GE

მასწავლებელთა შევიწროების კანონი თუ დამხმარე ინსტრუმენტი? – როგორ ასაბუთებს სამინისტრო ახალ რეგულაციებს

საბედნიეროდ იშვიათად, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელმა მოსწავლე დაარიგოს, შენიშვნის ობიექტი თავად ხდება. ეს რომ ასე არ იყოს, ალბათ, არც გახდებოდა საჭირო, რომ განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი დაემტკიცებინა, შევეცდებით განვმარტოთ რას ნიშნავს ეს ყოველივე:

იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს რაიმე შეეშლება, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს, საკლასო ოთახში ნასვამი შევა ან სიგარეტს მოწევს იქ, სადაც ეს არ შეიძლება, მასწავლებლის მიმართ სანქციები გატარდება. სწორედ სასჯელის ზომები დაადგინა განათლების სამინისტრომ, რომელსაც შედარებით რბილი სახელი ჰქვია და ოფიციალურად “დისციპლინური გადაცდომის სახდელები” ეწოდა. სახდელები კი გამოიხატება შენიშვნის მიცემაში, საყვედურში, (რომელსაც სხვადასხვა ფორმა გააჩნია იმის მიხედვით, რას დააშავებს მასწავლებელი) და სამსახურიდან გათავისუფლებშიც კი. თუმცა ამას, ალბათ, უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ახალ წესში ფინანსურ სანქციებზე საუბარი არ არის. ამ წესდებით ასევე დგინდება ის, რომ დაუშვებელია მასწავლებელს დაეკისროს სახდელის ისეთი ფორმა, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. ასევე, მას სახდელი ვერ დაეკისრება, თუ მასწავლებელმა არასათანადო ქმედება სკოლის კედლებს გარეთ, თავისუფალ დროს ჩაიდინა.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე პასუხისმგებელია დისციპლინური კომიტეტი. კონკრეტულ მასწავლებელზე კი დაკვირვება შეიძლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც კომიტეტს მიმართავს მშობელი, სკოლაში დასაქმებული პირი, მედიაში გაჩნდება ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ და თქვენ წარმოიდგინეთ მოსწავლეც კი. მასწავლებლის მიმართ კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ორ კვირაში უნდა მიიღოს. საბოლოო სიტყვას მაინც სკოლის დირექტორი ამბობს, თუმცა განაჩენი არც ეს იქნება, რადგან დირექტორიც შეიძლება შეცდეს, ამიტომ მასწავლებელს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სამეურვეო საბჭოში ექნება.

მინისტრის ბრძანებას ერთნაირად აკრიტიკებენ, როგორც პედაგოგები, ისე განათლების სპეციალისტები. სწორედ მათ მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების დეტალებზე Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი ესაუბრა:

– დისციპლინური გადაცდომების მონიტორინგი უნდა განახორციელოს სპეციალურმა კომიტეტმა – უკვე არსებობს თუ არა მსგავსი კომიტეტი და როგორია მისი შემადგენლობის დაკომპლექტების წესი?

– დისციპლინური კომიტეტები უკვე არსებობს სკოლებში იქედან გამომდინარე რომ დისციპლინური კომიტეტი ჩვეულებრივი უფლებამოსილი ორგანო იყო და რჩება და იქნება ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით.

– პედაგოგს ექნება საშუალება გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში? ახალ წესში წერია რომ გასაჩივრება შესაძლებელია სამეურვეო საბჭოში..

– ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც იწყება დისციპლინური წარმოება და სრულდება რაღაც შედეგით, რა თქმა უნდა ექნება ამ გადაწვეტილების გასაჩივრების უფლება, როგორც სკოლის შიგნით – ამ შემთხევაში სააპელაციო კომიტეტში (თუკი ის არსებობს სკოლაში), ისე სამეურვეო საბჭოში ან უკიდურეს შემთხვევაში იგულისხმება სასამართლოც.

– რა არის მთავარი სიახლეები დისციპლინური გადაცდომის წესში და აქამდე როგორ რეგულირდებოდა ეს პროცესი?

– უპირველეს ყოვლისა, დისციპლინური გადაცდომის კომიტეტი არის დამცავი მექანიზმი ნებისმიერი პედაგოგისადმი და იგი დაცულია ადმინისტრაციის ან დირექტორის მხრიდან ნებისმიერი სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებისგან. ალბათ, იტყვიან, რომ არსებობს სკოლის შინაგანაწესები, რომლებიც ზოგადად დისციპლინურ საკითხებს არეგულირებს როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეთა მიმართ, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სკოლებში შინაგანაწესი იმდენად ქაოტური იყო, რომ ისინი ხშირად ცდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ კონკრეტული პედაგოგები გარკვეული გადაწყვეტილებების მსხვერპლნი გახდნენ. სწორედ ამიტომ, დაცვის მექანიზმის არსებობის მიზნით ამუშავდა აღნიშნული წესი. წესის შემუშავებაში ჩართული იყო არამხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკრეტული სპეციალისტები, არამედ კონკრეტული წარმომადგენლები პედაგოგებისა, სკოლები და არასამთავრობო სექტორიც. საწყის ეტაპზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა რეკომენდაციები. ეს ჯგუფი დაახლოებით 20 ადამიანისგან შედგება და მის წევრებს შორის მეც ვარ. შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცდა მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის წესი.

– თქვენ შინაგანაწესზეც ისაუბრეთ. გადაცდომის სახეებს ადგენს სკოლა. ასევე ახსენეთ ქაოტური პროცესები, თუ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც შინაგანაწესის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინონ და ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს, რომ პედაგოგების მიმართ გარკვეული ალოგიკური პროტესტები არ გაჩნდეს?

– დისციპლინური გადაცდომების წესის ჩანაწერში აღნიშნულია რომ ამ წესის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საჯარო სკოლებმა შინაგანაწესი შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. ეს არის გარკვეული უნიფიცირებული სისტემა, რომელიც გააერთიანებს ყველა საჯარო სკოლას, სადაც მასწავლებლის მიმართ გარკვეული დისციპლინური დევნა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩამოთვლილ კონკრეტულ შემთხვევებს ექნება ადგილი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩანაწერი ყოველგვარი სუბიექტივიზმისგან დაცლილია და ამ დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ დისციპლინური კომიტეტი, რომელიც უკვე თავის რეკომენდაციას, მოკვლების წარმოებისა და გარკვეული შედეგის დადგომის შემდგომ გააცნობს სკოლის დირექტორს. სკოლის დირექტორს დასჭირდება სერიოზული არგუმენტირებული უარი ან თანხმობა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების არგათვალისწინების შემთხვევაში. ასევე ჩნდება ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებას მიიღებს, სკოლის დირექტორის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, მასვე აქვს ვალდებულება რომ დასაბუთებული კონკრეტული შედეგი გააცნოს უკვე კონკრეტულ პედაგოგს.

– განათლების ექსპერტები თვლიან, რომ მინისტრის ეს ბრძანება სკოლის ავტონომიას ზღუდავს და მის პასუხისმგებლობას ამცირებს, რას უპასუხებდით მათ, ხდება თუ არა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში კი განათლების სამინისტრო სკოლის “მაკონტროლებელი”?

– ვერ დავეთანხმები აღნიშნულს, რადგან მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესში მკაფიოდ არის გამოკვეთილი სკოლის ავტონომიურობის, მისი თავისუფლების მაღალი ხარისხის მანიშნებელი პუნქტები.

მუხლი 2. მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა, მე-2 პუნტში ვკითხულობთ: “მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით” ; მუხლი 3. დისციპლინური სახდელები, მე-3 პუნქტში ვკითხულობთ: “დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით”; მუხლი 18. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა და ვადაზე ადრე მოხსნის წესი, 1-ელი და მეორე პუნქტები ცამოყალიბებულია შემდეგი სახით : 1. დისციპლინური სახდელის (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი. შესაბამისი დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტით დადგენილ მაქსიმალურ ვადას. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.

საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ არსებობს შემდეგი განმარტებები:

დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;

დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა; მე-19 მუხლში ვკიულობთ: ” სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი”. აქვე, 38-ე მუხლის “სამეურვეო საბჭოს ფინქციები” “ლ” ქვეპუნქტში არსებობს შემდეგი ჩანაწერი: “დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ დისციპლინური კომიტეტის როლი და ფუნქცია მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად არაფერ შუაშია სამართლებრივი დევნა. სკოლაში გადაცდომის განხილვისა და მასზე ობიექტური რეაგირების მიზნით მოქმედებს დისციპლინური კომიტეტი, რაც სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს.

რაც შეეხება დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ამასთან დაკავშირებით წესში არის შემდეგი რეგულაცია: მუხლი 13. მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემა.

– კიდევ ერთი შენიშვნა, რაც განათლების სპეციალისტებმა გამოთქვეს შემდეგში მდგომარეობს: მათ მიაჩნიათ, რომ პედაგოგის სამართლებრივი დევნა საერთოდ არ უნდა იყოს გაფორმებული. მათთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა გამოსცეს დირექტორმა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი პედაგოგის გადაცდომაზე დისციპლინური კომიტეტის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით. (კომიტეტი განიხილავს და გადაუგზავნის დირექტორს ხელმოსაწერად) გამოდის, დირექტორი უუფლებო ხდება? როგორია აღნიშნულზე თქვენი არგუმენტები და განმარტება?

– სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტის ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. ეს მუხლი ცხადყოფს, რომ დირექტორი შეიძლება დაეთანხმოს (სკოლის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი) ან არ დაეთანხმოს (ამ შემთხვევაში ის ასაბუთებს უარს) დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას. როგორც ხედავთ, ყველა რეგულაცია ერთგვარი დამცავი მექანიზმია მასწავლებლის მიმართ ობიექტური, გამჭვირვალე, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის.

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი უკვე დაამტკიცა. დოკუმენტი ძალაში ახალი წლიდან შევიდა, რაც შეეხება კერძო სკოლებს, აქ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს თავად სკოლა განსაზღვრავს.

საგულისხმოა, რომ დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

დისციპლინარული სახდელის ვადა 1 წელია, თუმცა მისი ვადაზე ადრე მოხსნაც იქნება შესაძლებელი, რაც სკოლის შინაგანაწესით უნდა განისაზღვროს. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური