GE

მორიგი უშედეგო აქცია განათლების სამინისტროსთან – რა უთხრა მინისტრმა მშობლებს

განათლების სამინისტროსთან გამართული სასკოლო ასაკს მიღწეული მოზარდების მშობლების აქცია ხმაურის ფონზე წარიმართა. „ნუ დატოვებთ სკოლის გარეშე 20 000-ზე მეტ ბავშვს “, „შეუშვით ბავშვები სკოლაში“ – ეს აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგები იყო.

მომიტინგეები მიიჩნევდნენ, რომ სანიკიძის უწყებას არანაირი კონცეფცია არ გააცნია და სრულიად უსაფუძვლო, გაუგებარ და არალოგიკურ შეზღუდვებს უწესებს ბავშვებს. მათი პოზიციით, რამდენიმე დღის გამო ბავშვი სკოლის გარეთ არ უნდა დარჩეს.

უკმაყოფილოთა მთავარი მოთხოვნა მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრა იყო. მათ შენობაში შესვლა ერთიანად სცადეს, თუმცა მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მათ მოუწოდა, რომ რამდენიმე სპიკერი გამოეყოთ, რომლებსაც თამარ სანიკიძე შეხვდებოდა.

აბესაძესთან მოლაპარაკება ხმაურიანი გამოდგა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და  სანიკიძის მოადგილეს დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ რომ თამარ სანიკიძესთან შეხვედრაზე რამდენიმე მშობელი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდოდნენ და თამარ სანიკიძესა და სასკოლო მზაობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრებს გაესაუბრებოდნენ.

მინისტრთან შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მშობლებმა ეტაპობრივად  შეხვედრის ოთახის დატოვება დაიწყეს. მათ აუდიენცია უშედეგოდ შეაფასეს და განაცხადეს, რომ შეხვედრა არაფრისმომცემი იყო, რადგან სანიკიძე საკუთარი პოზიციის დასაბუთებას ცდილობდა და მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დათმობებზე წასვლას არ აპირებდა.

სირცხვილია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მშობლები ითხოვენ შვილების შეშვებას სკოლაში. მოგვცენ უფლება რომ ჩვენ შვილებს განათლება მივცეთ. არ ვართ სადისტები და მაზოხისტები, რომ თუკი ბავშვებს არ შეუძლიათ, ძალით შევიყვანოთ სკოლებში. ჩვენი შვილების შესალებლობები ჩვენ უკეთ ვიცით. არ მინდა 1 წელი გავაჩერო ბავშვი სკოლის მიღმა, ბაღში ფიზიკურად ვერ ვატარებ , იმიტომ რომ ძალიან დიდია და თურმე სკოლისთვის ძალიან პატარა ყოფილა. არ მინდა 1 წლის განმავლობაში ბავშვი სახლში დამიჩლუნგდეს“,- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილე ნინო მაყაშვილმა

სანიკიძესთან შეხვედრიდან გამოსული მშობლების მტკიცებით, მინისტრს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და არგუმენტები არ გააჩნდა. მათივე თქმით, კომუნიკაცია შედგა, თუმცა თამარ სანიკიძე შეხვედრიდან მალე გავიდა და მშობლები ფსიქოლოგებთან დატოვა. ამის შემდეგ კი მშობლებისა და ფსიქოლოგების საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.

შეხვედრიდან გასვლის შემდეგ თამარ სანიკიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა განცხადება გააკეთა სასკოლო მზაობის პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრმა, ფსიქოლოგმა ანა ცინაძემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განათლების სმაინისტროს ინიციატივა სწორია და 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეთ.

სკოლაში შესულ 5 წლის ბავშვებს აქვთ ფსიქოსომატური სახის გამოვლინებები, არ უნდათ კლასში შესვლა. ბებიები და დედები სხედან დერეფანში. თუ ბავშვი დედას ვერ ხედავს, ის იწყებს შფოთვას“, – განაცხადა ანა ცინაძემ.

მშობლებმა განათლების სამინისტროს შენობა უკვე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ისინი აღნიშნულ საკითხზე თამარ სანიკიძეს უკვე მეორედ შეხვდნენ, თუმცა ორივე აუდიენცია კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საკითხზე ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე დაბადებულ პატარებს სწავლის დაწყების უფლება უნდა მიეცეთ. ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ორი მოსმენით უკვე უყარეს კენჭი. პირველ მოსმენაზე კანონპროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა, მეორე კენჭისყრაზე კი ჩავარდა. 27 მაისს კი კობა სუბელიანი კანონპროექტის გატანას პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გეგმავს.

„5 წლისა და 11 თვის ბავშვის სკოლაში მიღება არასწორია“- ირაკლი ღარიბაშვილი

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

მინისტრის უარი და პარლამენტის იმედად დარჩენილი მშობლები – რეპორტაჟი აქციიდან

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური