GE

Ю-ს და Я-ს შემცველ რუსულ და რუსულის გზით დამკვიდრებულ სიტყვათა მართლწერა

რომელია სწორი – პლიუსი თუ პლუსი? ტრანსლაცია თუ ტრანსლიაცია? ვალუტა თუ ვალიუტა? ეგზემპლარი თუ ეგზემპლიარი? – გრამატიკულ ცნობარში დღეს რუსულ ან რუსულის გზით შემოსულ და დამკვიდრებულ სიტყვათა მართლწერაზე ვისაუბრებთ.

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში ევროპული ენებიდან მომდინარე სიტყვები რუსულის მეშვეობით შემოდიოდა და მკვიდრდებოდა ჩვენს სალიტერატურო ენაში.  მათ შორისაა LA და LU კომპლექსების შემცველი სიტყვები, რომლებიც ქართულად გადმოვიდა ერთი მხრივ, ლა და ლუ, მეორე მხრივ კი  – ლია და ლიუ ჯგუფებით.

რუსული გვარებისა თუ გეოგრაფიული სახელების გადმოცემის დროსაც შეინიშნება სხვადასხვაობა – გვხვდება, მაგალითად, Ю-ს იუ-თი გადმოცემის შემთხვევებიც და უ-თი გადმოცემის შემთხვევებიც (ლიუბიმოვი და ლუბომივი, დობროლიუბოვი და დობროლუბოვი…).

განასხვავებენ საზოგადო სიტყვების მართლწერას და გვარებისა და გეოგრაფიული სახელების მართლწერას.

რუსული და რუსულის გზით შემოსული  სიტყვების გადმოცემისას უნდა გავითვალისწინოთ „მასპინძელი“ ენის ფონეტიკური თავისებურებები. ამ მხრივ კი აღსანიშნავია, რომ ქართული ლ არც მაგარ რუსულ Л-ს უდრის და არც რბილს, ჩვენი ლ თავისი სილბოთი უფრო ახლოს დგას გერმანულთან და იტალიურთან. ლია და ლიუ ჯგუფების შემცველი ხმოვანი კი კიდევ უფრო არბილებს მას და შესაბამისად  – სრულიად ზედმეტი ხდება.

წესი: LA და LU ჯგუფები ქართულად ლა და ლუ კომპლექსებით უნდა გადმოიცეს.

აქედან გამომდინარე, სწორია:

ტრანსლაცია

ეგზემპლარი

სპეკულანტი

აკუმულატორი

პლაჟი

პლუსი

ვალუტა

მოლუსკი

პოლუსი

რაც შეეხება რუსულ გვარებსა და გეოგრაფიულ სახელებს, რომლებშიც Ю/Я  Л თანხმოვანს მოსდევს. მათი გამოთქმისა ან დაწერის დროს ვითვალისწინებთ რუსული ენის წარმოთქმის თავისებურებას და სიტყვებს ქართულად ლიუ და ლია კომპლექსებით გადმოვცემთ.

სწორია:

შალიაპინი

ულიანოვი

ლიუბიმოვი

დობროლიუბოვი

ლიუდმილა

ლიუბლიანა

იასნაია-პოლიანა

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური