმე სიტუაციას შექმნის. ამბობს, რომ სტუდენტების უმრავლესობა ქულებზე ნადირობას დაიწყებს, რასაც ახლაც აკეთებენ.

მისი თქმით,  ადრინდელივით ბევრი გამოჩნდება ისეთი, საქმეებს რომ ჩააწყობენ.  ქართული სინამდვილე, ბერძენიშვილის აზრით,  ჯერ ისე არ შეცვლილა და ევროპულს არ დამსგავსებია, რომ  ამგვარი რამ არ ხდებოდეს.

unnamed.jpg amirani 1„ახლა ასეთი რაღაცეებისაგან თავისუფლები ვართ. არანაირი პროტექცია არ არსებობს და მშვიდად ვართ. შუალედური და ფინალური გამოცდებიც ცენტრალური საგამოცდო წესით რომ ტარდება, პროფესორებიც დაცულები ვართ და ობიექტურობაც მეტია. ახალი წესი კი ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას შექმნის.

„ნებისმიერ პროფესორს, ვისაც 10-15 წლის წინ უმუშავია,  ძალიან კარგად ახსოვს რაც ხდებოდა – მხოლოდ ჩაწყობა და პროტექცია კი არა, ათასი ძალიან ცუდი  რაღაც. ამისაგან საგანმანათლებლო სისტემა განთავისუფლდა და რეციდივს ხელი არ უნდა შევუწყოთ“, – აცხადებს პროფესორი.

თუმცა, ამავდროულად, მისი აზრით, სამართლიანობით არც დაფინანსების არსებული წესი გამოირჩევა, ამბობს, რომ იგი ნამდვილად შესაცვლელია, მაგრამ არა უარესით. მიიჩნევს, რომ სხვა ფორმაა მოსაძებნი, რომელსაც არა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, არამედ კარგად დაფიქრება და შემუშავება სჭირდება.

„არ შეიძლება გრანტი ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში არაფერს აკეთებს, არ სწავლობს. ესეც დასაფიქრებელია. ტყუილად არ გაჩნდა ეს აზრი. მე უბრალოდ ძველის რეციდივი მაშინებს – სტუდენტების უმეტესობა შეეცდება თხოვნით, ჩაწყობით, პროტექციით მოიპოვოს სასურველი ქულა, რათა გრანტი არ დაკარგოს.

„უკეთესი სისტემაა მოსაფიქრებელი, მაგრამ ასე უცებ არა. სტუდენტებსაც უნდა ვკითხოთ, პროფესორებსაც, ექსპერტებსაც და გამოსავალი ისე მოვნახოთ. ეს ფული მართლაც მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს“, – მიიჩნევს ბერძენიშილი.

მოგეხსენებათ, 2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლება. როგორ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, გრანტის მოსაპოვებლად მთავარი ეროვნულ გამოცდებში ნაჩვენები შედეგი აღარ იქნება და  აბიტურიენტებს მისთვის  ბრძოლა ყოველ წელს თავიდან მოუწევთ.

„რატომ გვაცლის ლუკმას პირიდან ბატონი ჯეჯელავა?“ – რეპეტიტორები, აბიტურიენტები და მშობლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაზარდოს იმ სტუდენტების რიცხვი, ვინც ნიშნის მომატებას მოითხოვს“

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

„გაუგებარია როგორ იმოძრავებს ფული, როცა მობილობით სტუდენტი ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადავა“

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური