GE

ილიაუნი საქართველოს პარლამენტში დასაქმებულ პერსონალს გადაამზადებს

11 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის დარბაზში გაიმართება პროექტის – „ქართული აკადემიის მიერ საკანონმდებლო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ -პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) 1 წლის განმავლობაში  ეტაპობრივად გადაამზადებს საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტში დასაქმებულ პერსონალს, მონაწილეობას მიიღებს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ხოლო რამდენიმე ახალკურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტში გაივლის სტაჟირებას. უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოში პოლიტიკისა და სამართალწარმოების პროცესების გაუმჯობესება, ასევე – აკადემიური სფეროს ჩართულობის გაზრდა პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) 2013 წლის ნოემბერში  დაარსდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო პოლიტიკის კვლევის განვითარებას საქართველოში კვლევითი პერსონალისა და საჯარო მოხელეების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური კვლევებისა და მაღალკვალიფიციური მოკლევადიანი მიზნობრივი სატრენინგო კურსების უზრუნველყოფით.

ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტი, თამარ მეფის დარბაზი (შოთა რუსთაველის #8, თბილისი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური