GE

ილიაუნის სტუდენტებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს” გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ამერიკული ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის („თავისუფალი მეცნიერებები“) კურსის – „მოდერნისა და პოსტმოდერნის ლიტერატურული ნიმუშები“ – სტუდენტები ერთმანეთს შეერკინნენ ინტელექტუალურ თამაშში: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ინტელექტუალურ თამაშს კურსის ფარგლებში განვლილი ტექსტის – გურამ დოჩანაშვილის რომანის („სამოსელი პირველი“) – სიღრმისეულ ცოდნასა და გაანალიზებაში საუკეთესონი უნდა გამოევლინა.

სტუდენტებს შორის ასეთი შეჯიბრი უკვე ტრადიციად აქცია პროფ. მანანა ანასაშვილმა, რომელიც „თავისუფალი მეცნიერებების“ პროგრამაში, ზემოაღნიშნულ კურსთან ერთად, სხვა კურსებსაც კითხულობს და ყოველი სემესტრის ბოლოს ასეთ ინტელექტუალურ თამაშს სთავაზობს სტუდენტებს.

ილიაუნის ინფორმაციით, ცოდნისა და ანალიტიკური აზროვნების გამოვლენაში ერთმანეთს 2014 წლის გაზაფხულის სემესტრისა და მიმდინარე სემესტრის სტუდენტები ეჯიბრებოდნენ 2 გუნდად: „ედმონდოს მეგობრები“ და „ვაკეიროები“.

საღამოს თავად მწერალი გურამ დოჩანაშვილიც ესწრებოდა. მწერალმა მადლობა გადაუხადა ლექტორსაც და სტუდენტებსაც რომანის დაფასებისა და ასე სიღრმისეულად შესწავლისათვის. შეჯიბრის მიმდინარეობას აფასებდა ჟიური – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი, არჩილ სუმბაძე და გიორგი ჟორჟოლიანი.

ღონისძიებას დაესწრნენ „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის“ დამაარსებელი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის პროფესორი, ბატონი ჩარლზ ფერბენქსი, ამავე პროგრამის სტუდენტები და სხვა.

თამაშის დასასრულს, მონაწილეებმა და სტუმრებმა შეკითხვები დაუსვეს ნაწარმოების ავტორს. ღონისძიება სიგელებისა და სიმბოლური საჩუქრების გადაცემის ცერემონიალით დასრულდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური