GE

მასწავლებლებმა შეამცირეს მოსწავლეებისათვის საშინაო დავალებების მიცემის სიხშირე – TIMSS 2015

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS-ის შედეგების მიხედვით, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები უსაფრთხოდ და უფრო მეტად მოწესრიგებულად მიიჩნევენ სკოლას, ვიდრე რვა წლის წინ. როგორც კვლევამ აჩვენა, კომპიუტერები უფრო ხშირად გამოიყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, ვიდრე მათემატიკის. იმ მოსწავლეებს, რომლებიც სახლში რეგულარულად იყენებენ კომპიუტერს ან ტაბლეტს, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ზოგადად უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ იყენებს ტექნოლოგიებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა TIMSS 2015-ის ნაციონალური ანგარიშის მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების  შესახებ რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება. მანამდე კი ცენტრი TIMSS 2015-ის ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება.

გთავაზობთ იმ მონაცემებს, თუ რა ძირითადი ფაქტორები ახდენს მოსწავლის შედგებზე სკოლასა და სახლში გავლენას. როგორც ცნობილია, TIMSS-ის კვლევაში მე-4 და მე-8 კალსის მოსწავლეები მონაწილეობენ.

კლასის ზომა და სკოლის უსაფრთხოება

TIMSS-ის 20 წლიანმა კვლევამ აჩვენა სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემაში მათემატიკის კლასის ზომის როგორც ზრდის, ასევე შემცირების ტენდენცია. ბოლი 20 წლის განმავლობაში ზოგადად კლასების ზომის შემცირების ფონზე არ გამოვლინდა იმის მტკიცებულება, რომ მცირე ზომის კლასებში უკეთესი შედეგებია (მე-8 კლასში ბავშვების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:  კორეის რესპუბლიკა 50-დან 31-მდე, ირანი 36-დან 25-მდე, ნორვეგია 21-დან 24-მდე, ლიტვა 20-დან 22-მდე).

სკოლის უსაფრთხოება

TIMSS 2015-ის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები უსაფრთხოდ და უფრო მეტად მოწესრიგებულად მიიჩნევენ სკოლას, ვიდრე რვა წლის წინ.

მასწავლებლის განათლება

2015 წელს მასწავლებლები უფრო მეტად კვალიფიცირებულნი აღმოჩნდნენ, ვიდრე იყვნენ 2007 წელს.

აღმოჩნდა, რომ 2015 წელს მე-4 კლასის მასწავლებელთა 85%-ს ჰქონდა ბაკალავრის ხარისხი ან მისი ეკვივალენტური კვალიფიკაცია. 2007 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 78%-ს.

რუსეთში თითქმის ყველა მე-8 კლასელ მოსწავლეს ასწავლის მასწავლებელი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა მათემატიკას (როგორც ძირითად საგანს). უნგრეთში მე-8 კლასელი მოსწავლეების მხოლოდ 20%-ის მასწავლებელი სწავლობდა მათემატიკას (როგორც ძირითად საგანს) უმაღლეს სასწავლებელში .

ტექნოლოგიების გამოყენება

ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაკვეთილებზე კომპიუტერების გამოყენება

როგორც კვლევამ აჩვენა, კომპიუტერები უფრო ხშირად გამოიყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, ვიდრე მათემატიკის. 1995 წლიდან 2007 წლამდე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა 2007 წლიდან 2015 წლამდე გაკვეთილზე კომპიუტერის გამოყენების მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა.

კომპიუტერების გამოყენება სახლში

იმ მოსწავლეებს, რომლებიც სახლში რეგულარულად იყენებენ კომპიუტერს ან ტაბლეტს, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ზოგადად უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ იყენებს ტექნოლოგიებს.

სწავლების ხანგრძლივობა და საშინაო დავალება

მასწავლებლებმა შეამცირეს მოსწავლეებისათვის საშინაო დავალებების მიცემის სიხშირე. 1995 წელს მოსწავლეთა 67% აღნიშნავდა, რომ მასწავლებელი დავალებას კვირაში სამჯერ აძლევს, 2015 წელს კი მოსწავლეთა 52% მიიჩნევს ასე. მასწავლებლებს აქვთ მოლოდინი, რომ მოსწავლე ნაკლებ დროს დახარჯავს დავალების შესრულებაზე. 1995 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში გაორმაგდა იმ მოსწავლეთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც საშინაო დავალებაზე 15 წუთზე ნაკლებს ხარჯავენ.

სწავლების ხანგრძლივობა

მათემატიკის სწავლებისათვის განკუთვნილი დრო იცვლება ქვეყნების მიხედვით. TIMSS-ის 20 წლიანი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა დღეს მათემატიკის სწავლებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა – შედარებით ნაკლებს (აშშ +49 წუთი, კანადა +22 წუთი, ლიტვა -21 წუთი, იაპონია -20 წუთი).

განსხვავება სქესის მიხედვით

გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკაში თუ ბიჭებს?

ტრადიციულად ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში ზოგადად ბიჭები უკეთეს შედეგებს აღწევდნენ, ვიდრე გოგონები. 1995 წელს უმეტეს ქვეყანაში (26-დან 15 ქვეყანაში) ბიჭები უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე გოგონები. 1995 წლიდან თანდათან განსხვავება სქესის მიხედვით შემცირდა.

მე-4 კლასელი მოსწავლეების მიღწევების მიხედვით 1995 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ნორვეგიაში ბიჭები უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, 2015 წელს კი გოგონებს ჰქონდათ უკეთესი მაჩვენებლები მაშინ, როდესაც ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში 1995 წელს გოგონები სჯობდნენ ბიჭებს, ხოლო 2015 წელს – ბიჭები გოგონებს. TIMSS-ის 20 წლიანი კვლევის მიხედვით, ერთიანობაში მე-4 და მე-8 კლასებში სქესის მიხედვით სხვაობა მოსწავლეთა მიღწევებში მცირდება.

მოსწავლეების დამოკიდებულება მათემატიკის მიმართ

ზოგადად მე-4 და მე-8 კლასებში მოსწავლეების უმეტესობას მოსწონს მათემატიკა, თუმცა TIMSS – 2015 გვიჩვენებს, რომ მე-4 კლასელების 75%-ს მოსწონს მათემატიკა მაშინ, როდესაც მე-8 კლასელებთან ეს მაჩვენებელი 65%-ია.

საკუთარი თავის რწმენა

მოსწავლეთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ კარგად ართმევს თავს მათემატიკას და TIMSS-ის 20 წლიანმა ციკლმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა 17% არ ეთანხმება შემდეგ გამოთქმას: „მე, ჩეულებრივ, კარგად გამომდის მათემატიკა“.

რაც შეეხება საქართველოს,  2015 წელს 2007-2011 წლების შედეგებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს როგორც მათემატიკაში, ასევე ბუნებისმეტყველებაში. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ქართველ მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რჩება.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ი უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.

საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში – 2007, 2011 და 2015 წლებში.

2015 წელს TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.  საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

რომელ საგნებში გაუმჯობესდა საქართველოს მოსწავლეთა შედეგები – TIMSS-ის უახლესი კვლევის შედეგები

 ცისანა არის© შერგილაშვილი
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური