GE

ნაცვალსახელთა მართლწერა – ჩემკენ თუ ჩემსკენ? ჩვენ შესახებ თუ ჩვენს შესახებ? მე და შენ შორის თუ ჩემ და შენ შორის?

გრამატიკულ ცნობარში დღეს ნაცვალსახელთა მართლწერასთან დაკავშირებულ საკითხებს მიმოვიხილავთ. როდის უნდა დავურთოთ – ს ნიშანი ნაცვალსახელს და როდისაა ის ზედმეტი? ორი პირის ნაცვალსახელის ერთად გამოყენებისას რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ?რატომ არის -თა მარცვალი ზედმეტი ნაცვალსახელებში „ჩვენთაგანი“, „თქვენთაგანი“, „მათთაგანი“?

განმარტება

ნაცვალსახელი გამოიყენება სხვა სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევებში. მისი სახელწოდება სწორედ ამ თვისებაზე მიგვითითებს.

თავისებურება

ნაცვალსახელთა ჯგუფებს ( პირის: მე, შენ, ის; ჩვენ, თქვენ, ისინი;ჩვენებითი: ეს, ეგ, ის/იგი; ესენი, ეგენი, ისინი; კუთვნილებითი: ჩემი, შენი, მისი, ჩვენი, თქვენი, მათი, თავისი/თავიანთი; განსაზღვრებითი: თვით/თავად. თვითონ, თითოეული…)ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს. მესამე პირის ნაცვალსახელის ფორმა ( ის, ისინი) წინადადების კონტექსტის გათვალისწინებით ჩვენებითი ხდება, ნათესაობით ბრუნვაში მდგარი პირის ნაცვალსახელი კი კუთვნილებითის ფორმას ემთხვევა, რადგან, მაგალითად, პირველი პირის ნაცვალსახელი მე მიცემითსა და ნათესაობითში ფუძეს იცვლის(ჩემ) და თანდებულს დაირთავს( ჩემ-კენ, ჩემ-თვის, ჩემ-გან და ა.შ.).

წესი

ნაცვალსახელთა ამგვარი თავისებურება ხშირად ხდება შეცდომის მიზეზი. შეცდომებისგან თავის დასაზღვევად აუცილებელია გვახსოვდეს:

  • თანდებულიან პირველ და მეორე პირის ნაცვალსახელებს -ს ნიშანი არ დაერთვის. შესაბამისად, სწორია:

ჩემკენ   (და არა ჩემსკენ)

შენკენ   (და არა შენსკენ)

შენგან   (და არა შენსგან)

ჩემ შესახებ   ( და არა ჩემს შესახებ)

ჩვენ გამო     ( და არა ჩვენს გამო)

  • კუთვნილებითი ნაცვალსახელი (ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი, მათი) ბრუნვის დროს მიცემითსა და ვითარებთში დაირთავს – ბრუნვი ნიშანს. ეს ნაცვალსახელები, ძირითადად, მსაზღვრელის ფუნქციით გამოიყენება და საზღვრულთან ერთად იბრუნვის. შესაბამისად, სწორია:

ჩემს მეგობარს, ჩემს სახლს, ჩემს პრობლემად, ჩვენს ქვეყანას, თქვენს ვებსაიტს და ა.შ.

უფრო მარტივად:

თუ ნაცვალსახელი გამოხატავს კუთვნილებას, გამოიყენება მსაზღვრელად – ს საჭიროა!

თუ ნაცვალსახელი პირისაა და მას მოსდევს თანდებული ( ცალკე მდგომი ან შეერთებული) -ს საჭირო არაა!

თანმიმდევრობა

თუ ორი პირის ნაცვალსახელის გამოყენებას ვაპირებთ და მათგან ერთ-ერთი მე ნაცვალსახელია, პირველ ადგილს ვუთმობთ პირველი პირის ნაცვალსახელს. ერთადერთი სწორი გამოთქმაა: მე და შენ შორის, მე და მას შორის.

თუ პირველი პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილეა, ამ შემთხვევაში მე-ს ჩაენაცვლება ჩემ.

შესაბამისად, სწორია:

მე და შენ შორის ( და არა ჩემ და შენ შორის)

მე და მას შორის ( და არა მას და ჩემ შორის)

შენ და ჩემ შორის ( და არა შენ და მეს შორის)

-თა ზედმეტია

ჩვენ(ნაცვალსახელს)+ გან ( თანდებული)= ჩვენგან

ნაცვალსახელი ჩვენგანი აღნიშნავს ჩვენ შორის ერთ რომელიმეს, თქვენგანი – თქვენ შორის რომელიმეს, მათგანი – მათ შორის ერთ რომელიმეს. ნაცვალსახელი მიიღება მრავლობითის ფორმაზე გან თანდებულის დართვით. – თა მარცვალს არც ერთ შემთვევაში ( ჩვენ-თა-განი, თქვენ-თა-განი, მათ-თა-განი) არ აქვს გამართლება. ის ზედმეტია.

შესაბამისად, სწორია:

ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე

ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური