GE

კანონს ამოფარებული უნივერსიტეტები და „კეთილი ნების“ ამარა დარჩენილი შშმ სტუდენტები

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსაც და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შშმ პირებზე ზრუნვაზე,  ფუნდამენტური განათლების  უფლების მიცემასა და ამისათვის სათანადო გარემოს შექმნაზე  საკმაოდ ბევრი ვალდებულება აქვთ აღებული, რეალური სურათი მაინც არასაიმედოა – შშმ პირების უფლებადამცველ უნივერსიტეტში ეტლით მოსარგებლე გოგონამ მოუწყობელი გარემოს გამო ორივე ფეხი მოიტეხა.

უნივერსიტეტს ამაზე რეაგირება მანამ არ მოუხდენია, სანამ თემით EDU.ARIS.GE არ დაინტერესდა. ამ შემთხვევაშიც კი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობა მხოლოდ „facebook“-ის პოსტით შემოიფარგლა. დაზარალებულ სტუდენტთან კი მათ სხვა სახის კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონიათ. უნივერსიტეტის პოზიცია ასეთია – ისინი იმას აკეთებენ, რასაც კანონი სთხოვთ. უკეთესი პირობების შესაქმნელად კი ჯერ კანონის გამკაცრებაზე  უნდა ვიზრუნოთ.

მარიკო კობახიძე  ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (გაუ)  საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზეა.  უნივერსიტეტში ჩაბარების პირველივე დღიდან ადმინისტრაციასთან გარემო პირობების გაუმჯობესების საკითხის მოგვარებას ცდილობს.

download (2)იმისათვის, რომ მარიკო უნივერსიტეტში მოხვდეს, უნივერსიტეტის არა მთავარი, არამედ გვერდითა შესასვლელით უნდა ისარგებლოს, რადგან პანდუსი მხოლოდ იქაა, თუმცა ეს მაინც დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან შესასვლელთან კერძო  კომპანია მშენებლობას აწარმოებს და, შესაბამისად, უნივერსიტეტში მისულ მარიკოს იქაურობა მუდმივად სამშენებლო მასალით, ნარჩენებითა და ტექნიკით ჩახერგილი და ლენტებით გადაკეტილი ხვდება.

,,ანუ, შესასვლელი, რომელიც წესით ეტლით მოსარგებლეთათვის იყო კანკუთვნილი, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი და მუდმივად მოუწესრიგებელი იყო. ლოგიკურად მებადებოდა კითხვა – თუ ლენტებია გაბმული, ნიშნავს, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე გავლა და ჩემი ლექციაზე შესვლა სახიფათო იყო“, – ამბობს მარიკო.

ამ ყველაფერს კი ტერიტორიის ცუდი განათება ემატება. იმის გამო, რომ მარიკოს ლექციები მუდმივად საღამოს აქვს, ეს საკითხიც მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ჩემში ღიმილს იწვევდა ის ფაქტი, რომ ასეთი სახელის მქონე უნივერსიტეტს ეკონომ-განათება აქვს. ეს კი ნორმალური ხილვადობისათვის საკმარისი არაა“, – დასძენს იგი.

მარიკოს თქმით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არაერთხელ ესაუბრა, არაერთხელ მოითხოვა შესასვლელი მოეწესრიგებინათ, თუმცა ამაოდ.

4 ნოემბერსაც, შემთხვევის დღეს, მარიკოს პანდუსამდე მისასვლელი გზა ლენტებით გადაკეტილი დახვდა.

„ტაქსიდან გადმოსვლისას მშენებლობაზე მომუშავე კაცს ვკითხე თუ რისთვის გააბეს ლენტები. მან მიპასუხა, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა საშიში იყო. არადა სხვანაირად შენობაში ვერ მოვხდებოდი. ვუთხარი, რომ მოეხსნათ ლენტა, რათა გამევლო, მაგრამ არ მოხსნა და მითხრა „როგორმე გაივლი“-ო. დედაჩემის დახმარებით იმ ლენტებში როგორღაც გავძვერი.

ამის შესახებ ადმინისტრაციასაც ვაცნობე და ვთხოვე, რომ ეს საკითხი განეხილათ. სამშენებლო კომპანიასთან პრეტენზია ვერ მექნებოდა, რადგან მე სტუდენტი ვარ და სამართლებრივ ურთიერთობაში გაუ-სთან ვიმყოფები და სწორედ ის იყო ვალდებული ჩემთვის სათანადო პირობები შეექმნა, რათა უნივერსიტეტთან მიმავალი გზა ასეთი სახიფათო არ ყოფილიყო. ვითხოვე, რომ მშენებლობის მწარმოებელ კომპანიასთან შეთანხმებულიყვნენ და ეს გზა რამენაირად მოეწესრიგებინათ. მიპასუხეს, რომ უნივერსტეტის დაცვის წევრი მშენებლობის დაცვის წევრს დაელაპარაკებოდა ლენტებს „მეგობრულად“ მოხსნიდნენ.

არავის თანამდებობას არ ვაკნინებ, მაგრამ აქ გადაწყვეტილება უფრო სერიოზულ დონეზე უნდა მიღებულიყო და თანაც, მთავარი ლენტის მოხსნა კი არა გზის მოწესრიგება იყო. შედეგმაც არ დააყოვნა.

download (1)იმავე საღამოს, დაახლოებით 9 საათისათვის  ლექციიდან რომ გამოვედი, ლენტები ისეც გაბმული დამხვდა. როგორღაც გავძვერი და ტაქსამდე მივედი. ტაქსიში ჩასაჯდომად დედაჩემმა ხელში ამიყვანა, რა დროსაც სამშენებლო ნარჩენებს წამოედო და ორივე წავიქეცით. დედაჩემი არ დაშავებულა მე კი ორივე ფეხი მოვიტეხე. ორივე მუხლს ზემოთ მაქვს მოტეხილი. იმან გადამარჩინა, რომ მანქანის კარი ღია იყო და თავი მას დავარტყი. დაკეტილი რომ ყოფილიყო, თავს  პირდაპირ იმ სამშენებლო ნარჩენებს, გამხმარ ცემენტს დავარტყამდი და ალბათ ბევრად უარესი შედეგით დასრულდებოდა“, – ყვება მარიკო.

შედეგად, უკვე ერთი თვეა მას წოლითი რეჟიმი აქვს, ორივე ფეხი თავიდან ბოლომდე თაბაშირშია. ჯდომაც კი არ შეუძლია.  შესაბამისად, მას ჩვეული ცხოვრების წესზე უარის თქმა მოუწია. ვეღარც სწავლობს და ვეღარც მუშაობს. წოლა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე მოუწევს.

ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტიდან არანაირი ყურადღება არ გამოუხატავთ. არც კი მოუკითხავს ვინმეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამბავი  გაიგეს.

„იმავე საღამოს გაიგეს, რადგან ორი სასწრაფო იყო მოსული და ტკივილისაგან მთელ ხმაზე ვკიოდი. დაცვაც იქვე იყო. მეც არავისთვის მომითხოვია პასუხი“, – ამბობს მარიკო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარიკო მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან არსებული პრობლემების მოგვარებას. მისთვის შეურაცხმყოფელია ისიც, რომ იძულებულია სხვა სტუდენტებისაგან განსხვავებული, ცალკე შესასვლელით ისარგებლოს.

„მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ „ჯანმრთელები“ მთავარი კარიდან შედიოდნენ, „ავადმყოფები“ კი გვერდიდან უნდა შევსულიყავით. ამის შემსახებ ჩემ დეკანსაც ვესაუბრე, მაგრამ მან პასუხიც კი არ გამაგებინა, საერთოდ ფიქრობდნენ თუ არა რაიმეს შეცვლაზე“, – დასძენს იგი.

ამ დროს კი, მარიკოს თქმით, პანდუსის დამონტაჟება ტექნიკურად მთავარ შესასვლელშიც შესაძლებელი იყო. თუნდაც მობილური პანდუსის გამოყენებით.

რაც შეეხება შენობის შიგნით გადაადგილებას, მარიკო ამბობს, რომ  ლექციები პირველ სართულზე ტარდება, ამიტომ მისვლა არასოდეს გასჭირვებია, თუმცა  სასადილოში მოხვედრა მისთვის პრობლემაა, რადგან ამისათვის ლიფტი სჭირდება. ლიფტი კი, რაოდენ გასაკვრიც არ უნდა იყოს, გასაღებით იხსნება.

„ადმინისტრაციამ გასაღები მომცა, მაგრამ ლიფტზე საკეტი იმდენად მაღლაა, რომ ეტლში მჯდომი ადამიანი მას ვერანაირად ვერ მიწვდება. ანუ, სხვისი დახმარების გარეშე ლიფტითაც ვერ ვსარგებლობ. ამისათვის ან დაცვას უნდა დავუძახო, რაც ასევე პრობლემაა ჩემთვის, ან ჯგუფელებს ვთხოვო დახმარება“, – ამბობს იგი.

მარიკო მომხდარის ასე დატოვებას არ აპირებს. გეგმავს, რომ გამომჯობინების შემდეგ გაასაჩივროს. იმედოვნებს, რომ ყველაფერი მოლაპარაკების დონეზე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარჩელის სასამართლოში შეტანას აპირებს.

მისი მოთხოვნა კი პირველ რიგში ისაა, რომ უნივერსიტეტმა ახლა მაინც მოაწესრიგოს გარემო, რათა იგივე სხვასაც არ შეემთხვას. რაც შეეხება ფინანსურ კომპენსაციას, მარიკო ამბობს, რომ დაიტერესება არ აქვს და თუკი ამას მაინც მოითხოვს, თანხა სიმბოლური იქნება.

რა თქმა უნდა, შევეცადეთ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი თავად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისაგანაც მოგვესმინა.

თავდაპირველად, პიარ-სამსახურის უფროსი ეკატერინე ტოგონიძე EDU.ARIS.GE-ს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობდა. იძულებული გავხდით მისი თანაშემწისათვის მიგვემართა, რომელმაც გვირჩია ტოგონიძისათვის კითხვები მეილის საშუალებით გაგვეგზავნა. ამასობაში კი ტოგონიძემ „facebook“-ის საკუთარ გვერდზე თემასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ჩვენც მოგვწერა, რომ აღნიშნული პოსტით გვესარგებლა.

იგი წერს, რომ მარიკოს შემთხვევის შესახებ მხოლოდ გუშინ (მომხდარიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ) შეიტყო და ისიც სოციალური ქსელის მეშვეობით. იმასთან დაკავშირებით, რომ მარიკომ იგი საქმის კურსში არ ჩააყენა, ტოგონიძე გულისწყვეტას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ მარიკოს პირადადაც კარგად იცნობს და დახმარებასაც ხშირად სთავაზობდა.

„რაც შეეხება ჩემს ოფიციალურ პოზიციას, რადგან მე ვარ გაუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თავს ვალდებულად მივიჩნევ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაუ აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს. ძალიან ვწუხვარ, თუ ეს სტანდარტი ვერ ასახავს იმ რეალურ საჭიროებას, რაც ეტლით მოსარგებლე თუ სხვა შშმ პირებს აქვთ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიცოდი ამ ფაქტის დეტალები. ინციდენტი მოხდა გაუ-ს ტერიტორიის გარეთ, სადაც, სამწუხაროდ ვერ ვრცელდება ჩვენი უფლება-მოსილება. ამის მიუხედავად გაუ-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად აწარმოებენ მიმდინარე მშენელობის პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკებას, რომ გასუფთავდეს მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან და არავის შეეშალოს ხელი გადაადგილებაში. ლენტი კი, რომელიც გაუ-ს მთელ პერიმეტრზეა გაბმული, არა საფრთხის სიგნალია, არამედ ემსახურება იმას, რომ მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმა მანქანები არ დააყენონ  და შენობის მისადგომი არ გადაკეტონ. ეზოში განათების დამატება, რა თქმა უნდა შესაძლებელია… ეს, ვფიქრობ, არც არის საჯაროდ გასარჩევი თემები და პირადი ჩართულობით იოლად გვარდება“, – წერს ტოგონიძე.

იმავე პოსტში ტოგონიძე კიდევ ერთხელ დასძენს, რომ საკითხი, შშმ პირთათვის უკეთესი პირობების მოსაგვარებლად სახელმწიფოს წინაშე უნდა იქნას დაყენებული.

„ამ პრობლემებს, პირველ რიგში, კანონი არეგულირებს და ორგანიზაციების შესაძლებლობის, გემოვნების, კეთილი ნების, ქველმოქმედების თუ სოციალურ პასუხისმგებლობის ამარა ყოფნა საკმარისი არ არის. ყველა ამ სფეროში მომუშავე ადამიანს ეს კარგად უნდა გვესმოდეს, მითუმეტეს, სამართლის სფეროს წარმომადგენლებს,“ – აღნიშნავს ტოგონიძე.

გამოდის, უნივერსიტეტი აღიარებს, რომ გარემო შშმ პირთათვის შესაბამისი არ არის, თუმცა ამას კანონს აბრალებს და აცხადებს, რომ სანამ კანონი არ აიძულებს, კეთილი ნების საფუძველზე ვერაფერს გააუმჯობესებს.

ეს იმ დროს, როცა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს აქვს ამბიცია, რომ  შშმ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალიან ბერს აკეთებს. ამ თემაზე არაერთი ღონისძიება აქვს გამართული და თან მის ვებ გვერდზე ვკითხულობთ „ჩვენ მუდამ ვცდილობთ  გავითვალისწინოთ სტუდენტის ინტერესები და შევუქმნათ მას სწავლისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო.“

იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვოს, გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ამის შესახებ ჩანაწერი ავტორიზაციის დებულებაშია. ერთ-ერთი მოთხოვნა კი სწორედ ისაა, რომ მას სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის ადაპრიტებული გარემო უნდა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებას უნდა გააჩნდეს პანდუსი, ლიფტი, ან სასწავლო პროცესი ისე მოაწყოს, რომ სტუდენტს პრობლემა არ შეექმნას.

ტექნიკური პარამეტრები იმისა, თუ როგორი დახრილობის უნდა იყოს პანდუსი, როგორ უნდა იყოს ადაპტირებული სველი წერტილი და ა.შ. ამის მთავრობის დადგენილებაშია გაწერილი.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ პროგრამაზე სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტი ჩაირიცხება, დაწესებულება ვალდებულია, მას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეუდგინოს. ეს კი უმაღლესი განათლების აბსოლუტურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. მაგალითად, მხედველობის პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის სასწავლო ლიტერატურის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვას და ა.შ.

ამ ყველაფრის მონიტორინგი, სწორედ,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. სწორედ მას ევალება შეამოწმოს თუ რამდენად ეფექტურად სარგებლობს სტუდენტი მოწყობილი ინფრასტრუქტურით.

მარიკოს შემთხვევის მოსმენის შემდეგ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი  ამბობს, რომ ცენტრი რეაგირებას აუცილებლად მოახდენდა მას განცხადებით რომ მიემართა.

„თუკი ადმინისტრაციასთან ვერ მოახერხა ამ საკითხის მოგვარება, მოგვმართოს და შესაბამის ღონისძიებებს აუცილებლად გავატარებთ. აქამდე რომ მოემართა რეაგირება აუცილებლად გვექნებოდა. ასე არაერთხელ მოვქცეულვართ“, – ამბობს იგი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი უნივერსიტეტი შშმ პირთათვის ცალკე შესასვლელს გამოყოფს და ამით მათ სხვა სტუდენტებისაგან გამოარჩევს, მარგიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი სტანდარტი ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს. ანუ, უნივერსიტეტს არავინ ავალდებულებს, რომ შშმ სტუდენტი სხვებისაგან განსხვავებულ  მდგომარეობაში არ ჩააყენოს და მას ისევე მოექცეს, როგორც ყველა დანარჩენს.

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური