GE

გამოცდების ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი განმარტება და ბოდიში აბიტურიენტებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების შედეგების სმს-ით გავრცელებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აბიტურეინტებს ბოდიშს უხდის. ,,ნაეკის” განცხადებას EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.

23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება სმს-ბის საფასურს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშვის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ.

,,კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ. მათ, ვინც სერვისის გათიშვამდე გააგზავნა შეტყობინება, გარდა ქულებისა, მიიღო იმ მომენტისათვის სისტემაში დამატებით არსებული ინფორმაცია და მომსახურების საფასური – 50 თეთრი ჩამოეჭრათ ანგარიშიდან. თუ აბიტურიეტი მიიჩნევს, რომ ქულებთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიღების გამო ამ საფასურის გადახდა არ არის სამართლიანი, ვთხოვთ, მოგვართოს განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: მინდელის N9”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური