GE

იყო თუ არა უცხოურ ენაში რთული ვარიანტი და როდის გამოქვეყნდება საგნის სტატისტიკური ანალიზი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უცხოური ენის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონაცემებს, თუ რომელ დავალებაში რა ქულა მიიღეს და საერთო ჯამში რამდენი ქულა დააგროვეს. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები, რამდენმა აპლიკანტმა შეძლო უცხოური ენის გამოცდის ზღვარის გადალახვა და რომელი ვარიანტი გამოცხადდა შედარებით რთულ ვარიანტად, ამ დროისთვის უცნობია. როგორც EDU.ARIS.GE-ს უცხოური ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ განუცხადა, სტატისტიკური მონაცემები აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, აპელაციის დასრულების მეორე დღესვე.

– ქალბატონო რუსუდან, რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი უკვე ცნობილია, უცხოური ენის გამოცდის კი მხოლოდ აპელაციის შემდეგ გახდება საჯარო?

-დავიწყებ იმით, რომ უცხოური ენის გამოცდის სტატისტიკური ანალიზი, ყოველწლიურად, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ ქვეყნდება. სწორედ აპელაცის პროცესის დასრულების შემდეგ გვეცოდინება, რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი და რამდენმა მიიღო უმაღლესი ქულა. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს ეს მონაცემები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს მიზეზი. ეს უშუალოდ მე არ მეხება, ადმინისტრაციის პრეროგატივაა და მათ უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი. თუმცა, ზოგადი უნარების სტატისტიკური მონაცემები, აპელაციის შედეგად არ იცვლება, რადგან იქ დავალებები კომპიუტერით სწორდება და ყველა კითხვა დახურულბოლოიანია. ჩვენთან, ძირითადად, აპელაციაზე ღია დავალებების ქულები შემოაქვთ. ეს არის ძირითადად წერილი და ესე. ჩვენ შემთხვევაში აპელაცია სტატისტიკურ  სურათს გარკვეულწილად მაინც ცვლის.

-აბიტურიენტების ერთ–ერთი მთავარი კითხვაა, რომელი ვარიანტი იყო ინგლისურ ენაში შედარებით რთული და რომელ ვარიანტზე დაიწევს ამის გამო გამსვლელი ქულა?

–დიდი განსხვავება ვარიანტებს შორის არ გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ წელსაც, როგორც შარშან გამორჩეულად რთული ვარიანტი არ გვექნება. წელს იყო პირველი შემთხვევა, რომ ინგლისურში 4 ვარიანტი იყო სამის ნაცვლად, ხოლო რუსულში ერთის ნაცვლად ორი. წელს სულ რვა ეროვნული ტესტი გვქონდა: ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული. ძალიან ვღელავდით, გვინდოდა, რომ ერთნაირი სირთულის ყოფილიყო და ჰიპოტეტურ ანალიზს თუ გავაკეთებთ, ძალიან დაშორებული სირთულის დონის მიხედვით ერთმანეთისგან არ არის. პირიქით, გასაოცრად ახლოსაა.

-რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ წელს აბიტურიენტებს ყველაზე მეტად?

-ტრადიციულად უჭირთ ესეს დაწერა და უჭირთ გრამატიკის მერვე სავარჯიშო. აქ გრამატიკული წესების კარგად ცოდნა და გულდასმით მეცადინეობაა საჭირო. წერა მარტივი უნარი ნამდვილად არ არის, თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს თემაში ბრწყინვალე ნაწერები იყო. ეს არ იყოს სისტემურად ძალიან კარგი თემები, თუმცა, ნამდვილად იყო გარკვეული პროცენტი გამორჩეულად კარგი. გამსწორებლებიც გახარებული ვიყავით, რომ წერის უნარი აბიტურიენტებში ყოველწლიურად უმჯობესდება და წელს გამორჩეულად კარგი ესეები იყო.

–როგორც ცნობილია, შედარებით გართულებული იყო წელს მოსმენის დავალება, როგორ გაართვეს აბიტურიენტებმა თავი?

–მოსმენის ნაწილში დავალებები არ დაგვიმატებია, თუმცა, ოდნავ ნამდვილად გავართულეთ. გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს, რომ ვეკითხებოდით – როგორ დაწერეს, გვპასუხობდნენ, რომ არ იყო რთული. ეს სუბიექტური შეფასებაა და ხანდახან ანალიზის შედეგებს არ ემთხვევა. თუმცა, წლევანდელი თაობა ინტერნეტით, სხვადასხვა ინგლისურენოვანი ფილების ყურებით თუ ა.შ მოსმენის უნარი ნამდვილად განვითარებული აქვთ და პრინციპში, ეს დავალება გლობალურად არ უჭირთ.

–თქვენი დაკვირვებით, წლიდან–წლამდე აუმჯობესებენ თუ არა უცხოური ენის ცოდნას?

–ნამდვილად შემიძლია ვთქვა და შეგიძლიათ ჩათვალოთ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებად თუ ანალიზის პასუხად, რომ ინგლისურ ენაში სულ უფრო უკეთესი თაობა მოდის და უკეთესი ნაწერებიც გვხვდება. ჩვენ ვცდილობთ, ტესტი არ გავართულოთ და ის ეროვნული სასწავლო გეგმის ჩარჩოში ჯდება. იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ტესტს უკეთესად აკეთებს, იზრდება.

-რას გვეტყვით რუსული ენის ტესტზე, როგორ შედეგებს უნდა ველოდოთ?

–რუსულში წელს ერთის ნაცვლად, ორი ვარიანტი გვქონდა. ალბათ, პარადოქსია, რომ რუსულ ენაში იწერება ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ქულა. წელსაც ძალიან ბევრი კარგი ნაშრომი შეგვხვდა და ძალიან ბევრი – ძალიან ცუდი. როგორც წესი, რუსულს ირჩევენ ისინი, ვისი მშობლირი ენაც რუსულია ან ის აბიტურიენტები, რომლებმაც არც ერთი ენა არ იციან და ფიქრობენ, რომ რუსული შედარებით გამოუვათ.

-როგორია ფრანგული და გერმანული ენის გამოცდის შედეგები?

–როგორც წესი, ფრანგულ ენას ძალიან ცოტა აბიტურიენტი ირჩევს და ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით ფრანგულში უმაღლესი ქულა არ დაწერილა, გერმანულში კი იწერება.

–რა სიახლეებს უნდა ელოდონ აბიტურიენტები მომავალი წლის უცხოური ენის გამოცდაზე?

-მომავალ წელს უცხოურ ენაშიც ის სიახლე იქნება, რაც იქნება ყველა სხვა საგნისთვის – გაუმჯობესდება ელექტრონული ფორმატი.

ზოგად უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა – გამოცდები 2016

„2017 წელს აბიტურიენტებს კიდევ შევთავაზებთ სიახლეებს“ – მაია მიმინოშვილი ეროვნულ გამოცდებს აჯამებს

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური