GE

კითხვის დროს ყველა გმირთან საკუთარი თავის გაიგივებას ახდენ – რას კითხულობს ირაკლი ალასანია

ფოტო –
თიკო ციცვიძე

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ, EDU.ARIS.GE-ს რუბრიკაში „ჩემი წიგნი“ გთავაზობთ პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მოსაზრებას, თუ საიდან უნდა დავიწყოთ წიგნის კითხვა, გონებრივი გაზრდა და განვითარება:

-მზა მითითებას ვერ მისცემ ახალგაზრდებს, მათ უნდა იკითხონ თავისი სურვილისა და შინაგანი განწყობის მიხედვით, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვკითხულობდი წიგნებს. ვფიქრობ, რომ  პირველ რიგში ბავშვმა უნდა წაიკითხოს „ახალი აღთქმა“ და „ვეფხისტყაოსანი“, რადგან სწორედ „ვეფხისტყაოსანი“ იყო ჩემი პირველი წიგნი, რომელსაც 5 წლის ასაკიდან ბაბუაჩემი ყოველ ზაფხულს მიკითხავდა და შემდეგ უკვე მაკითხებდა ხოლმე. ეს არის საბაზისო კლასიკური საგანმანათლებლო წიგნები.

ასევე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე წიგნებმა „მარტოობის ასი წელიწადი“ და თომას მანის „ჯადოსნური მთა“, რომელიც ძალიან საფუძვლიან დასაფიქრებელ მასალას გაძლევს. ქართული ლიტერატურის კლასიკად ქცეული ნაწარმოებიდან ყველა უნდა გქონდეს წაკითხული, რადგან ამას არამხოლოდ ლიტერატურული ღირებულება აქვს, არამედ ისტორიული აღქმის საშუალებასაც გაძლევს. ახლა სამწუხაროდ მხოლოდ პროფესიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას ვკითხულობ.

–წაკითხული წიგნებიდან, რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ თავს?

–როცა წიგნს კითხულობ ყველა გმირთან გარკვეულ სიახლოვესა და საკუთარი თავის გაიგივებას ახდენ. იმიტომ არის წიგნი ასეთი ჯადოსნური რამ, რომ პრაქტიკულად შედიხარ შიგნით და ცხოვრობ იმ გზით, იმ წესით, რომელსაც  მთხრობელი გთავაზობს. არ არსებობს პერსონაჟი, რომელიმესთან რომ არ გააიგივო თავი. მე, ყველა წაკითხულ წიგნთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე ეს განცდა.

ირაკლი ალასანიამ EDU.ARIS.GE-ს თავისი საყვარელი, სამაგიდო და მნიშვნელოვანი წიგნებიდან მხოლოდ ოთხი გაუმხილა, რომელიც მას ბევრჯერ აქვს წაკითხული და ჩვენს მკითხველს რეკომენდაციას უწევს, რომ წაიკითხონ:

  • ახალი აღთქმა
  • შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“
  • გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“
  • თომას მანის „ჯადოსნური მთა“

რუბრიკის სხვა სტუმრები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური