GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ. ისინი დაესწრნენ იურიდიული კომიტეტის სხდომას და შეხვდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თამარ კორძაიას და კომიტეტის აპარატის უფროსს ზურაბ დეკანოიძეს.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნისნული, შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ გახსნა. მან კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, კომიტეტის მუშაობის მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ სტუდენტებს დეტალურად გააცნო პარლამენტში კანონპროექტების განხილვის პროცედურა და ისაუბრა კანონშემოქმედებით პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასა და მის მნიშვნელობაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ზურაბ დეკანოიძე სტუდენტებს ესაუბრა კომიტეტის აპარატის ძირითადი ამოცანებზე, ფუნქციებზე, უფლებებზე და ორგანიზაციულ საკითხებზე.

ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. შეკითხვები შეეხებოდა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის სისტემასა და საჯარო სამსახურში დაგეგმილ რეფორმებს და სხვა საკითხებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის მოეწყო საექსკურსიო ტური, რომლის დროსაც ახალგაზრდები გაეცნენ პარლამენტის სტრუქტურას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური