GE

მისაღები გამოცდების ელექტრონული ფორმატის აპრობაციას გამოცდების ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მისაღები გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ჩატარების ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ცენტრი მსურველებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოცდის ახალ ფორმატთან მიახლოებულ პირობებში.

პროექტის იდეა გამოცდის ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა.

მათი ცნობით, წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება სავალდებულო და არჩევითი გამოცდების ტესტების ელექტრონული ვერსიები, რომელთა გაცნობა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

ელექტრონული ვერსიები რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გამოქვეყნდება სწორი პასუხები.

მონაწილეს შესაძლებლობა ექნება საკუთარ (ან სკოლის) კომპიუტერთან შეასრულოს მოცემული დავალება, სურვილის შემთხვევაში კი საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი ამავე დროს დამატებით მომსახურებას სთავაზობს მონაწილეებს – თუ აბიტურიენტი გარკვეულ საფასურს გადაიხდის, ცენტრი ნაშრომების გასწორებას, სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას უზრუნველყოფს. მინიმუმ 4 გამოცდის არჩევისას მონაწილეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეეძლება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. ამისათვის ჩამონათვალიდან სასურველი ფაკულტეტები უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ კი ეკრანზე გამოჩნდება მისი საკონკურო ქულა იმ ფაკულტეტისათვის, რომელიც მან აირჩია და 2015 წელს შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა მინიმალური საკონკურსო ქულა.

ცენტრის განმარტებითვე, მიმდინარე წელს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პროგნოზირებისათვის ამ ინფორმაციის გამოყენება მიზანშეუწონელია (საკონკურსო ქულები 2015-2016 წელს შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს), თუმცა აბიტურიენტს არჩევანის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ წინასაგამოცდო პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებს და დეტალურ ინსტრუქციას.

ტესტების გამოქვეყნების შემდეგ მონაწილე დავალებების პასუხებს საგამოცდო ინსტრუქციის შესაბამისად გადაიტანს ფურცელზე. შევსებულ ფურცლებს კი მოათავსებს კონვერტში და იმავე საფოსტო განყოფილებაში მიიტანს.

ნაშრომების გასწორების შემდეგ პროექტის მონაწილე საკუთარ გვერდზე იხილავს შედეგებს, გათანაბრებულ ქულებს, სკალირებულ ქულებს, 4 გამოცდის არჩევის შემთხვევაში კი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებოდა 2015 წელს მიღებული შედეგებით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გაზაფხულიდან დაიწყება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს. ოქტომბერ-ნოემბერში კი დაგეგმილია პილოტირება ქუთაისისა და ჩოხატაურის მე-12 კლასელთათვის.

ამ მუნიციპალიტეტების საჯარო თუ კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები არა მხოლოდ ტესტს და სწორ პასუხებს გაეცნობიან, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე, სრულიად უფასოდ მიიღებენ მომსახურებას, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს.

2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური