GE

კერძო სკოლები მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემაში ჩართვას გეგმავენ

ნუგზარ ზოსიძე შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის კერძო სკოლის სასწავლო ნაწილია. თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალურად კერძო სკოლების დირექტორებისთვის გამართული შეხვედრისთვის ჩამოვიდა.

შეხვედრის მიზანი კი კერძო სკოლების 300-მდე დირექტორისთვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახლადდამტკიცებული სქემის გაცნობა იყო.

როგორც ზოსიძე  Aaris.ge-განათლებასთან  საუბარში ამბობს მინისტრთან კითხვები მას პირადადაც ჰქონდა და პედაგოგებმაც დაავალეს.

”ახალ სქემას უკვე გაცნობილი ვარ. კითხვებს ბადებდა სერტიფიცირების საკითხი. მაინტერესებდა, პედაგოგი, რომელსაც საგნობრივი გამოცდა ჩასაბარებელი აქვს შეძლებს თუ არა ამ ზაფხულის განმავლობაში გამოცდის ჩაბარებას და მასწავლებლის მეორე კატეგორიის სტატუსის მოპოვებას?! ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მივიღე. რაც შეეხება ჩემს მეორე კითხვას, პროფესიული უნარების ჩაბარებასთან დაკავშირებით, მინისტრმა განმიმარტა, რომ ამ გამოცდის გავლა შესაძლებელი არ იქნება და კრედიტ ქულები სხვა აქტივობებით უნდა დაგროვდეს”- განაცხადა ნუგზარ ზოსიძემ.

ზოსიძის, მსგავსად  განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას საქართველოში მოქმედი 246 კერძო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ძირითადი სიახლე რაც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა იმაში მდგომარეობს, რომ, კერძო სკოლის პედაგოგები, საჯაროს მსგავსად, გადამზადებისთვის საჭირო ტრენინგ-კურსებს უფასოდ გაივლიან.

”ძალიან მიხარია, რომ კერძო სკოლის პედაგოგებისთვის სახელწმიფოს შემოთავაზებული ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება. აქამდე ამ ტრენინგების გასავლელად სკოლა ან თვად პედაგოგი იღებდა ხარჯს. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ არ ამბობენ, რომ ეს არის უნივერსალური დოკუმენტი და თუ ხარვეზები გამოვლინდა შეიცვლება კიდეც,”- განაცხადა  Aris.ge-განათლებასთან სერვანეტსის სახელობის სკოლის დირქტორმა რუსუდან ბოლქვაძემ.

რაც შეეხება სქემაზე მიბმულ ხელფასების გაზრდის საკითხს, დირექტორის ინფორმაციით, კერძო სკოლებს სახელმწიფო პედაგოგებისთვის ხელფასების მატებას არ ავალდებულებს.  თუმცა იმ თანხით, რომელიც ტრენინგ კურსებზე აღარ დაიხარჯება წარმატებული პედაგოგები წახალისდებიან.

სქემაში ჩართვას გეგმავს კერძო სკოლა ”მწიგნობართუხუცესიც”. როგორც Aris.ge-განათლებასთან საუბარში სკოლის დირექტორმა დავით კახნიაშვილმა განაცხადა, ახალი სქემა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტია და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად წინ გადადგმული ნაბიჯი.

მიუხედავად იმისა, რომ სქემაში გაწევრიანება კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით სასურველია, რომ სქემაში ყველა სკოლა ჩაერთოს.

”სქემის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ როგორი იქნება კერძო სკოლების ჩართულობა რადგან ვიცით, რომ  პედაგოგი, როგორც საჯაროშ ისე კერძო სკოლაში ერთი და იგივე მიზანს ემსახურება. პედაგოგის პროფესია  რეგულირებადია და  რეგულაციები ყველას ერთიანად  ეხებათ. ზოგადი განათლების ნაწილში ჩვენ ჩავდეთ ის პუნქტი, რომ  ყველა მასწავლებელს ევალება სქემაში ჩართვა.  გარკვეული თავისუფლების ფარგლებში, გვინდა კერძო სკოლებს შევთავაზოთ, რომ  შემოუერთდნენ სქემას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირია პედაგოგთა მობილობა საჯაროდან კერძოში, კერძოდან კი საჯარო სკოლაში. ამიტომაც, პედაგოგები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე სახის შეზღუდვა,”- განაცხადა მინისტრმა.

დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი კერძო სკოლების უმრავლესობა მზადაა სქემას შეუერთდეს.

Aris.ge-განათლების მიერ გამოკითხული დირექტორების მიერ სქემაზე უკმაყოფილება არ გამოთქმულა. თუმცა,  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმ კერძო სკოლების სქემაში გაწევრიანება, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს უცხო ენოვანი პროგრამების ანალოგს სთავაზობენ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური