GE

ილიაუნისა და 40 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

24 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 40 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის.

უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით, ძალაში შევიდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფცია, რომლის ძირითადი მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მასწავლებლის პროფესიისათვის.

როგორც ილიაუნის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროს გაცნობის საშუალებით უნდა დამყარდეს მჭიდრო კავშირი საუნივერსიტეტო განათლების თეორიულ ნაწილსა და სასკოლო ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილს შორის, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, მოახდინოს თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სასწავლო გარემოში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სქემის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და მასწავლებლის მომზადების პროგრამების შეუფერხებლად განხორციელებისკენ არის მიმართული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური