GE

“მასწავლებელი მოსწავლის შექებისთვის მშობელს ტელეფონზე უნდა დაუკავშირდეს” – USAID –ის რეკომენდაციები სკოლებს

მასწავლებლები მშობლებს აღზრდის მეთოდებს უწუნებენ  და შვილებისთვის არასაკმარისი დროის დათმობაში ადანაშაულებენ. სასკოლო საზოგადოებისა და მოსწავლეთა მშობლების ურთიერთობის ფორმატი USAID-მა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ხიდი ჩატეხილია. 

კვლევამ აჩვენა, რა სირთულეებს აწყდებიან დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები პრეტენზია მშობლებს აქვთ. ისინი სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უჩივიან. კრიკიტის ძირითადი ობიექტი კი  “გაუგებარი”  სახელმძღვანელოებია.

უფრო მომთხოვნია შიდა სასკოლო საზოგადოება. პედაგოგების უმეტესობა თვლის, რომ მშობლებს შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ დაბალი ინტერესი აქვთ,  მასწავლებლებს არ ენდობიან, თავად კი სკოლასთან ურთიერთობისთვის საჭირო დროის გამონახვა უჭირთ. გამოკითხული დირექტორების აზრით, მშობლებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სწავლების ახალი მეთოდების მიმართ. ურთიერთობას ართულებს მშობელების საზღვარგარეთ ყოფნა ან მოსწავლის ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

რა როლი აქვს სკოლაში მოსწავლის მშობელს? ის უუფლებო რგოლია, რომელიც არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უმეტესად ამბების გასაგებად მიდის სკოლაში და დერეფანში აწურული დაიარება. სკოლის შენობაში მას იშვიათად უღიმიან და უფრო იშვიათად აღიქვამენ საქმიან პარტნიორად. მშობელს, ძირითადად,  4 სიტყვით აფასებენ:  უყურადღებო, მოუცლელი, ინტრიგანი ან ყოჩაღი. უყურადღებო მთელ პასუხისმგებლობას სკოლას ჰკიდებს, მოუცლელი მშობელთა კრებაზეც არ მიდის, “ინტრიგანი” ყველა ხარვეზს აღნიშნავს, ყოჩაღი ყველაფერს აკეთებს, რომ დირექტორს და მასწავლებლებს ასიამოვნოს, ამიტომაც არის ყოჩაღი.

3 შვილის დედა ნანა აბაშიძე EDU.ARIS.GE – სთან იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც სკოლასთან მშობლის ურთიერთობას ახლავს.

“სამწუხაროდ, საჯარო სკოლა ვერ ხედავს მშობელში მოკავშირეს. მე, როცა მივდივარ სკოლაში რაიმე საკითხის განსახილველად, მეძახიან “ინტრიგანს”, თუმცა არავისთვის არასოდეს მიჩივლია. როგორც წესი, პედაგოგები და დირექტორი არ აღიარებენ მშობელს, როგორც თანასწორს, ავტორიტეტს და არ აღიარებენ მის როლს ბავშვის ცხოვრებაში. მშობლებს გვიკავშირდებიან თუ ბავშვი რამეს დააშავებს, არ სწავლობს, არ იქცევა ისე, როგორც მასწავლებლებს უნდათ.

„ამ შემთხვევაში მოგვმართავენ პრეტენზიით, რომ საქმის კურსში ჩაყენებით თავის გამართლება შეძლონ. იმის ნაცვლად, რომ ერთად დავსხდეთ და დავსახოთ სამოქმედო გეგმა, გიბარებენ და გეუბნებიან: იცოდე, შენი შვილი არ იქცევა კარგად, არ სწავლობს და ა.შ.  ბავშვის მდგომარეობა მასწავლებელს შესწავლილი არ აქვს და პირდაპირ იარლიყებს აწებებს – “ზარმაცი”, “უტვინო”, “ჩამორჩენილი” .. ხშირ შემთხვევაში დედა არ იცავს ბავშვს, ხდება კონფლიქტი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მშობელი შვილს იქვე ეჩხუბება. საბოლოო ჯამში, მშობლის ვიზიტი სკოლაში მთავრდება უსიამოვნებით, რაც იმას ნიშნავს რომ ბავშვის მოკავშირე არც მშობელია და არც მასწავლებელი. მერე მოსწავლე იწყებს თანაგრძნობის ძებნას სხვაგან, რასაც კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოსდევს ხოლმე. ამიტომ სკოლა მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მშობლებთან  კომუნიკაციის საკითხებს. ამჟამად, მე მეორე სკოლასთანაც მაქვს შეხება, სადაც მშობლებთან კომუნიკაციის საკითხები დალაგებულია და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ის სკოლა არ არის საჯარო”,– ამბობს აბაშიძე.

“წაახალისეთ მშობლები!” – ასეთია USAID-ის რეკომენდაცია სკოლების მისამართით.

“მასწავლებლებმა უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, რომ მოსწავლის შესაქებად ტელეფონით დაუკავშირდნენ მის მშობელს ან გაუგზავნონ წერილი ელექტრონული ფოსტით. გაავრცელეთ „დადებითი ინფორმაცია“ მშობლებისთვის, რეგულარულად აცნობეთ მშობლებს კარგი ამბები. დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც არ აკეთებენ იმას, რასაც მასწავლებელი სთავაზობს. ის მოსწავლეები კი, რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს, არ იღებენ შესაბამის ქებას. მშობლები რჩებიან კმაყოფილები და ხშირად – გაკვირვებულებიც, როცა მასწავლებელი ურეკავთ და მათ შვილს აქებს,” – მითითებულია კვლევის დოკუმენტში.

მოსწავლეთა დიდ ნაწილს რომ სკოლიდან საჭირო ცოდნა ვერ მიაქვს, ამის მიზედად პროფესორი გიორგი გახელაძე მშობლებსა და სკოლას შორის დარღვეულ კომუნიკაციას ასახელებს.

“საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სასკოლო სისტემა არის არა ორმხრივი, არამედ ცალმხივი ურთიერთობის დაწესებულება. სკოლის დახურულობა  ტრადიციად მოგვდევს. ამ ტრადიციას დღევანდელი მშობელთა თაობაც მიჩვეულია. მათ დაკარგული აქვთ მოტივაცია, არ სჯერათ, რომ სკოლასთან  თანამშრომლობით დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. დიდი ხანია, მოსწავლის და მშობლის ხმა სკოლის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამ ტრადიციამ შეასუსტა მშობლების პასუხისმგებლობაც. სკოლა, როგორც დახურული და სწავლა-აღზრდაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია აი, ასეთი ხატია შექმნილი სკოლისგან, იქ უნდა განხორციელდეს, როგორც აღმზრდელობითი, ისე სასწავლო ფუნქციები და თუ არ მოსწონს ერთი სკოლა მშობელს, მისი ერთადერთი უფლებამოსილებაა გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში. ლაპარაკია სტატისტიკურ უმრავლესობაზე და არა ცალკეულ გამონაკლისებზე.

„თანამშრომლობის სამართლებრივი მოდელი არსებობს, ვგულისხმობ სამეურვეო საბჭოებს, დისწიპლინარულ კომიტეტებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. რეალურად კი კონსტრუქციულ და მოწადინებულ მშობელს არ სჯერა, რომ იქ მონაწილეობას აზრი აქვს და იქ მონაწილეობით დადებით გავლენას მოახდენს სკოლაზე. სკოლაც შეგუებულია ამ მდგომარეობას. სამწუხაროდ ჩვენ სკოლისა და მშობლების სასწავლო კარგი თანამშრომლობის მაგალითები სანთლით საძებარი და თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოსწავლეების დიდ ნაწილს ცუდი სასწავლო შედეგები აქვს”, – განაცხადა EDU.ARIS.GEსთან საუბარში გიორგი გახელაძემ.

მოსწავლის მშობლებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის დისკომუნიკაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ამერიკელი მასწავლებლების ბოლო დროინდელი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ დამწყები პედაგოგების 20% და დირექტორების თითქმის ერთი მეოთხედი სამსახურებრივი სტრესის მნიშვნელოვან მიზეზად მშობლებთან ურთიერთობას ასახელებს (MetLife, 2005).

საათებზე ბრძოლა სკოლაში

სკოლა დახეული ჯინსების წინააღმდეგ

სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური