GE

,,მასწავლებელთა ეს პასუხები სინამდვილეში სწორედ დაბალ თვითშეფასებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მაღალზე“

,,სინამდვილეში ეს პასუხები სწორედ დაბალ თვითშეფასებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მაღალზე. როცა გეშინია, რომ ვინმემ რამე არ დაგაბრალოს, მერე აყალბებ პასუხებს”- ასე გამოეხმაურა Aris.ge-განათლების მიერ, თალისის კვლევის მიხედვით პედაგოგთა ,,თვითშეფასებაზე” მომზადებულ სტატიას სიმონ ჯანაშია. როგორც ცნობილია, კვლევამ დაადგინა, რომ ქართველ პედაგოგებს თავიანთ ფინელ კოლეგებზე მაღალი თვითშეფასება გააჩნიათ. განათლების საკითხების მკვლევარი მიიჩნევს, რომ დამდგარი შედეგი კიდევ ერთი დასტურია, რომ ფართო მასშტაბის შედარებით,  საერთაშორისო კვლევები განათლებაში უაზრობაა.  ჩვენ სიმონ ჯანაშიას დამატებითი კითხვებით მივმართეთ:

-ბატონო სიმონ, რაზე მიუთითებს თალისის კვლევის დამდგარი შედეგი?

-ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ჩატარებულ მასწავლებლების საერთაშორისო კვლევას აქვს ოთხი ნაწილი. ერთი შედარებით უფრო ობიექტური პარამეტრების აღწერაა, როგორიც არის მასწავლებლების განათლება, გამოცდილება, სამუშაო დატვირთვები და სხვა. მეორე ნაწილი მთლიანად სუბიექტურ თვითშეფასებებს ემყარება. მესამე ნაწილია მონაცემების შედარება ქვეყნებს შორის და მეოთხე მოიცავს რეკომენდაციებს. ყველა ამ ნაწილის განხილვისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რადგან ამ და ამავე ორგანიზაციის განხორციელებულ სხვა კვლევებს (მაგ. PISA), აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამავდროულად არასწორ კონცეფტუალური საფუძველს ემყარება. კვლევის ერთი შეხედვით ობიექტური მონაცემებიც კი სინამდვილეში პოლიტიკური დატვირთვისაა. მაგალითად მოსწავლე/მასწავლებლის შეფარდების მაჩვენებელი მრავალ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გამხდარა სისტემის არაეფექტურად შეფასების საფუძველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სინამდვილეში კი, თუ ეფექტურობის სხვა საზომი იქნებოდა აღებული, (მაგალითად დახარჯული ფინანსების საფუძველზე მიღებული შედეგი), სრულიად სხვა შედეგი დადგებოდა. ამ კვლევების შედარებებისა და რეკომენდაციების ნაწილიც მსგავსი წინასწარი პოლიტიკური და იდეოლოგიური დამოკიდებულებების სარკეა.

გარდა სახელმწიფოებზე არასწორი გავლენების, ამგვარი კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინუსია კონტექსტების გაუთვალისწინებლობა. მაგალითად მინახავს, გაკვეთილის დასაწყისში, ზოგიერთი მასწავლებელი მერხებს შორის ჩამოივლის ხოლმე და მოსწავლეების გადაშლილ რვეულებს დახედავს. ზოგჯერ სწრაფად აღნიშვნასაც აკეთებს, რომ მან “ჩაიბარა” დავალება. ამ მასწავლებელს თუ ჰკითხავენ, შეამოწმა თუ არა დავალებები, მისი პასუხი დადებითი იქნება. სხვა სკოლაში და შესაძლოა სხვა ქვეყანაში, სხვა მასწავლებლებმა იგივე მოქმედებას შესაძლოა, სრულიად სხვა სახელი დაარქვან.

მასწავლებლების ამგვარ, ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ კომპლექსური რეალობის აღმწერი პასუხების ზედაპირულად შედარება იმის მაჩვენებელია, რომ კვლევის ავტორებს და მის განმახორციელებლებსაც არასწორი წარმოდგენები აქვთ განათლების სისტემაზე. ეს დამოკიდებულება გულისხმობს, რომ განათლება არის მექანიკური პროცესი, რომელიც შეიძლება გაიზომოს ისევე, როგორც ნებისმიერი ტექნიკური მექანიზმი. სინამდვილეში კი განათლება რთული სოციალური პროცესია, სადაც რეალობა აღიწერება პირველ რიგში ადგილობრივი კულტურული მახასიათებლებით და მხოლოდ ნაწილობრივ ტექნიკური პარამეტრების მიხედვით. მასწავლებელი სხვადასხვა რამეს ნიშნავს ფინეთში, საქართველოსა და იაპონიაში. ნებისმიერი მცდელობა, რომ ისინი რაღაც საერთო სტანდარტამდე დავიყვანოთ ნიშნავს იმას, რომ განათლებას გამოვაცალოთ ადგილობრივი შინაარსი, რისი შედეგიც არის ხოლმე სახელმწიფოების მიერ გამოგონილი “საერთაშორისო მიღწევების დონეების” დევნა იმის ნაცვლად, რომ საკუთარ რეალურ პრობლემებზე იყვნენ კონცენტრირებული.

-ანუ პედაგოგების შეფასება აცდენილია რეალობას…

-ერთი საკითხია გვჯერა თუ არა იმის, რას ამბობენ მასწავლებლები. მეორე საკითხია, თუ რას გვეუბნება მასწავლებლების ამგვარი თვითაღწერა განათლების სისტემაზე და თავად მასწავლებლებზე. მე ვფიქრობ, რომ ზოგ შემთხვევაში მასწავლებლების პასუხები არ ემთხვევა ჩვენთვის სასურველ რეალობას, სადაც ისინი საკუთარ პრობლემებს ღიად განსჭვრეტენ, მუდამ თვითკრიტიკულები და განვითარებაზე ორიენტირებულები არიან.

მეორე მხრივ, პასუხები ზოგჯერ ტოვებს მრავალგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მაგალითად, ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში არასრულ დატვირთვაზე საკუთარი არჩევანის საწინააღმდეგოდ მუშაობს მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი. რას ნიშნავს ამ შემთხვევაში არჩევანის უგულველყოფა? მეტი მუშაობა უნდათ მართლაც მასწავლებლებს? როგორ ითვლიან მასწავლებლები თავიანთ დატვირთვას, მხოლოდ ჩატარებული გაკვეთილებით თუ სახლში სამუშაოთიც? იქნებ დაბალი ანაზღაურების და ამ ანაზღაურების განსაზღვრაში სასწავლო საათების კრიტიკული როლის გამოა, რომ მასწავლებლები საქართველოში თვლიან, რომ მათ არასასურველ პირობებში უწევთ მუშაობა?

ასე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მრავალი პასუხი კულტურულად არის განპირობებული. მაგალითად, ის რაც ითვლება გერმანიაში დაგვიანებად, შესაძლოა საქართველოში სხვაგვარად იყოს აღქმული. ან ის რაც კეთილსაიმედო სასკოლო კლიმატად აღიქმება საქართველოში, შესაძლოა, სულ სხვაგვარად იყოს აღწერილი იაპონელი მასწავლებლების მიერ.

-გამოკითხული 6000 ათასამდე პედაგოგიდან თითქმის 60% და ხშირად მეტიც ამბობს, რომ იყენებს ყოველდღიურად ისტს, იყენებს მცირე ჯგუფებთან მუშაობის პრაქტიკას, მოსწვალეებს რომლებსაც უჭირთ რთული დავალებების  ამოხსნა აძლევს მარტივ დავალებებს, ასწორებს დავალებებს ყოველდღიურ რეჟიმში, გამოჰყავს დაფასთან მოსწავლეები – მაშინ რატომ ვამბობთ, რომ სკოლა არის სუსტი რგოლი ეს სამუშაოები არაეფექტურია შედეგის მისაღწევად?

-თქვენი ჩამონათვალი რომ გავაგრძელოთ, თვითშეფასების მიხედვით, მასწავლებლების 93% თვლის რომ კარგად ან ძალიან კარგადაა მომზადებული პედაგოგიკაში. ორგვარად შეიძლება შევხედოთ ამ პასუხებს: ა) რომ მასწავლებლები მთლად ასე მაღალი თვითშეფასების არ არის, მაგრამ რაღაც მიზეზებით ამგვარ პასუხებს იძლევიან და ბ) მასწავლებლები მართლაც საუკეთესოდ მომზადებულებად თვლიან თავს. პირველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გავლენა პასუხებზე საზოგადოებასას და განათლების სისტემაში არსებულ კულტურულ წარმოდგენებს აქვს. მაგალითად, ცნობილია რომ ზოგიერთ კულტურაში, საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა გარკვეულწილად ეროვნულ სიამაყის საკითხს უკავშირდება. მაგალითად, კორეელ ბავშვებს, საერთაშორისო კვლევისთვის ჩასატარებელ ტესტირებაზე გასვლისას ხშირად შთააგონებენ, რომ მათ კორეა უნდა ასახელონ.

ასევე, თუ ადამიანები ძალაუფლების მატარებელ სისტემას ეჭვით უყურებენ და თვლიან, რომ სისტემამ მათი შეცდომებისთვის შეიძლება დასაჯოს, მაშინ ისინი ნაკლებად გულწრფელები არიან საკუთარი პრობლემების აღიარებისას. საქართველოს კონტექსტი ამ თვალსაზრისით ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს: სახელმწიფო აცხადებს, რომ თვითშეფასებას მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება მასწავლებლის კარიერულ წინსვლაში; ვიცით, რომ კომპეტენციების დადასტურების შეუძლებლობის შემთხვევაში მასწავლებლებს შეიძლება საკუთარი სამუშაო ადგილის დატოვებაც მოთხოვონ; მესამე, ბოლო წლებში სულ მუდამ ძლიერდება და ფართოვდება მასწავლებლებზე ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები. ამ პირობებში, რადგან ეს კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეკვეთით ტარდება, არ არის გამორიცხული, რომ მასწავლებლების ნაწილი მაინც ფრთხილად ეკიდება “არასწორი” პასუხების გაცემას.

-თუ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები განსაზღვრავს შედეგს, მაშინ რატომ არ გვაქვს რეალურად კარგი შედეგი სკოლებში?

-ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რეალურად რა შედეგები გვაქვს განათლების სისტემაში საკმაოდ ნაკლულია. ერთ-ერთი ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ხშირად საკუთარი კერძო გამოცდილების მთლიან სისტემაზე განზოგადებას ახდენენ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ აქტიურ ადამიანებს – მათ ვისაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლია. როდესაც მშობლები თავს უფრო განათლებულად თვლიან ვიდრე მასწავლებლები, უკმაყოფილების დონე სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება. ეს ერთგვარი პარადოქსია, რადგან მშობლების განათლების დონე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათივე მასწავლებლებზე. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით აქტიურები განათლების სისტემის კრიტიკისას ისინი არიან, ვისთვისაც განთლებისა და კულტურული გამოცდილების ძირითადი წყარო ფორმალური განათლების სისტემა არ არის.  საზოგადოებრივი განვითარების ამგვარ პირობებში რთულია დავინახოთ დრო, როდესაც საზოგადოების აქტიური ნაწილი კმაყოფილი იქნება სასკოლო განათლებით.

მეორე მიზეზია ის, რომ ფართომასშტაბიანი კვლევები, რომლებიც საქართველოში ტარდება იშვიათი, ხშირად უხარისხო და მიკერძოებულია. მაგალითად, თალისის ეს კვლევა ყველაზე  მთავარ რამდენიმე სამეცნიერო სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამ კვლევას არ ჰყავს ანონიმური სამეცნიერო შემფასებელი, რომელიც დაადგენდა კვლევის გამართულობას. და მეორე, ამ კვლევას არ ახლავს თან არანაირი თეორიული საფუძველი, რომლის მიმართაც მოხდებოდა კვლევის მთავარი ინსტრუმენტის, კითხვარების შემუშავება და მიღებული მონაცემების ინტერპრეტირება. ამ და საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევების უმეტესობა პოლიტიკური ხასიათისაა და მისი შედეგების ფორმირებაც ხდება პოლიტიკური და არა ინტელექტუალური მისწრაფებების თანახმად.

თავისთავად ეს კვლევები სრულიად უსარგებლოც არ არის. მაგალითად, თვითშეფასების გარდა, მასწავლებლების ეს კვლევა გვაძლევს სხვა მონაცემებზე დაკვირვების საშუალებასაც. ამავე კვლევიდან ვიცით ის, რომ გარკვეულ საგნებში, მაგალითად ისტორიაში მასწავლებლებს უფრო დაბალი აკადემიური განათლება აქვთ თავის საგანში და პედაგოგიურ უნარებში ვიდრე ვთქვათ ლიტერატურის მასწავლებლებს. ასევე ვიცით ის, რომ არათანაბარი განაწილებაა მასწავლებლების, მათი კვალიფიკაციის მიხედვით დასახლებების ზომებს შორის. მოსწავლეების ტესტირებებიც აჩვენებს, რომ ქალაქის მოსწავლეები საშუალოდ უკეთეს შედეგებს იღებენ ვიდრე სოფლის მოსწავლეები. ცხადია, ეს განსხვავება არამხოლოდ მასწავლებლის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული და კავშირი აქვს სოციალური შესაძლებლობების განსხვავებებთანაც, მაგრამ რადგან მასწავლებლის როლი მოსწავლეების შედეგების მიღებაში მაღალია, უნდა ვიფიქროთ, რომ შედეგების ნაწილში პრობლემას ეს საკითხიც იწვევს.

-თუ პედაგოგები თვლიან რომ პრობლემა მათში არაა და ისინი ყველაფერს აკეთებენ, მაშინ რა გამოდის, რეალურად რაშია პრობლემა? ახლა, როდესაც ახალი სქემით პედაგოგი ვალდებულია თვითშეფასების დოკუმენტი შეავსოს, ამ დოკუმენტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისიც არ ასახავს ბოლომდე რეალობას?

-მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას ექნება იგივე პრობლემები, რაც აქვს ამ კვლევას – ვალიდობისა და სანდოობის. თვითშეფასება არ არის საკმარისად ვალიდური იმის დასადგენად, განვითარების რა დონეზეა მასწავლებელი. განვითარების დონე თავად მნიშვნელოვანი ფაქტორია თვითშეფასებაში. რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა რაღაც სფეროს შესახებ, მით უფრო ცხადი ხდება მისთვის, რომ კიდევ მეტი აქვს სასწავლი. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მასწავლებლის შედარებით მოკრძალებული თვითშეფასება არასწორად გაიგივდეს მის დაბალ კვალიფიკაციასთან.

რადგან სქემა დაკავშირებულია ასევე სახელფასო პოლიტიკასთან, ეს თვითშეფასების სანდოობის პრობლემასაც იწვევს. თუ სხვადასხვა კვალიფიკაციის მასწავლებელს ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებს და თვითშეფასებასაც არარეალობის აღსაწერად იყენებს, არამედ უპირატესად ფინანსური ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დიდი შანსია, რომ მათი თვითშეფასებები დაემთხვევა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ინსტრუმენტი არ იძლევა შესაძლებლობას სანდოდ დავადგინოთ მასწავლებლებს შორის განსხვავებები ან მათი მიმართება რაიმე სტანდარტთან.

-შესაძლებელია თუ არა იმ დასკვნის გაკეთება, რომ მოსწავლეები არ მოყვებიან მასწავლებელს საქართველოში და პედაგოგს მართლაც სჭირდება მათთან სხვადასხვა კუთხით უფრო მეტი მუშაობა, ვიდრე მის კოლეგებს სხვა ქვეყნებში?

-ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას არც ეს კვლევა და არც ზოგადად ჩვენთვის ხელმისაწვდომი სხვა კვლევები ნამდვილად არ იძლევა. ქართველ პედაგოგს მართლაც სჭირდება სხვადასხვა საკითხზე მუშაობა, მაგრამ ამის მიზეზი არ არის მისი “ჩამორჩენა” სხვა ქვეყნის პედაგოგებთან შედარებით. ჩვენი ჭეშმარიტი პედაგოგი ზრუნავს ქართული საგანმანათლებლო მიზნების, იდეალების განხორციელებაზე და ამავდროულად ცდილობს სულ უფრო დახვეწილი პედაგოგიური მიდგომები გამოიყენოს. ეს მიდგომები კი არამხოლოდ ფსიქოლოგიის თუ განათლების მეცნიერებების საკაცობრიო სამეცნიერო მიღწევებს ემყარება, არამედ ასევე ამ მასწავლებლის ინდივიდუალურად და ასევე ჯგუფურად განვითარებულ ცოდნასაც, რომელსაც საკუთარ პრაქტიკაში იღებს. ამგვარად, ქართველ მასწავლებელს აქვს თავისი უნიკალური გამოწვევები და შესაძლებლობები, საკუთარი საქმიანობის კულტურული საფუძველები. მათიზედაპირული შედარება სხვა ქვეყნების მასწავლების გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან ისევე ფუჭია, როგორც ერთი მოსწავლის შედეგის მეორე მოსწავლის შედეგთან შედარება იმის გაუთვალისწინებლად, თუ რას ნიშნავს ეს კონკრეტული შედეგი ერთ ან სხვა კულტურაში.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტსაც ესაუბრა, მასთან ინტერვიუს უახლოეს დღეებშინ შემოგთავაზებთ.

ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები

რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს? – თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

60 821 პედაგოგიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 151-მა მიიღო – სქემაში გადანაწილების შედეგი

მასწავლებელთა საგნის გამოცდის კრებულები

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური