GE

კსუ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესტუმრა

საერთო იურისდიქციის სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, სამართალწარმოების კუთხით არსებული პრობლემები, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი – ეს სწორედ ის თემებია, რომლებზეც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტების კითხვები მოსამართლეთა თანამდებობებზე უვადოდ განწესების სარგებლიანობას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, პრეცენდენტული სამართლის, როგორც სამართლის წყაროს დამკვიდრების პერსპექტივას, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ფუნქციონირებას, მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონსა და სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეეხებოდა.

ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს ნინო გვენეტაძემ უნივერსიტეტს სახელმძღვანელოები და უზენაესი სასამართლოს ბოლო გამოცემები გადასცა. საჩუქრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უნივერსიტეტის კანცლერისგანაც მიიღო. მათ შორის მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმების ციკლი – „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური