GE

ჟარგონი, ვითარცა ლიტერატურა

ავტორი: გიორგი გოგუა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართულად უფრო და უფრო მეტი თანამედროვე ევროპელი და ამერიკელი ავტორი ითარგმნება. მათი დიდი ნაწილი ტექსტებში ე. წ. „არანორმატიულ ლექსიკას“ ან სლენგს, იმავე, ჟარგონს, საკმაოდ ხშირად იყენებს. თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებებშიც უფრო და უფრო ხშირად შეგხვდებათ გადმოცემის მსგავსი ხერხები. ხშირად ეს ტექსტები საზოგადოების კრიტიკის საგანი ხდება. როგორც რედაქტორების, მთარგმნელებისა და მწერლების ნაწილი აღნიშნავს, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველი მკითხველი ასეთ „არანორმატიულ“ ლიტერატურას შეუჩვეველია. რამდენად საჭიროა სლენგი და სკაბრეზი ლიტერატურაში და, ზოგადად, ყოველდღიურ მეტყველებაში?

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ლიტერატურაში, ბუკერის პრემია, წელს იამაიკელ მწერალს, მარლონ ჯეიმსს, ერგო. „შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია“ -ასე ჰქვია წიგნს, სადაც შვიდი გამოგონილი მთხრობელი 1970-იან წლებშ იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში ბობ მარლის მოკვლის მცდელობის შესახებ ჰყვება.

საქართველოში ამ ნოველის შესახებ ცოტამ თუ იცის. ეს წიგნი ქართულად ჯერ არ თარგმნილა და თუ ინგლისურ ენაზე წაკითხვა გინდათ, სხვადასხვა ლიტერატურულ ვებგვერდზე იპოვით. სწორედ ასე გადააწყდა რეჟისორი დათო გურგენიძე „შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორიას“.

„ბოლომდე წავიკითხე. ძალიან მიყვარს სამოცდაათიანი წლების პანკ წიგნები. რაღაც ეგეთი დასაწყისი ჰქონდა. ყველაფერი სულ გეტოებიდან მოდის, ძალიან სოციალურია, ძალიან შავია…“

წიგნის სიშავეზე, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმძიმეზე საუბრობენ კრიტიკოსებიც. ცოტა ხნით ადრე, სანამ მარლონ ჯეიმსი ბუკერის პრემიის 2016 წლის გამარჯვებული გახდებოდა, მის ნოველაზე ჟურნალ „ლონდონ თაიმსის“ ლიტერატურის რედაქტორმა რობი მილენმა ისაუბრა. ასე თქვა, „მაინცდამაინც ბევრ ხუმრობას ვერ გადააწყდებითო“, და დაამატა, „წიგნში აშკარად ბევრი ძალადობააო“. იამაიკის დედაქალაქში, კინგსტონში, 70-იანი წლები ნამდვილად არ იყო მშვიდობიანი და ვერც მარლონ ჯეიმსის შვიდი გამოგონილი მთხრობელი, მათ შორის, მუსიკის ჟურნალისტი, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტი და ბობ მარლის ყოფილი საყვარელი მოჰყვებოდნენ ამ ამბავს რბილი, შელამაზებული ენით. ვერც ბუკერის პრემიის ის ლაურეატები, რომელთა თხრობის სტილი და წიგნებში აღწერილი ამბებიც საკმაოდ დაძაბულია. გავიხსენოთ თუნდაც ჯონ მაქსველ კუდზეეს „სირცხვილი“, ჯონ ბენვილის „ზღვა“ ან პეტერ კერის „ძარცვა“.

1E90802E-12B1-4FD2-9BAE-F52C10678D9A_cx0_cy9_cw0_mw1024_s_n_r1სამივე ეს წიგნი ქართულად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ითარგმნა და მათ აერთიანებს ე.წ. „არანორმატიული“, ქართველი მკითხველისათვის შეუჩვეველი, ლექსიკა ბევრი სლენგით, გინებითა და სექსით. რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, რომელსაც სხვადასხვა დროს ბევრ გამომცემლობაში უმუშავია, იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც წიგნებში სიტყვები იფილტრებოდა:

„ავტორი თუ მთარგმნელი თვითონ იკრძალავდა, რომ რამე სკაბრეზული გამოთქმა გამოეყენებინა. ამას რუსულად ეწოდებოდა непечатное слово, ანუ სიტყვა, რომლის დაწერაც თავისთავად იყო აკრძალული“.

მსგავს, სკაბრეზისა და სლენგისგან დაცლილ სტილს „თავანკარა ქართულს“ უწოდებს ჰომეროსის ილიადასა და არისტოფანეს ქართული თარგმანების ავტორი ლევან ბერძენიშვილი. ის მიიჩნევს, რომ საბჭოთა ეპოქის გავლენა, როდესაც წიგნები სწორედ ასეთი, „დაუბინძურებელი“ ენით ითარგმნებოდა ლიტერატურაში, მართალია, ნაკლებად, მაგრამ დღემდე მაინც იგრძნობა, თუმცა სწორედ ახლაა გარდამავალი პერიოდი:

get_img„ენა გახდა უფრო მოურიდებელი. მთარგმნელები გახდნენ უფრო თამამები და მკითხველები გახდნენ უფრო ამტანები. ხუთი წლის წინაც კი შეუძლებელი იყო რაღაცები, რაც შესაძლებელია დღეს“, – ლევან ბერძენიშვილი

სლენგი, ანუ ჟარგონი, ყოველწლიურად იცვლებაო, ამბობს ლევან ბერძენიშვილი და მთარგმნელის მთავარ ამოცანად მიიჩნევს წიგნზე მუშაობისას ისეთი სიტყვები შეარჩიოს, რომლებიც მკითხველისათვის ყველაზე გასაგები იქნება:

„ჩემი თაობის ადამიანისთვის სლენგი სხვა იყო და დღეს მე რომ იმ ენაზე ვილაპარაკო, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. დღეს არ ესმით ისეთი სიტყვები, როგორებიცაა, მაგალითად, „წიწკვი“, „ნაშა“, „ხატა“, „ხავერა“ და ა.შ. სამაგიეროდ, დღეს შეიძლება ისეთი სიტყვები შემოვიდეს, რომელიც ძველი თაობის ხალხს არ ესმის“.

ქართული ჟარგონის სახალისო ლექსიკონში, რომელიც ინტ ერნეტით გაავრცელა ანონიმმა ავტორმა, სიტყვა „ხავერა“ ასე განიმარტება:

„სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული“.

ასეთსავე სტილში, თანამედროვე სლენგისა და სულხან-საბასეული ენის შერევით აღწერს ავტორი სიტყვა „ხატას“ მნიშვნელობასაც:

„ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა, ხავერასა და ხატასა, უწესო მოღუაწებისათჳს ჰქონობენ ხოლმე“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ეს სიტყვები ქართულ ჟარგონულ მეტყველებაში ხშირად გამოიყენებოდა, არც ერთი მათგანი ქართულიდან წამოსული არ არის. მწერალი ზაზა კოშკაძე ზოგადად ქართული სლენგის სიმწირეზე ლაპარაკობს:

1D5E73C8-CF05-4A37-9C35-A88C920EF8B1_mw1024_s_n„ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს იმდენად არ იგრძნობა, მაგრამ როდესაც რაღაცის გადმოთარგმნას იწყებ, შეიძლება, ვთქვათ, სიტყვა „მაყუთი“ გაგახსენდეს, მაგრამ ბევრ რამეზე არ გვაქვს შესაბამისი ტერმინები“, – ზაზა კოშკაძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ის საუბრობს, მკითხველისა და კრიტიკოსების დამოკიდებულებაა. ზაზა კოშკაძე იხსენებს მის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს, როდესაც პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა, რომლებიც სლენგითა და არანორმატიული ლექსიკით იყო დატვირთული:

„პრობლემა ის კი არ იყო, რას ვამბობდი. სიუჟეტი, მესიჯი… უფრო დიდი პრობლემა იყო ხოლმე ენა. მწერდნენ, „რას უშვები ქართულ ენას და ლიტერატურასო“. ლიტერატურა უნდა ჰგავდეს ადამიანების ცხოვრებას, უნდა ვითარდებოდეს. ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძე არ წერდა ჰაგიოგრაფიის ენით, ჩვენც არ უნდა ვწეროთ, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის ან შემდგომი თაობის ენით“.

კიდევ ერთი პოეტი, ვისი შემოქმედებაც არაერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკის საგანი, პაატა შამუგიაა. ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის გამარჯვებული მიიჩნევს, რომ ყველა სახის ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, სლენგს ან არანორმატიულ ლექსიკას ვერ გამოიყენებ, თუმცა თუ ავტორი სოციალურ რეალობას აღწერს, ის ვალდებულიც კია მიმართოს იმ ენას, რა ენაზეც ადამიანები ყოველდღიურად ეკონტაქტებიან ერთმანეთს:

maxresdefault„კარგად და ადეკვატურად გამოყენებული სლენგი კარგია, ცუდად გამოყენებული, შესაბამისად, – ცუდი. მაგრამ ზოგჯერ კონსერვატორ ენათმეცნიერთა შორის არის ტენდეცია, რომ სლენგი ცუდია, ენას დაღუპავს, წაბილწავს… რაც კატეგორიულად მიუღებელია. ცუდი სიტყვები არ არსებობს, არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ლექსიკოგრაფიული ერთეულების“.

რედაქტორი ანა ჭაბაშვილი ამბობს, უფროსი თაობის ლიტერატორთა მხრიდან ენისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი სწორედ ძველი გამოცდილებაა, როდესაც არსებობდა „დაუწერელი სიტყვები“; „იმ ტაბუს გამო, რაც შიგნით ენაშივე არსებობს, როგორც ქუჩაში არ გვსიამოვნებს გინების მოსმენა, ისევე ვერ ვეგუებით მსგავსი ლექსიკის დაბეჭდილი სახით დანახვასო“.

„დასაკარგი ნამდვილად არაა, იმიტომ რომ ეს ენაში არის. უბრალოდ, ქართველის ცნობიერებაში ეს იმთავითვე ტაბუირებული იყო. ადამიანი თავის თავს არ აძლევდა უფლებას, რომ ეს დაეწერა ან დაებეჭდა“.

არანორმატიული ლექსიკისა და სლენგისადმი საზოგადოების ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სურათი ნელ-ნელა იცვლება. ბოლო წლების განმავლობაში ქართულად ითარგმნა და გამოიცა ისეთი ავტორები, რომელთა გადმოქართულებულ შემოქმედებასაც 90-იან წლებამდე იშვიათად შეხვდებოდით. მაგალითად, თანამედროვე ფრანგი ავტორი მიშელ უელბეკი, რომელიც საკმაოდ თამამი თხრობის სტილით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი ნაწარმოები, „პლატფორმა“, რომელიც ქართულად 2009 წელს გამოიცა, ირმა ტაველიძემ თარგმნა და, როგორც ამბობს, ეს საკმაოდ რთული საქმე იყო:

5F0A3AF6-71B5-4D02-B335-C2410028EC41_mw1024_s_n„რაც ძალიან ბუნებრივია სხვა ენაზე, ხანდახან ძალიან უხამსი გამოთქმები ქართულად ცუდად, დედის გინებასავით ისმის და არასწორი მიმართულებით მიჰყავს მკითხველი. ანუ სხვა, ორიგინალისგან განსხვავებულ, ასოციაციებს იწვევს – ნეგატიური დატვირთვა აქვს“, – ირმა ტაველიძე.

მისი აზრით, თუნდაც უელბეკის შემთხვევაში ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ ეს არანორმატიული ლექსიკა რომ იყოს“, ავტორი საინტერესო არ იქნებოდა. მთარგმნელი თავის ნამუშევარს დღეს საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ საერთოდ არ მოსწონს როგორი ფორმით გადმოდის სხვადასხვა ენიდან სლენგი ქართულ ენაში – მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ენა ამ მხრივ საკმაოდ ღარიბიაო, ამბობს ირმა ტაველიძე. – შესაბამისად, როგორც ავტორებს, ასევე მთარგმნელებს, უწევთ მძიმე მუშაობა სხვადასხვა ტექსტისთვის შესაბამისი სიტყვების შესარჩევად.

წყარო: radiotavisupleba

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური