GE

კითხვის საათი და გააზრებული კითხვის აქტივობები

2014 წლის ეროვნული სასწავლო გეგმით დაწყებითი კლასების სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში სავალდებულო გახდა ,,კითხვის საათი”, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში გააზრებული კითხვის უნარების განვითარების ხელშეწყობას.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ გამოიკვეთა პრობლემები. ამიტომ ტექსტის წაკითხვის, წაკითხულის გაგება-გააზრებასა და ზეპირი და წერითი გადმოცემის უნარების დროულად განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მოგეხსენებათ, გააზრებული კითხვის აუცილებელი წინა პირობაა სწრაფი კითხვა. ეს კი მაღალორგანიზებული გონების, კონცენტრირებული ყურადღებისა და გავარჯიშებული მხედველობის თვისებაა. ეს თვისებები ახასიათებდა გენიოსებს. სწრაფი კითხვით აოცებდა თანამედროვეთ ნაპოლეონიც. ის თურმე წუთში – 2000 სიტყვას კითხულობდა.

ზოგი ადამიანი ბავშვობიდანვე ბუტბუტით კითხვას ეჩვევა. სხვადასხვა გარემოებები კითხვის სისწრაფეს წუთში 120-150 სიტყვამდე ზღუდავს და ადგილი აქვს ,,ფონეტიზაციას”. ცნობილია, რომ სმენითი არხის გამტარიანობა, მის მიერ ინფორმაციის მიღება-გადაცემა და გადამუშავება ათი ათასჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მხედველობითი არხის გამტარიანობა. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიტვირთოს ის არხი, რომელიც უფრო პროდუქტიულია.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც დამეხმარა კითხვის დამამუხრუჭებელი უარყოფით ჩვევისგან ბავშვების გადაჩვევაში. მართალია, ბავშვებს პირველ ხანებში უჭირდათ ასე წაკითხული ტექსტის გაგება, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა. მობუტბუტე ბავშვებთან მუშაობა გამიადვილა პირველ ეტაპზე, ,,წყალ-წყალა” ტექსტების კითხვამ, კონკურსების მოწყობამ – ,,ვინ უფრო სწრაფად?”, ,,სიტყვების ამოცნობამ” და სხვა.

გთავაზობთ „კითხვის საათზე” ჩემს მიერ გამოყენებულ აქტივობებს. ეს აქტივობები წაკითხვამდელი, კითხვის დროს და წაკითხვის შემდგომი ეტაპის შესაბამისია.

წაკითხვამდე ჩასატარებელი შემეცნებითი აქტივობის ,,განძის მაძიებლების” ჩემეული ვერსია ასეთია:

შემეცნებითი გასართობი ,,განძის მაძიებლები”

მიზანი:

1.მოტივაციის ამაღლება
2. სწრაფი კითხვის უნარების განვითარება
3. კრიტიკული აზროვნების განვითარება

მსვლელობა

პირველი ეტაპი – კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფიდან ბავშვები ირჩევენ ორ მოსწავლეს, რომლებიც ,,გაემგზავრებიან” განძის საპოვნელად. სამოგზაურო სივრცე საკლასო ოთახია. მასწავლებელი წინასწარ ადგენს ,,სამოგზაურო რუკას”, რომლის მიხედვითაც შესაბამის ,,ტერიტორიაზე” მოათავსებს ბარათებიან კონვერტებს. მასწავლებელი წინასწარ გეგმავს თუ რა შედეგის მომტანი იქნება მოსწავლეებისათვის იმ დღის მოგზაურობა და იმის მიხედვით ამზადებს ბარათებს. ბარათები უნდა იყოს ბავშვებისათვის საინტერესო, უნდა იკითხებოდეს კარგად და უნდა ხდებოდეს ბარათების ხშირი მონაცვლეობა.

მეორე ეტაპი – ბარათების ძებნის პროცესი. გახარებულები, როცა იპოვნიან, ცდილობენ წაიკითხონ ინტონაციით, უპასუხონ კითხვებს და ა.შ. ბარათის მფლობელს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მისივე ჯგუფის წევრები, მხოლოდ მას დააკლდება 1 – ქულა (თითო ბარათი 2 ქულით ფასდება). ჯგუფის წევრები ინიშნავენ განძის მაძიებელთა ქულებს, სწორ პასუხებს აჯილდოებენ ტაშით, ამხნევებენ თავიანთი გუნდის წარმომადგენლებს. ბარათების რაოდენობა მაძიებლების რაოდენობის შესაბამისი უნდა იყოს.
გთავაზობთ ერთ-ერთ ,,მოგზაურობას”.

მონაწილეები ,,სამგზავრო რუკიდან” შეიტყობენ, რომ პირველი ბარათი ,,ცოდნის ხეზეა” მოთავსებული. ვინც მიასწრებს, გახსნის კონვერტს და კითხულობს.

„ჩემო კარგებო” განძის პოვნა გადაწყვიტეთ? ის შორს არ არის, აქვე საკლასო ოთახშია. გელოდებათ რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა, რისთვისაც საჭიროა თქვენი გონებამახვილობა, სისწრაფე და გამარჯვების სურვილი. ახლა კი სწრაფად გაეშურეთ ბუნების ცენტრისაკენ. იქ გაზაფხულის რომელიღაც თვის დღიურის ჯიბაკში დავალებებია. წარმატებებს გისურვებთ!”

(თუ ბარათის მფლობელი გამართულად და სწრაფად ვერ წაიკითხავს, ბარათი II – მონაწილეს გადაეცემა, მას კი 1 – ქულა აკლდება).

მონაწილეები იპოვნიან ბარათს, რომელშიც 3 კითხვაა (აქ კითხვები სამ ,,მოგზაურზეა” გათვალისწინებული).
გამოიცანი:

1.ღამღამობით ცის თაღზე ჩიტებივით სხდებიან,
ციმციმებენ, ნათობენ, ნეტავ ვინ ბრძანდებიან?
2.ანათებს თუ არა მთვარე?
3.რა არის გლობუსი?

( ბარათის მეორე მხარეს მინიშნებაა, თუ სად უნდა ეძებონ შემდეგი ბარათი).

გადალახეთ დაბრკოლება?

შემდეგი დავალება ქართულის ცენტრში გელოდებათ. კარგად მოძებნეთ ,,ფოსტა”, ,,მკითხველთა თეატრის” ფარდები.

ბარათზე შემდეგი დავალებებია
1.რომელია სწორი ფორმა?
I.მე ვუთხარი
II.მე უთხარი
III.ჰქონდა
IV.ქონდა

პასუხის შემდეგ ბარათის II მხარეს მინიშნება, რითაც მაძიებლები ხვდებიან, რომ შემდეგი დაბრკოლება მათემატიკის ცენტრში – ბრტყელ ფიგურებშია მოთავსებული.

უპასუხე:

1). დაფიქრდი, რამდენი ფეხი ექნება 20 – მამალს თუ მათ შორის 10 – ცალფეხაა?

2). რამდენია უდიდესი და უმცირესი ორნიშნა რიცხვების ჯამი?

3). რამდენი ხუთეულია 30-ში?

ამის შემდეგ მათემატიკის ცენტრმა შეიძლება ხელოვნების ცენტრისაკენ ან ,,სიტყვის სკივრისაკენ” მიუთითოს გზის გაგრძელება – ეს მასწავლებელზეა დამოკიდებული. ამჯერად კი ბავშვები კვლავ ,,ცოდნის ხეს” უბრუნდებიან. ცხადდება ჯამური ქულები, ყველაზე წარმატებული კითხულობს ბოლო ბარათს:

,,დამიბრუნდით, ჩემო კარგებო? ასე სწრაფად გადალახეთ დაბრკოლებები? ძალიან გამახარეთ! დღეს თქვენ განძის ის მცირე მარცვლები შეიძინეთ, რომელიც ცოდნის დაგროვებაში დაგეხმარებათ. ცოდნა კი ყველაზე დიდი განძია ამქვეყნად”.

განძის მაძიებელთა ეს მოგზაურობა 5 – 10 წუთში მთავრდება. ბავშვები მოტივირებული არიან. მათ აღარ უჭირთ ახალ აქტივობაზე გადართვა. მოსწავლეებს მეტი ქულების დაგროვების სურვილი უჩნდებათ. ,,განძის” ძიებამ ბევრი პასიური გაააქტიურა და ახლა კლასში თითქმის ყველა კარგად კითხულობს. მყავს ,,საუკეთესო მკითხველები” საკუთარი ზღაპრებისა და მოთხრობების ავტორები, 20 – მოსწავლიდან ხუთმა უკვე მოიპოვა ,,საავტორო სკამზე” დაჯდომის უფლება.

შემეცნებითი თამაში ,,განძის მოპოვება” არამარტო კითხვის უნარებს უვითარებს მოსწავლეებს, არამედ ყველა სასწავლო საგანს სწვდება და თამაშ-თამაშით მარტივდება პრობლემების დაძლევა.
ამის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე დაბეჭდილი ტექსტი ტესტებით.

დავალება:

წაიკითხეთ რ. ინანიშვილის ,,მუხა” და შეავსეთ ტესტები.

მუხარ. ინანიშვილი

ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღლილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისაკენ; ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოურბენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკატრს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისაკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ.

ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე ვჯობივარ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი ბურთი და აი მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.

მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები და აი, წლეულს გაზაფხულზე, ის მონადირე ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფინა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხამ ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.

შემოხაზე ან დაასრულე ტესტი

1. რატომ მიატოვა მუხა ყველამ?
იმიტომ რომ:
ა) ბებერი იყო;
ბ) საუკუნეებით დაღლილი იყო;
გ). ფოთლებშეთხელებული მუხა აღარც ჩრდილს იფენდა და აღარც რკოს ისხამდა;
დ) თუ …………………………………………..

2. როგორ ამოვიდა ია მუხაზე?
ა) ია გოგონამ ჩათესა;
ბ) მუხის კოჟრები წვიმამ დაასველა და ია ამოვიდა;
გ) მუხის სველი ჭრილობა ქარმა მიწით ამოავსო, საიდანაც ია ამოვიდა;
დ) თუ …………………………………………..

3. როდის უფრო შეგეცოდათ მუხა?
ა) როცა ყველამ მიატოვა;
ბ) როცა მონადირეებისაგან სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას?
დ) თუ …………………………………………..

4. დააკავშირე ისრებით
გამოხდა ხანიხანშიშესული

პურობა დაიწყეს გავიდა დრო.
ჭარმაგიჭამა დაიწყეს.

5.დისკუსია თემაზე

როგორი ადამიანია მონადირე?

ასეთი მიზნობრივი თამაშით დაწყებული კითხვის საათი, გააზრებული კითხვის შემდეგ შეიძლება მცირე დისკუსიითაც დამთავრდეს. ამ ტექსტის დამუშავებისას კითხვაზე: როგორი ადამიანია მონადირე? – კლასის აზრი რამდენიმე ჯგუფად გაიყო.

I ჯგუფი ამტკიცებდა, რომ შეუბრალებელია;
II ჯგუფი კი ამბობდა, რომ ,,დაუკვირვებელია”;
III ჯგუფი ამტკიცებდა, რომ კარგი ადამიანია, რომელსაც სინანული აქვს ოდესღაც ჩადენილი ცუდი საქციელის გამო.

ასეთი მცირე დისკუსიები ხელს უწყობს პატარებში მეტყველების, მსჯელობის და კრიტიკული უნარების განვითარებას. რაც, მთავარია, ამ დროს გამოვლინდება, თუ რამდენად შეძლეს მათ წაკითხული ტექსტის სწორად გააზრება.
იზოლდა ჯოხაძე

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი. ინოვაციური სასკოლო ცენტრის ხელმძღვანელი

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური