GE

ილიაუნის „ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა მეცნიერების, გამომგონებლობის და კრეატივის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფესტივალია“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში,  2015 წლის 19 სექტემბერს, ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდება. გამოფენაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სანახაობა, როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს დააინტერესებს. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში ან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოახდინონ საკუთარი გამოგონებებისა, თუ ნაკეთობების დემონსტრირება.

რა ფორმატები ექნება გამოფენას და როგორ უნდა მიიღონ დაინტერესებულმა პირებმა მასში მონაწილეობა, ამის შესახებ Aris.geგანათლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დვალიძე ესაუბრება.

unnamed (1)რას წარმოადგენს სამეცნიერო პიკნიკი? როდის დაიწყო და რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში?გთხოვთ, შეაფასოთ მისი მნიშვნელობა.

– ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. სპეციალურად გაშლილ კარვებში სამეცნიერო ჯგუფები საინტერესო ექსპერიმენტებსა და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. პიკნიკის მთავარი ამოცანაა ხალისიანი ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

სამეცნიერო პიკნიკი სხვადასხვა სახელწოდებითა და ვარიაციებით ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის წარმატებულ მოდელს ეფუძნება, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მეცნიერებას ეძღვნება და ღია ცის ქვეშ იმართება.

პირველი სამეცენიერო პიკნიკი 2012 წელს, ვაკის პარკში გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკის წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თბილისის მერიამ, პოლონეთის საელჩომ საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ. 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს 7 000-მდე დამთვალიერებელი ჰყავდა. 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპულისამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და დამთვალიერებელთა რაოდენობამ შეადგინა 13 000. სამეცნიერო პიკნიკზე, ილიაუნის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.

2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა 15 000-მდე. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელმაც ღონისძიების თითოეულ აქტივობას გაუწია მოდერაცია და უზრუნველყო დამსწრეთა ჩართულობა სახალისო სამეცნიერო აქტივობებში. 2014 წლის სამეცნიერო პიკნიკზე რიგით მეორე რობოტების თამაში ჩატარდა.

რატომ გადაწყვიტეთ რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენის  ჩატარება?

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროგრამებს აქტიურად ახორციელებს. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის სამწლიანმა გამოცდილება გვაჩვენა, რომ სამეცნიერო და შემოქმედებითი კლუბების ხელშეწყობამ შეიძლება შედეგად მოგვცეს ძალიან საინტერესო ინიციატივები და პროდუქტები, რომელთაც არა მხოლოდ ინდივიდუალურ შედეგებზე, არამედ საზოგადო მნიშვნელობაზე გავყავართ და სწორედ ამ ტიპის პროექტების ავტორები ხდებიან მომავალი ინოვატორები და მეცნიერები.

ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არ არის ღონისძიება მხოლოდ ხელმარჯვე ოსტატებისა თუ ხელოსნებისთვის. ეს არის ღონისძიება ადამიანებისთვის, რომლებიც მიჰყვებიან თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის სივრცე, სადაც ხდება უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა და ინოვაციური იდეების გაცვლა. ღონისძიება ხელს უწყობს სხვადასხვა ინოვაციური იდეების წარმოშობას, ინჟინერიის, ინდუსტრიული  დიზაინისა და ტექნოლოგიური  განათლების  განვითარებას.

– რა და რა ფორმატები ექნება გამოფენას წელს და რომელია ეს ფორმატები? თითოეულში მონაწილეობის მიღება რას შეუწყობს ხელს?

– ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიეროპროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნეს იდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.

ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა იმუშავებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში.

ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში ან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სურვილი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოახდინონ საკუთარი გამოგონებებისა, თუ ნაკეთობების დემონსტრირება. თითოეულში მონაწილეობა ერთი მხრივ ხელს უწყობს შემოქმედებითი იდეების გაცვლას, ხოლო მეორე მხრივ, ილიაუნი შესაძლებლობას აძლევს სტარტაპ კომპანიებს მოახდინონ პროდუქტის ფართო ბაზარზე დატესტვა.

– ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენისთვის რეგისტრაციას მონაწილეები ელექტრონულად გადიან? როგორი ფორმით უნდა მოგაწოდონ იდეები, ან უკვე განხორციელებული პროექტები, მხოლოდ აღწერაა საკმარისი?

-ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა პროექტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ბმულზე საწყის ეტაპზე საკმარისია მხოლოდ პროექტის აღწერა, რომლის უკეთ წარმოსაჩენად მონაწილეებს ასევე შეუძლიათ მოგვაწოდონ პროექტის ფოტო/ვიდეო ვერსიის ბმული. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბერი.

– ვინ შეარჩევს გამოფენაზე მონაწილე იდეებსა და პროექტებს და როდის დაუკავშირდებით გამარჯვებულ კანდიდატებს?

– გამოფენაზე მონაწილე პროექტებს განიხილავს და შეარჩევს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ექსპერტებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო. გამარჯვებულ კანდიდატებთან დაკავშირება კი სექტემბრის პირველ  რიცხვებში მოხდება.

– რატომ უნდა მიიღონ ადამიანებმა ამ გამოფენაში მონაწილეობა?

– ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის მეცნიერების, გამომგონებლობის, კრეატივისა და შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ფესტივალი. ღონისძიება მონაწილეებს საშუალებას აძლევს ფართო აუდიტორიას წარუდგინონ საკუთარი გამოგონება/ნაკეთობა და გაზარდონ მათი ორგანიზაციის/კომპანიის/სტარტაპის ცნობადობა, შეხვდნენ სხვა გამომგონებლებს, გაუზიარონ და მიიღონ მათგან ახალი ცოდნა და გამოცდილება, იპოვონ საქმიანი პარტნიორები და ჰობი აქციონ შემოსავლიან საქმედ.

– როგორც ცნობილია, შერჩეულ მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს შესაძლებლობას, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაოში იმუშაონ იდეის პროტოტიპის შექმნაზე ან დახვეწონ და განავითარონ საკუთარი იდეები, იქნებ უფრო ვრცლად მოგვაწოდით ინფორმაცია, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის შესახებ. რომელი წლიდან ფუნქციონირებს ის უნივერსიტეტში და რას ემსახურება?

-ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია  თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით.

ლაბორატორიაში შესაძლებელია, ციფრულ ფორმატში შეიქმნას სასურველი ტექნოლოგიური პროდუქტი – ე. წ. სმარტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni 2014 წლის 30 დეკემბრიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებას. მისცეს მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს წვდომა სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკასთან თუ ტექნოლოგიებთან. ფაბლაბის მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური