GE

მინისტრის უარი და პარლამენტის იმედად დარჩენილი მშობლები – რეპორტაჟი აქციიდან

„შეუშვით ბავშვები სკოლაში“, „ნუ დაჩაგრავთ 1 კვირის გამო“, „ ერთი კვირა უდრის ერთ წელს“ , _ ამ ლოზუნგების ფონზე დაიწყო საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან იმ მშობლების აქცია, რომლის შვილებიც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სკოლაში ვერ შევლენ, თუ სწავლის დაწყებამდე 6 წელი არ შეუსრულდებათ.

სცენარისტი გიორგი ჯანელიძე, რომელიც მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წევრია, ითხოვს, მშობლებს მიეცეს უფლება, თავად გადაწყვიტონ თავიანთი შვილების ბედი:

unnamed (3)„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით კანონპროექტს, რომელიც ჩვენს შვილებს სკოლაში შესვლის უფლებას მისცემს.  ხვალ მეორე კენჭისყრაა და გვინდა, მოუწოდოთ პარლამენტარებს, ისევ დაუჭრიონ მხარი კანონპროექტს. ჩემ შვილს დაბადების დღე  დეკემბერში აქვს, მაგრამ მე თვითონაც დეკემბერში  ვარ დაბადებული, 5 წლის შევედი სკოლაში და არანაირი პრობლემა არც აკადემიური მოსწრების მხრივ, არც ფიზკულტურის გაკვეთილზე არ მქონია. ვთვლი, რომ ჩემი შვილიც მზად არის. ოჯახში ერთი ბავშვი კიდევ გვყავს, რომლის სკოლაში მიყვანა 5 წლის ასაკში შეგვეძლო, მაგრამ ის არ იყო მზად და არ შეგვიყვანია.  ვითხოვთ, დაგვიტოვონ მშობლებს უფლება, თავად გადავწყვიტოთ ჩვენი შვილების მომავალი“,  –  გვითხრა გიორგი ჯანელიძემ.

აქციაზე იმყოფებოდა 53-საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი  და ახლა უკვე „საგანმანათლებლო ალიანის თანათავმჯდომარე“  მარიამ რამინაშვილი, რომლის თქმით,  იმ ბავშვების სკოლაში არ შეშვება, რომლებსაც რამდენიმე დღეში უსრულდებათ სწავლის დაწყებიდან 6 წელი, მინისტრის ახირებაა და მეტი არაფერი.

„ამ საკითხზე მიკავშირდებოდა ბევრი მშობელი. მათ ჩემი თანადგომის იმედი აქვთ. ასეთი მნიშვნელოვან საკითხზე მსგავს დამოკიდებულებას, რომელიც  განათლების სამინისტროს გააჩნია, ვაპროტესტებ.  ბავშვის, რომელსაც რამდენიმე დღე აკლია 6 წლამდე,  შესაძლებლობების ეჭვს ქვეშ დაყენება, მხოლოდ ახირებაა.  ინდივიდუალური შემთხვევებია, რომლსაც ვერ გავექცევით, როცა ბავშვს უჭირს სწავლა, მაგრამ შეიძლება 11 წლის ბავშვსაც გაუჭირდეს პროგრამის ათვისება პირველ კლასში  თუ მივიყვანთ.  პედაგოგიკა ისეთი რამაა, სადაც კერძო, ინდივიდუალური შემთხვევები ყოველთვის არსებობს. ამ კანონპროექტმა, რომელიც ხვალ გადის კენჭისყრაზე,  არჩევანის საშუალება უნდა მისცეს მშობელს. კანონი არ უნდა იყოს აკრძალვაზე ორიენტირებული“, – მიიჩნევს მარიამ რამინაშვილი.

20150428_123040 „მშობლებმა გადაწყვიტეს აქციის ჩატარება და მომიწვიეს როგორც კანონპროექტის ინიციატორი.  მიმაჩნია, რომ 10 და 20 დღის გამო ბავშვი არ უნდა დარჩეს სკოლის გარეთ. ასე ხელაღებით მათი გარეთ დატოვება არ შეიძლება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა აქციაში.

აქციის დროს განათლების სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინისტრი თამარ სანიკიძე მზადაა,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს კობა სუბელიანს  და ჟურნალისტებს შეხდეს.

ამ წინადადებით ჩამოვიდა აქციის მონაწილეებთან განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძეც:

„მინისტრი შეხვდება ბატონ კობას და მედიას. აქ ორი საკითხია: ერთი მშობლების თემა, მეორე – წმინდა პოლიტიკური“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რაზეც სუბელიანისგან უარი მიიღო:

„მარტო მე მშობლების გარეშე არ შევხვდები. ვართ მშვიდობიანი მიზნებით მოსული, არაფერს ცუდს არ ვაპირებთ. მე მითუმეტეს.  მე თუ  ვარ პრობლემა, შემიძლია ავდგე და წავიდე აქედან“ , – განაცხადა კობა სუბელიანმა.

საბოლოოდ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრთან შესახვედრად მხოლოდ ჟურნალისტები ავიდნენ. თამარ სანიკიძემ მედიას ის დოკუმენტები წარუდგინა, რომელზეც ერთი წლის წინანდელი კენჭისყრის შედგები იყო ასახული. მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კანონპროექტისთვის, რომელიც 5 წლის ბავშვების სკოლაში შესვლის აკრძალვას ეხებოდა, ერთი წლის წინ ხმა ჰქონდათ მიცემული.

„სუბელიანი დღეს გაექცა პასუხისმგებლობას და ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ ამოვიდა სასაუბროდ.  აქ  ორი საკითხი,  ერთი – პოლიტიკური, მეორე უფრო შინაარსობრივი, რომლებიც მშობლების დაინტერესებას ეხება.  ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, მშობლებთან სასაუბროდ სამინისტრო ყოველთვის მზადაა. ერთი წლის წინ,  როდესაც ეს კანონი იხილებოდა, „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკლებლივ მისცეს ხმა. მათგან ერთ-ერთი იყო სერგო რატიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ უნდა გვეფიქრა სასკოლო მზაობის პროგრამაზე.  ჩვენ ამჯერად გვაქვს ეს პროგრამა, მშობლებთან სასაუბროდაც მზად ვათ. ბევრმა მათგანმა ჩვენთან უკვე გაიარა კონსულტაცია. ეს პროცესები გაგრძელდება იმ განრიგით, რომელიც გვაქვს მანდატურის სამსახურში და თუ საჭირო იქნება, აქაც გავაკეთებთ ღია კარის დღეებს. ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა, რომელიც  ამ პროცესებისას დაისვა ისაა, თუ რა ელის ჩვენს ბავშვებს, რომლებაც არ უსრულდებათ 6 წელი სწავლის დაწყებამდე?  ამისათვის სერიოზული მუშაობა ჩატარებულია.  საქართველოს განათლების სამინისტრო ბაღების სააგენტოსთან და მერიასთან ერთად აწესრიგებს ინფრასტრუქტურას, ბავშვებს კარგი სერვისი რომ შევთავაზოთ. სასკოლო მზაობის შესახებ კანონი უკვე შემუშავებულია და ის პარლამენტში შევა“, – განაცხადა მინისტრმა.

unnamed (2)რატომ დაუჭირეს მხარი ადრე 5 წლის ბავშვების სკოლაში არ მიყვანას და რატომ შეცვალეს დღეს პოზიცია „ნაციონალებმა“, ამის შესახებ კომენტარი სუბელიანმა გააკეთა:

„მაშინ 5 წლის ბავშვებს ეხებოდა საქმე, ამჯერად კი 6 წლის ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც რამდენიმე დღე აკლიათ სკოლის ასაკამდე. მინისტრი არის ერთადერთი მოწინააღმდეგე ამ კანონის, იმიტომ რომ პარლამენტმა და მათ შორის უმრავლესობის წევრება მას მხარი დაუჭირეს. ძალიან ვთხოვთ მინისტრს, სიტყვიერი მესიჯით მისცეთ თანხმობა ამ კანონროექტს“, – თქვა კობა სუბელიანმა.

თამარ სანიკიძემ ასევე აღნიშნა,  რომ აქციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ზოგიერთი მონაწილე:

„ვნახე, რომ ერთეული მშობლები იყვნენ, რომლებსაც მართლა აწუხებთ ეს პრობლემა და მათთან ვართ ჩვენ პასუხისმგებლები, მაგრამ ძირითადი ნაწილი  ისინი იყვნენ, რომლებიც ყოფილ დირექტორებს, ყოფილი რესურსცენტრის ხელმძღვანელებს წარმოადგენენ. პოლიტიკური დაჯუფების და ა.შ. წევრებს, რომლებიც ამწვავებენ პროცესებს. 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის  სატელევიზიო ჩანაწერი არსებობს, რომელიც კბილებით იცავს იმ მოსაზრებას, რომ 5 წლის ბავშვები არ უნდა შევიდნენ სკოლაში. ვისაც თავისი შვილის ბედი აინტერესებს, ისინი ჩვენთან ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ და ვაწვდით ინფორმაციას. ყველა მშობელთან შესაძლებელია შეხვედრა. დღეს აქციის ფორმატი იყო და არ შევხვდით, მაგრამ სხვა ფორმატში მშობლებთან ვიმუშავებთ“, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება გამონაკლისს, თამარ სანიკიძე არც ერთი ბავშვისთვის სწორად არ მიიჩნევს გამონაკლისის დაწესებას:

„როდესაც კანონი იყო, რომელიც 31  დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს აძლევდა სკოლაში შესვლის უფლებას, იცით, რამდენი მშობელი მოდიოდა, რომლის შვილი 1, ან 2 იანვარს იყო დაბადებული, რომ გამონაკლისი დაგვეშვა? რომ ვთქვათ, რომ 1 ოქტომბერს დაბადებულებს მივიღებთ სკოლაში,  მერე 2 ოქტომბერს და შემდგომ დაბადებული ბავშვების მშობლები მოითხოვენ, მათი შვილებისთვის გამონაკლისის დაწესებას. ამიტომ ზღვარი სად უნდა გავავლოთ, კანონში  არის მოცემული. სწავლის დაწყებამდე თუ არ უსრულდება ბავშვს 6 წელი, არ მივიღებთ სკოლაში“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

unnamedგანათლების მინისტრს საქციელი დაუწუნეს აქციაზე შეკრებილმა მშობლემა:

 „პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ ეს ყველაფერი. მინისტრს უნდა, რომ შეხვდეს მარტო სუბელიანს, რომ მერე თქვას, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟიაო.  მშობლები ვაცხადებთ, რომ ამას არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. ერთადერთ რაღაცას ვითხოვთ: რომ შეუშვან ჩვენი შვილები სკოლაში. მე უფრო კარგად ვიცი, ჩემი შვილი სკოლისთვის მზად არის, თუ ქალბატონმა მინისტრმა? მე ვფიქრობ,  ეს არის მისი ახირებული გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ დეპუტატები შევლენ ამ ბავშვების მდგომარეობაში. ამდენი ქალი მშობელი მოვედით და ისე გაიძურწა, არც შეგვხვდა. ჩვენ დღეს გვყავს გაპარული განათლების მინისტრი“, – აღნიშნა აქციის მონაწილე ნინო ორდენიძემ, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაასრულეს მინისტრთან შეხვედრა.20150428_131924

აქციის ბოლოს მშობლებმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ მიმართვას მოაწერეს ხელი, სადაც დავით უსუფაშვილს მოუწოდებენ,  ხვალინდელ კენჭისყრაზე კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღოს და მათი შვილები სკოლის მიღმა არ დატოვოს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით პარლამენტის წევრმა, კობა სუბელიანმა გასულ სასესიო კვირაში წარადგინა. მისი კენჭისყრა კი 29 აპრილის სხდომაზე იგეგმება.

ცვლილების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება, თუმცა, 6 არ შესრულებიათ.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური