GE

მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დეტალები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მასწავლებელთა მოსამზადებელ პროგრამაზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სამინისტრო უპრეცედენტო რაოდენობის აპლიკანტებს დააფინანსებს – აქ ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო გრანტს 210 მსმენელი მიიღებს.

როგორც უნივერსიტეტის პედაგოგიური  ფაკულტეტის დეკანი, მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამის თანახელმძღვანელი ვლადიმერ ადეიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და გამოცდის ჩატარების თარიღიც გამოცხადდება.

10661643_445587812247150_5580676597623265913_oმისივე თქმით, უნივერსიტეტმა საკმაოდ დიდი შრომა და რესურსი ჩადო იმისათვის, რომ პროგრამა მაღალი ხარისხით, წარმატებით განხორციელდეს და მისი გავლის შემდეგ მსმენელი პროფესიონალი მასწავლებლის სტატუსს ღირსეულად ატარებდეს. შედეგად კი, იგი დარწმუნებულია, რომ მათ დასაქმება არ გაუჭირდებათ.

–რამდენ მიმართულებაზე ცხადდება მიღება აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში?

ვლადიმერ ადეიშვილი: სულ 12 მოდული გვაქვს. თითოეულ საგანში, გარდა მუსიკისა და უცხო ენისა, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს გადავამზადებთ. მუსიკასა და უცხო ენაში კი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგებს.

–რა მიმართულებებზე ხდება მიღება?

.: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, ისტორია და მუსიკა.

–სულ რამდენი კანდიდატის მიღება შეგიძლიათ?

.: სამინისტროსგან მონიჭებული კვოტით 210 ადგილი გვაქვს. ანუ სახელმწიფო ჩვენს უნივერსიტეტში 210 აპლიკანტს დააფინანსებს. შესაბამისდად, წელს ამ რაოდენობას დავჯერდით და დამატებითი ადგილები აღარ გამოგვიცხადებია. გვინდა აქცენტი არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე გავაკეთოთ.

–თითოეულ მიმართულებაზე რამდენი ადგილია გამოყოფილი?

.: ქართულ ენასა და ლიტერატურის მოდულზე 20 ადგილი, მათემატიკა -20, გეოგრაფია -15, ბიოლოგია- 15, ფიზიკა -15, ქიმია -15, ინგლისური –  35, გერმანული -15, ფრანგული -10, რუსული -15, ისტორია -20, მუსიკა -15.

–როგორი იქნება მისაღები გამოცდა?

.: ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ და გადაწყვიტეთ, რომ გამოცდა წერითი ფორმით ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, ჩვენთან მოსულ აპლიკანტს საგნის კომპეტენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ უკვე დადასტურებული აქვს. პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით გამოცდას ვერ ჩავატარებდით, რადგან ეს კომპეტენცია მათ სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ექნებათ.

გამოცდა ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველ ნაწილში კანდიდატებს  სამოტივაციო წერილის დაწერა მოუწევთ. იგი შინაარსობრივად შემდეგი ტიპის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს – რატომ სურს აპლიკანტს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რატომ აირჩია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რისი მიღწევა სურს 3-5 წლის განმავლობაში და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას. მეორე ნაწილში კი მოუწევთ აირჩიონ კონკრეტული სფეროს პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები წარმოადგინონ.

ეს ყველაფერი 100 ქულით შეფასდება, მინიმალური ზღვარი კი 51 ქულა იქნება. დეტალურადაა გაწერილი თუ რომელ ნაწილში რამდენი ქულა დაიწერება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მათთვის რთული დასაწერი არ უნდა იყოს. თუ პედაგოგობის  მსურველი ამას ვერ შეძლებს, მაშინ მისგან მასწავლებელი ნამდვილად ვერ დადგება.

რაც შეეხება იმას თუ რატომ გადაწყდა წერითი გამოცდა და არა ზეპირი, იმიტომ, რომ ვინმეს ობიექტურობასა და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით ეჭვები არ გასჩენოდა. შეფასება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება.

–ვინ იქნებიან ლექტორები?

.:  ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ სასწავლო პროცესს ჩვენივე აკადემიური პერსონალი განახორციელებს, რომელიც ამ კუთხით საკმაოდ გამოცდილია. ჩვენ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს პედაგოგების მომზადების სამაოდ დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ამიტომ, გარედან ვინმეს მოწვევა არ დაგვჭირდება და ამ პროგრამის განხორციელებას ადგილობრივი რესურსით შევძლებთ.

–აქვს თუ არა უნივერსიტეტს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ლიტერატურა?

.: ყველანაირი ლიტერატურა გვაქვს, მათ შორის ელექტრონულიც. სხვანაირად ეს სასწავლო კურსი კარედიტაციას ვერც გაივლიდა. ასე რომ, ამის პრობლემა ჩვენ უნივერსიტეტში ნამდვილად არ დგას, საკმაოდ კარგი მატერიალური ბაზა გვაქვს და ადგილების სრულად შევსების შემთხვევაშიც საკმად მაღალხარისხიან სწავლებას უზრუნველვყოფთ.

–როგორი იქნება სწავლების პროცესი? რა ინტენსივობით ჩატარდება ლექციასემინარები და რა დრო დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს?

.: ვგეგმავთ, რომ ლექციები ყოველ დღე, დღის მეორე ნახევარში ჩატარდეს. მსმენელები მიიღებენ მასწავლებლისათვის აუცილებელ კომპეტენციას – საგნის მეთოდიკის, ასაკობრივი ფსიქოლოგიის, კლასის მართვისა და ასევე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

პედაგოგიურ პრაქტიკას კი ძალიან დიდი ადგილი უკავია. ამ 60 კრედიტიდან მას 10 კრედიტი ეთმობა. პრაქტიკა სწავლის პროცესისაგან მოწყვეტილი არაა. პირველ სემესტრში მსმენელები ზოგად საგნებს გაივლიან, მეორე სემესტრში კი სალექციო კურსში პრაქტიკაც ჩაშენებული იქნება. დღის განმავლობაში ლექციებიც ექნებათ და შემდეგ სკოლებშიც წავლენ პრაქტიკებზე.

ბოლოს კი აუცილებლად ვთხოვთ წარმოადგინონ პორტფოლიო, რომელშიც მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები იქნება შეფასებული. ამ ყველაფრის შემდეგ, თუკი მსმენელი 60 კრედიტს მოაგროვებს, სერტიფიკატს მიიღებს და მასწავლებლობის უფლება ეძლევა.

–პარტნიორი სკოლები უკვე შერჩეული გყავთ?

.: რა თქმა უნდა. ამ მომენტშიც, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სასკოლო პრაქტიკას  200 სტუდენტი გადის. მემორანდუმი ქუთაისის თითქმის ყველა სკოლასთან გვაქვს გაფორმებული. ამ კონკრეტული პროგრამისათვის კი მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და მემორანდუმს უფრო მეტ სკოლასთან გავაფორმებთ.

–არის თუ არა იმის პერსპექტივა, რომ სწავლის დასრულების შემდგომ ეს ადამიანები იმავე სკოლებში, სადაც პრაქტიკას გაივლიან, სამუშაოდ დარჩნენ?

.: ჩვენ გარკვეული შიდა კვლევებიც ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა უმეტესობა, რომელთაც მასწავლებლობა სურდათ, უკვე დასაქმებულები არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში.

თავად სამინისტროსაც შესწავლილი აქვს სიტუაცია და ცხადია, რომ  იმერეთშიც და ზოგადად დასავლეთ საქართველოში მასწავლებელთა კონტიგენტი გადახალისებას საჭიროებს. ამიტომ, ჩემი აზრით,  ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმების ძალიან დიდი პერსპექტივა ექნებათ.

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური