GE

ილიაუნისა და იულიხის ცენტრის კვლევით ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

იულიხის ცენტრის (გერმანია) კვლევით ინსტიტუტებსა და ქართული უნივერსიტეტებისგან შემდგარ კონსორციუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ილიაუნის განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქართულ უნივერსიტეტებში ე.წ. SMARTlab-ის დაფუძნებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და ტექნოლოგიის მიმართულებებით, ასევე გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებას პარტნიორებს შორის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის დონის ამაღლებას ქართულ უნივერსიტეტებში, საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას, ასევე წარმატებული ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობების შექმნას.

ილიაუნის ინფორმაციით, იულიხის ცენტრის მხრიდან პარტნიორები არიან ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM), იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი (ZEA).

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს სამი ქართული უნივერსიტეტი წარმოადგენს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

იულიხის ცენტრის ინსტიტუტებსა და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო დვალიძემ მოაწერა.

ამავდროულად, გაფორმდა მემორანდუმი იულიხის კვლევით ცენტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის, ასევე იულიხის ცენტრსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური