GE

ილიაუნი აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსებს სთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ინტენსიურ კურსებს სთავაზობს, რომელიც სრულად იქნება დაფინანსებული უნივერსიტეტის მიერ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას:

  • კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რამდენად კარგად ხართ მომზადებული გამოცდისთვის.
  • გაიაროთ უფასო ინტენსიური კურსი, რომელიც მოგეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კურსის შექმნისას ორგანიზატორებმა იხელმძღვანელეს იმ პრობლემებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას და გააანალიზეს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

როგორც ილიაუნიში განმარტავენ, ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და იმ პრინციპების ახსნას, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა, საკმარისია, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ.

ილიაუნის ინტენსიური პროგრამა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში ორიმოდულისგან შედგება:

  • მოდული 1 – ინტენსიური კურსი ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ტექნიკებში
  • მოდული 2 – ინტენსიური კურსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების ტექნიკებში

კურსის ფარგლებში გაარჩევთ დავალებებს, გაეცნობით მათი ამოხსნის ხერხებს, რის შემდეგაც, ათვისებული მიდგომების გამოყენებით, თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს.

კურსის ჩატარების განრიგი

მოსამზადებელი კურსი დაიწყება 27 თებერვლიდან და გაგრძელდება აპრილის თვეშიც. უნივერსიტეტში ითვალისწინებენ აბიტურიენტების გადატვირთულ გრაფიკს და მეცადინეობები ჩატარდება შაბათობით, 16:00-დან 19:00 საათამდე.

თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 3 საათი. კურსის ორივე მოდული მიმდინარეობს შაბათობით პარალელურ რეჟიმში. შესაძლებელია როგორც ერთი, ასევე ორივე მოდულის გავლა. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ სხვადასხვა დღეებში.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც 2016 წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გასაგრძელებლად საკმარისი უნარი და მოტივაცია აქვს.

როგორ გავიარო კურსი?

თუ გსურთ კურსის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, აირჩიეთ სასურველი კურსი/მოდული; სასურველი დრო და შემდგომ უნივერსიტეტიდან დაგიკავშირდებით.

კურსის ღირებულება და დაფინანსება

კურსის თითოეული მოდულის ღირებულებაა 75 ლარი, სრული კურსის ღირებულება კი 150 ლარია. თუმცა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობ 100%-იან დაფინანსებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების შედეგად, უფასოდ გაივლით თქვენთვის სასურველ მოდულს ან სრულ კურსს.

ილიაუნი გისურვებთ წარმატებებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

pr@iliauni.edu.ge

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური