GE

,,მომავლის სკოლის“ მომავალი სტიქიის შემდეგ – რა ელით ძველ და ახალ მოსწავლეებს

შლამით და ტალახით დატბორილი შენობა, ჩამსხვრეული მინები, დანგრეული ინფრასტრუქტურა და სწავლისთვის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები – ასეთი სურათი დახვდათ 14 ივნისს, ადგილზე მისულ ,,მომავლი სკოლის“ ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს. კერძო სკოლა, რომლის ისტორია 1992 წლიდან იწყება და საქართველოში ერთ–ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება, დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს.

11653282_1188399154519658_1066993998_nსკოლის ამერიკელი და ქართველი დამფუძნებლები სასწავლებლის ფერფლის ნაცვლად, ტალახიდან ფენიქისვით აღდგენას ცდილობენ. შენობის მიმდებარე ტერიტორია ჯერ ბოლომდე გაწმენდილიც არ არის. ადმინისტრცია ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაშია შეხიზნული. ყველა თანამშრომელი მუშაობს ერთი იდეისთვის სკოლაში სწავლა უნდა გაგრძელდეს.  რა ბედი ელის 300–მდე მოსწავლეს სექტემბრიდან  –  ,,მომავლის სკოლის“ მომავალზე და დრამატულ რეალობაზე Aris.ge-განათლებას სკოლის დირექტორის მოადგილე ნუცა ქორელი ესაუბრა:

– სტიქიის ღამეს სკოლის შენობაში დაცვის ორი წევრი იმყოფებოდა. საბედნიეროდ ორივე მათგანი მაღალი დონის პროფესიონალია, ომგამოვლილები არიან და მოახერხეს სტიქიას შებრძოლებოდნენ. ერთ–ერთმა,  უეცრად მოვარდნილ წყალს ატენის მთაზე ასვლით დააღწია თავი.

11652099_1188400951186145_709528480_nდაცვის მეორმა წევრმა შენობიდან სწრაფად გამოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ დაელოდა წყლის ნაკადს აჰყვა ზედა სართულამდე და შემდეგ როგორღაც მოხვდა სახურავზე. ფანრის ატანაც მოახერხა. რის წყალობითაც ირგვლივ მდებარე კორპუსებში მცხოვრებლებმა შეამჩნიეს,  დარეკეს 112– ში თუმცა მაშველები,  რომ მოსულიყვნენ ალბათ იქ შესვლას ვერც მოახერხებდნენ. შემდეგ მეორე დაცვის წევრმა, რომელიც ატენის მთაზე ავიდა ადგილობრივების დახმარებით  მიაწოდა თოკი, გასაბერი ნავი და სამშვიდობოს გამოიყვანეს. რომ არა მართლა დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, დღეს ალბათ, ეს ადამიანები ცოცხლები არც იქნებოდნენ. მადლობა ღმერთს ორივე გადარჩა.


– 14 ივნისს ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დაგხვდებოდათ…

11655559_1188399091186331_1873968380_n– თვალნათლივ რომ ნახავ, სურათი კიდევ უფრო საშინელია. ჭერამდე ტალახსა და შლამში იყო ყველაფერი აზელილი,  ფანჯრები ჩალეწილი,  გადარჩენილ საბუთებსა და დოკუმენტაციას ტალახი არ შორდება. კომპიუტერები დამსხვრეულია, ინვენტარი განადგურებული. ჩვენი ამერიკული სახელმძღვანელოები ლამინირებულია, მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა გათვლილი. თუმცა ახლა მათ გამოყენებასაც ვერ შევძლებთ. ჩვენი დირექტორი  ბატონი რაიანი ბიოლოგია,  მისი თქმით ამ წიგნების გამოყენება მოსწავლეებისთის საფრთხის შემცველია – გაწმენდისა და დამუშავების შემთხვევაშიც კი.


– ქალბატონო
ნუცა, თუ არის დათვლილი ზარალის ოდენობა?

11354691_1188401001186140_1984389011_n– ზარალი 2 მილიონ დოლარამდეა. არაჩვეულებრივი შენობა გვქონდა და დღეს ის ფაქტობრივად აღარ არის. უნიკალური სახელმძღვანელოები, ეს წიგნები აქ არ იყიდება, ჩვენს დამფუძნებლებს ჩამოჰქონდათ ეტაპობრივად. კომპიუტერები, მერხები, სკამები, სამზარეულის ინვენტარი…უამრავი რამ სრულად არის განადგურებული – ზარალი 2 მილიონსაც აჭარბებს.

– ერთ–ერთი პირველი ადგილი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტიქიის შემდეგ მოინახულა ,,მომავლის  სკოლა“ იყო – რა სახის დახმარებას დაგპირდათ სახელმწიფო?

– ნამდვილად, ქალბატონი თამარი ძალიან დაგვიდგა მხარში, გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა, ლამის იტირა კიდეც. ჩვენი მე–11 კლასელები მყისიერად გადაანაწილეს 55–ე სკოლაში საგამოცდოდ. მინისტრი ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობასაც შეგვპირდა.

11651075_1188399181186322_190978979_n– ეკონომიკის სამინისტროსთან სავარაუდოდ შენობის საკითხზე მოგიწევთ ურთერთობა… ძველ შენობაში დაბრუნებას არ გეგმავთ?

– ჩვენი შენობა გინდაც გაიწმინდოს, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ ბავშვებს ვერც მივიყვანთ.  შიშს დიდი თვალები აქვს. ამხელა რისკს სკოლა თავის თავზე ვერ აიღებს.  ჩვენ რომც გავრისკოთ რომელი მშობელი მოიყვანს შვილს იქ?!  არადა ეს შენობა ჩვენი აშენებულია, ადრე იქ თავლა იყო. დაახლოებით 1600 კვადრატული მეტრია.

– შენობის გაყიდვას ფიქრობთ?

– ვერ გეტყვით,  ახლა ამოსავალი წერტილი ახალი შენობის და თავშესაფრის პოვნაა. საბედნიეროდ  არც ერთ მშობელს არ უთქვამს, რომ ბავშვი სკოლიდან გაჰყავს. პირიქით, ახლებიც მოდიან. გაკვირვებულები ვეკითხებით ,,არ იცით სკოლის შენობა რომ აღარ არისთქო“ გვპასუხობენ, რომ იციან და ახალ მისამართს გვეკითხებიან. კიდევ კარგი არდადეგების პერიოდი დაგვემთხვა და გონზე მოსვლისთვის დრო გვაქვს.

11655118_1188399087852998_1702430286_n– ახალ მისამართზე რას გვეტყვით? ეკონომიკის სამინისტრომ ალტერნატივა შემოგთავაზათ?

– ორი ვარიანტი შემოგვთავაზეს. ბაგებში  წმინდა გიორგის სკოლის შენობა შეგვიძლია ქვეიჯარად ავიღოთ, ხოლო მეორე შენობა ჯიქიაზეა. მართალია იქ დიდი ფართია, თუმცა შენობა ამორტიზირებულია, უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს.

– ამერიკული მხარე თუ არის ჩართული სკოლის აღდგენის პროცესში?

– რა თქმა უნდა. ჩვენ სკოლების ქსელი ვართ. რომელი ქვეყნის სკოლასაც რა შეუძლია, იმით დაგვეხმარება: წიგნები კომპიუტერები, ინვენტარი… სია უნდა შევადგინოთ იმის, თუ რა გვჭირდება – შემდეგ  გადავუგზავნით და  დაველოდებით დახმარებას.

– როგორც ვიცით, შემოწირულობებისთვის ანგარიშიც გახსნილი გაქვთ..

11653425_1188399197852987_1483195914_n– დიახ ანგარიში გახსნილია, შემომწირველებიც არიან, თუმცა გვესმის, რომ ახლა პრიორიტეტი ის ადამიანები არიან, ვინც უსახლკაროდ დარჩა.  ყველას ვუთანაგრძნობთ,  განსაკუთრებით მათ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა. აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლა ვართ, არც ერთი ჩვენი დამფუძნებელი სკოლის შემოსავლიდან ერთ თეთრს არ ღებულობს. ეს წესდებით რეგულირდება. მთელი შემოსავალი ყოველთვის უკან, სკოლის განვითარებაში ბრუნდება.

– აღნიშნული მდგომარეობა სწავლების ფასის ცვლილებას ხომ არ გამოიწვევს, მომატებას ან დაკლებას ხომ არ გეგმავთ?

– არა, ცვლილებას არ ვგეგმავთ. ჩვენთან სწავლის ფიქსირებული გადასახადი არ არის.  ძველი მოსწავლეები ნაკლებს იხდიან, ახლები უფრო მეტს. თუმცა კონტრაქტში გვიწერია, რომ მოსწავლისთვის სწავლის ღირებულების 10–15% მატების უფლება გვაქვს. სწავლის ფასი დროთა განმავლობაში ნელ–ნელა იზრდება – სხვანაირად არ გამოდის.  ქართული რეალობისთვის ცოტა ძვირი ჩანს ჩვენთან სწავლა თუმცა ერთ–ერთი ყველაზე იაფი კერძო სასწავლებელია.

11650961_1188401007852806_761868358_n– და ბოლოს, თქვენი პასუხებიდან ნათელია, თუმცა მაინც რომ დააზუსტოთ, სექტემბრიდან ,,მომავლის სკოლაში“  სასწავლო პროცესი განახლდება?

– ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ იმხელა ისტორია გვაქვს, რომ ასე მარტივად ფარ–ხმალს არ დავყრით.

 

გთავაზობთ მომავლის სკოლის დასახმარებლად გახსნილი საბანკო ანგარიშის მონაცემებს: ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:

საბანკო კოდი  – TBCBGE22

მიმღების დასახელება – შპს “მომავლის სკოლა”

ანგარიშსწორების ანგარიში – GE50TB7198636020100002

FOR GEL TRANSFER

JSC “TBC Bank”, Central Branch

NAME OF BENEFICIARY – “SCHOOL OF TOMORROW”LTD

BEN’S ACCOUNT – GE50TB7198636020100002

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური