GE

პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადებისთვის ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები დაინერგება

პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები დაინერგება.  პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტების განათლების ექსპერტების მიერ მომზადდა. ახალი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია დღეს ილიას უნივერსიტეტში  გაიმართა.

ახალი სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე დაყრდნობით მომზადდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია იმედოვნებს, რომ პროგრამა სრულყოფილად ამოქმედეება.

”ვფიქრობ, რომ კონცეფციის სრულყოფილად ამოქმედების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ერთ-ერთი მთავარი პირობა რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს სკოლებში კარგი მასწავლებლები ასწავლიდნენ,”- განაცხადა ”ილიას” რექტორმა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ორი პროგრამა – საბაკალავროსთან შერწყმული (300 კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამა და 60 კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა, მათთვის ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება თუმცა, არა პედაგოგიური. ისინი ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან მეთოდოლოგიას, ფსიქოლოგიას და რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გაივლიან სკოლებში პედაგოგიურ პრაქტიკას, რითაც მომავალი პედაგოგები თავის თავს რეალურ სივრცეში გამოცდიან.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ანალოგიური პროგრამები ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და სრულად შეესაბამება ბოლონიისა და ევროპის ერთიანი უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებს.

პროგრამების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც დაესწრო. თამარ სანიკიძის თქმით, ძირეულად იცვლება როგორც პროგრამა, ასევე ზოგადად, პედაგოგიკისადმი მიდგომა.

”ამ ცვლილებების შედეგად უნდა გავაუმჯობესოთ სასკოლო შედგეგები. ეს პროგრამა მოიცავს რამდენიმე ელემენტს. ეს არ არის მხოლოდ არსებული მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმი. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების მომზადება. რაც დღეს სრულყოფილად არ ხორციელდება. არ ხდება პროფესიაში ისეთი პედაგოგის შემოსვლა რომელიც მეტ დროს დახარჯავს პროფესიულ განვითარებაზე,”- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროგრამები დაინრეგოს რეგიონებშიც. რადგან იქ პედაგოგების მომზადების კუთხით უფრო სავალალო მდგომარეობაა ვიდრე დედაქალაქში.

”იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ისეთი პრობლემა რასაც ჩვენი მოსწავლეების შედეგების  გაუმჯობესება ქვია, საჭიროა პროგრამა და კონცეფცია დაინერგოს რეგიონებშიც. ამ შემთხვევაში ქუთაისს, ზუგდიდს, ბათუმს, თელავს და ახალციხეს ვგულისხმობ. იმითვის, რომ რეგიონულ და თბილისელ პედაგოგს შორის განსხვავება აღარ იყოს,”-დასძინა მინისტრმა.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური