GE

კსუ-ში ,,ტურიზმის განვითარების რეგიონალური პრობლემების” შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კსუ-ის ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ტემპუსის პროექტის ფარგლებში ,,ტურიზმის განვითარების რეგიონალური პრობლემების” შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფასილიტატორი კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქობლიანიძე გახლდათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვიცე-რექტორ მარინა გედევანიშვილმა, საუბარში უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

უნივერსიტეტის განმარტებით, სამუშაო შეხვედრის ფორმატი დატვირთული იყო. პირველი ნაწილი პროექტის ფარგლებში მომზადებულ სტუდენტური კვლევების წარდგენას დაეთმო. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, გორის, მცხეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მუნიციპალიტეტების მიხედვით პრეზენტაციები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

შეხვედრას ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ეკა ბურდილაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში ტურიზმის ბიზნესის თვალით დანახულ პრობლემების ანალიზზე გამახვილდა ყურადღება, ხოლო შემაჯამებელ ნაწილში შეხვედრის მონაწილე მხარეებმა გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ტემპუსის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში კომპეტენციათა ცენტრების ჩამოყალიბებას, რომელიც ტურიზმის რეგიონულ კვლევებსა და კონსალტინგს უზრუნველყოფს. საქართველოდან პროექტში კსუ-სთან ერთად სამი უმაღლესი სასწავლებელია ჩართული; თავად პროექტი სამ წლიანია, ამჟამად ის ფინალურ (მეორე წლის დასასრული, მესამე წლის დასაწყისი) სტადიაზე გადადის.

.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური