GE

კსუ-ს სტუდენტები თბილისის საკრებულოს ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩაერთვებიან

4 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თბილისის 9 უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.

კსუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განმტკიცება.

მემორანდუმის თანახმად ხელმომწერ ორგანოებს საშუალება ექნებათ ერთობლივი ღონისძიებები განახორციელონ, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი აკადემიური განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სასწავლო, საკონსულტაციო, საქველმოქმედო თუ კულტურული ღონიძიებების დაგეგმვასა და უშუალოდ კომისიის საქმიანობაში ჩართვას შეძლებენ.

თევდორე კობახიძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომისია მზად არის სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღების პროცესში დაეხმაროს და მასშტაბური მნიშვნელობის საზოგადოებრივ თუ სამართლებრივ საკითხებზე მათი ინიციატივები/შეხედულებები გაითვალისწინოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური