GE

„მასწავლებელთა დიდ ნაწილს არ აქვს ტექნოლოგიების მოხმარების კომპეტენციები“

მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი შეიცვალა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, ახალი კითხვარი ძველზე უფრო მოქნილი და დახვეწილია. რამ განაპირობა ცვლილებები, რა დასკვნები გამოიტანეს შევსებული  კითხვარების ანალიზის შედეგად, რა გამოავლინა თვითშეფასებების კითხვარებზე ჩატარებულმა კვლევებმა და კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება მასწავლებელთა სქემის ფარგლებში, ამის შესახებ მანწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი ვრცლად გვესაუბრება.

-ქალბატონო მანანა, რა ტენდენციები გამოიკვეთა ძველი თვითშეფასებების კითხვარის ანალიზის შედეგად?  რა ხარვეზები გამოვლინდა?

-ძველი თვითშეფასებების კითხვარები ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს ის დოკუმენტია, რომელსაც ყველა მასწავლებელი ავსებს, ვინც სქემაშია ჩართული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ 2 კვლევა. ერთი უშუალოდ თვითშეფასების კითხვარს მიეძღვნა, მეორე კვლევაში ერთი ნაწილი იყო თვითშეფასებაზე. თებერვალში შევაფასეთ თვითშეფასების კითხვარი, ვინაიდან უკვე დასრულებული იყო შევსება. შესაბამისად, სანამ მასწავლებლებს ახსოვდათ ეს ყველაფერი, რა პრობლემები ნახეს,  სასწრაფოდ მივაყოლეთ კვლევა, რომ გაგვეგო ამის შესახებ ცხელ-ცხელი ინფორმაცია.

მეორე კვლევას რაც შეეხება, როდესაც ერთი წლის პილოტი შევაფასეთ მაისში, 180 სკოლაში ვიყავით, ფოკუს ჯგუფებიც გვქონდა. ამ კვლევაში ერთ-ერთი თავი თვითშეფასებას მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევასა და ამ კვლევას შორის დრო იყო გასული, ერთი და იგივე შედეგები აჩვენა ორივემ.

პირველი,  რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ თავდაპირველად მასწავლებლებმა თვითშეფასების კითხვარი თავსმოხვეულად ჩათვალეს და დიდი ენთუზიაზმით არ მიიღეს. შევსების შემდეგ უკვე აცხადებდნენ, რომ მათ თავიანთ პრაქტიკაში უკვე ისეთი მონაკვეთები დაინახეს, რასაც ნაკლებად აქცევდნენ აქამდე ყურადღებას. მასწავლებლების დამოკიდებულება თვითშეფასების კითხვარის მიმართ, ფაქტობრივად, დადებითია. მცირე ნაწილი, 6% -ია დარჩენილი, რომელიც დღესაც უარყოფითად აფასებს თვითშეფასების კითხვარის შემოღებას.

პირველი პრობლემა რაც გამოიკვეთა, ტექნიკური ხასიათის იყო. მასწავლებელთა დიდ ნაწილს არ აქვს ტექნოლოგიების მოხმარების კომპეტენციები. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივი იყო თვითშეფასების კითხვარის შევსება,  ბევრმა მასწავლებელმა ჯერ ფურცელზე შეავსო და მერე გადაიტანა სისტემაში. ამან შევსების დრო გაზარდა და თქვეს, რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ კითხვარის შევსებაზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლების კომპეტენცია ტექნოლოგიების მოხმარებასთან დაკავშირებით, დაბალია.

ტერმინოლოგიურად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვქონდა პრობლემები. განსაკუთრებულად ეს გამოჩნდა არაქართულენოვან რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ენაზე ითარგმნა თვითშეფასების კითხვარი. ტერმინოლოგიებს ნაკლებად ფლობენ პედაგოგები. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ სისტემას წლების მანძილზე მათთვის იმდენი ტრენინგი არ შეუთავაზებია, რამდენიც ქართულენოვანი მასწავლებლებისთვის. ამ ხარვეზის გამოსწორება უკვე დავიწყეთ.

-რა გამოჩნდა, რამდენად გულწრფელები იყვენენ მასწავლებლები თვითშეფასების კითხვარის შევსებისას?

-ნაწილი, ალბათ, არ იყო გულწრფველი. ამის შესახებ წინა კვლევაშიც ამოვიდა. თუმცა შემდგომ ნახეს, რომ ეს საკმოდ მარტივი იყო. თვითშეფასების კითხვარი არ აღმოჩნდა ინსტრუმენტი იმათ ხელში, ვინც მათ დასჯიდა. ამდენად, ის შიში, ვიღაც რომ მათ აკონტროლებს, უკვე გავლილია.

-შინაარსობრივად რა გაუჭირდათ მასწავლებლებს?

-დონეების აღწერისას ისინი ვერ ხვდებოდნენ, სად მოექციათ თავიანთი თავი. მაგალითად, პრობლემა იყო ისიც, რომ სხვადასხვა საგნის მასწავლებელი ვერ ხედავდა ყველა პუნქტთან დაკავშირებით თავის როლს სკოლაში. განსაკუთრებით ეს შეეხო დაწყებითების, სპორტის, მუსიკის მასწავლებლებს, ვინაიდან ეს კითხვარი ტრადიციულ გაკვეთილზე იყო აგებული. ახალი კითხვარის შემთხვევაში მივუახლოვდით იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასე კომფორტულად ვერ გრძნობდნენ ამ თვითშეფასებაში თავს.

-რაც შეეხებას სქემის გზამკვლევს, ცვლილება იქაც ხომ არ იგეგმება?

-სქემის მეორე გზამკვლევი არის საკმაოდ კონკრეტული და მოიცავს იმ აქტივობების ახსნას, რომელთა გაკეთებაც უწევთ მასწავლებლებს სქემის ფარგლებში იმისათვის, რომ კრედიტები მიენიჭთს. ამ ნაწილში ცვლილება არ იგეგმება. ოთხი სტატუსი ისევ რჩება.

რაც შეეხება პირველ ნაწილს, პროცედურებს რომელიც ეხება, ამ ნაწილში გამოცხადდა სიახლე. ამ სიახლეების ფარგლებში ჩვენ სამუშაო შეხვედრები გვაქვს მუდმივად და საბოლოოდ,  ჩამოყალიბებულები ვართ იმ ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს სქემაში. ყველა ცვლილება, მრავალფეროვნებისკენაა მიმართული. გარკვეული კომპონენტები რომელიც სქემას აკლდა, შეივსება. კვლევამ ეს აჩვენა,  მასწავლებლები ამას ითხოვდნენ. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები დაეყრდნობა იმ კვლევას, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, სადაც  დაფიქსირებული იყო მასწავლებელთა საჭიროებები. ჩვენ გვგონია, რომ სქემა გაუმჯობესებული იქნება.

მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი შეიცვალა–რა წერია განახლებულ კითხვარში

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური