GE

ილიაუნიმ აბიტურიენტების სტიპენდიებისთვის 120 000 ლარზე მეტი გამოყო

2016-2017 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ აწესებს დამატებით სტიპენდიებს ნიჭიერი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი გახდეს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ილიაუნიმ წელს საგრძნობლად გაზარდა სასტიპენდიო ფონდი.

წლევანდელი სასტიპენდიო ფონდი 120 000 ლარზე მეტია და მოცულობით თითქმის 3-ჯერ აღემატება 2015-2016 სასწავლო წლის აბიტურიენტთა სასტიპენდიო ფონდს.

სტიპენდიის მოპოვების პირობები

  • საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე 100 აბიტურიენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, პირველი სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებს 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.
  • სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებს ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც ჩაირიცხება ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (მიღება ინდივიდუალურ მიმართულებაზე). კერძოდ, აბიტურიენტი, რომელიც ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებაზე და, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით, აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთა შორის აღმოჩნდება:
    • პირველ ხუთეულში – მიიღებს 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს;
    • მომდევნო ათ სტუდენტს შორის – მიიღებს 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.

სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების დამატებითი პირობა

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე სასტიპენდიო ვაუჩერით.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. ასევე, ილიაუნიში გვაქვს 8 საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მათ შორისაა, საბაკალავრო პროგრამა/მიმართულება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა.

შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ – გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.

შესაძლებელია, 2016-2017 სასწავლო წლის სასტიპენდიო ფონდი კიდევ გაიზარდოს, რადგან დაგეგმილია აბიტურიენტებისთვის კონკურსების ჩატარება, რომელთა წარმატებული მონაწილეები ასევე სასტიპენდიო ვაუჩერებით დაჯილდოვდებიან, ამიტომ ხშირად შეამოწმეთ ჩვენი ვებგვერდი – www.iliauni.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)
ელფოსტა: pr@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური