GE

მოუწევს თუ არა ირმა შიოშვილს თელავის უნივერსიტეტის რექტორის პოსტის დატოვება – სასამართლოს გადაწყვეტილება

დაუბრუნდება თუ არა თანამდებობას თელავის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი?! ერთი წლის წინ ხმაურით დაწყებული საქმე გრძელდება. საქალაქო სასმართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა დავა არ გადაუჭრია. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ წარმოდგენილი მასალები ღელაღუტაშვილის დიპლომის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით არასაკმარისი აღმოჩნდა და უწყების მხრიდან მისი მტკიცებულებებით გამყარება უნდა მოხდეს.

გასული წლის დეკემბერში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ავთანდილ ღელაღუტაშვილის, 2009 წელს გაცემული დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობა არ აღიარა, რის საფუძველზეც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის, ლაშა ვერულავას 2014 წლის 4 დეკემბერის #1.2/ 4260 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი “სსიპ- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად – ავთანდილ ღელაღუტაშვილის უფლებამოსილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ (”სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2013 წლის 10 დეკემბერის #1.2/4215) ბრძანება, მისი ბათილად ცნობის დღიდან.”

მაშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, დარღვევები იქნა აღმოჩენილი ავთანდილ ღელაღუტაშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვამდე განვლილ პროცედურებში. მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა. ავთანდილ ღელაღუტაშვილმა კი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

რა ეტაპზეა საქმე დღეს

,,სასამართლომ განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის დებულება ბათილად ცნო და დავის გადაუწტყვეტლად დაუბრუნა საქმე. უწყებას მისცა მითითება, რომ მტკიცებულებები, რაც მათ წარმოადგინეს არასაკმარისი იყო, არ იყო სიღრმისეულად გაანალიზებული და საქმე თავიდან არის შესასწავლი. სწორედ იმ დებულებაზეა საუბარი, რომლითაც იხელმძღვანელა შემდგომში აკადემიურმა საბჭომ და ბატონ ავთანდილს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ახლა ხარისხის მართვამ თავიდან უნდა გამოიკვლიოს საბუთები. თუ ხარისხის მართვა ახალ აქტს არ გამოსცემს, მაშინ ბათილად იქნება ცნობილი ის დებულება, რომლითაც დიპლომის ნამდვილობა ეჭვქვეშ დადგა და ბატონი ავთანდილიც დაუბრუნდება რექტორის პოსტს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი აქტს გამოცემენ, სადაც უცვლელი გადაწყვეტილება იქნება მოცემული, ჩვენ სამართლებრივ დავას არ შევწყვეტთ“,- აცხადებს Aris.ge-განათლებასთან საუბარში ღელაღუტაშვილის ადვოკატი ლალი სურმავა.

თელავის უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს კი მიაჩნია,  რომ ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ მისი დიპლომის ნამდვილობა აღიაროს.

,,სასამართლო პროცესი ძალიან გაჭიანურდა, 10 თვე გრძელდებოდა, არადა ბოლო სხდომა 4 საათში ჩატარდა. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს სასამართლომ მისცა შანსი, ხარვეზი თავადვე გამოასწორონ. ორ წელში რაც ვერ შეისწავლეს და ნახეს, აწი რაღა უნდა ნახონ. მე პირიქით, გადაჭარბებით მაქვს გეგმა შესრულებული კრედიტებსაც ვგულისხმობ და დისერტაციასაც. მათ აქვთ შესაძლებლობა, დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. როგორ განვითარდება სცენარი?! – ჯაჭვური რეაქციაა – თუ ხარისხის მართვა აღარ გამოსცემს ახალ აქტს და აღარ გაგრძელდება სასამართლოში დავა ავტომატურად გაუქმდება ჩემთვის რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება და არჩევნების შედეგებიც,  რომლითაც რექტორად ქალბატონი ირმა შიოშვილი იქნა არჩეული,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას ავთანდილ ღელაღუტაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ დიპლომის ნამდვილობის საკითხი შეთითხნილია და საქმე მხოლოდ რექტორის სავარძელს ეხება. ღელაღუტაშვილი ამტკიცებს რომ, დაინტერესებული მხარე თავად უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტია. ,,ჯერ შეგნებულად ხმას არ ვიღებ, თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს და მტკიცებულებაც, სასამართლო სხდომაზე ძალიან კარგად გამოჩნდა, თუ ვინ არის დაინტერესებული მხარე”.

Aris.ge-განათლებასთან საუბარში თელავის უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს არ დაუმალავს, რომ განწყობა და მოლოდინი პოზიტიური აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხარისხის მართვა საქმის კვლავწარმოებას დაიწყებს, ღელაღუტაშვილი პოზიციების დათმობას არ აპირებს – ,,სიმართლე მაინც იზეიმებს თუნდაც ამისთვის სტრასბურგში მომიწიოს წასვლა”.

სასამართლომ გადაწყვეტილება 8 ოქტომბერს გამოიტანა, განჩინების ჩაბარების  ორკვირიანი ვადა 2 კვირის წინ გავიდა, თუმცა არც ერთ მხარეს საქალაქო სასამართლოდან განჩინება ჯერ არ ჩაბარებია. როგორც Aris.ge -განათლებას განათლების ხარისხის განვითარების სამსახურში განუცხადეს, ისინი ოფიციალურ კომენტარს განჩინების ჩაბარების შემდეგ გააკეთებენ.

irma-shioshviliრაც შეეხება თელავის სახელწმიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელ რექტორს, ირმა შიოშვილს – როგორც მან Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, იგი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია

ჩვენს კითხვაზე, როგორ ფიქრობს, მოუწევს თუ არა რექტორის პოსტის დათმობა? – შიოშვილი მოკლე პასუხით შემოიფარგლა – ,,ამის საშიშროებას მე ვერ ვგრძნობ”.

რა სცენარით განვითარდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სავარძლისთვის ბრძოლა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და როგორ აღასრულებს მას კანონმდებლობა, აღნიშნულის შესახებ Aris.ge-განათლება კიდევ გიამბობთ.

რამდენად სამართლიანად შეუწყდა თელავის უნივერსიტეტის რექტორს სტატუსი?!

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური