GE

პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ მუშაობა დაასრულა

სახელმწიფო კომისიის წევრებმა ზოგადი განათლების კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა დაასრულეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტები არეგულირებენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფუნქციონირებას და განსაზღვრავენ მასწავლებლებისთვის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებსა და გაანგარიშების წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებს.

დოკუმენტების საბოლოო ვერსიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან ერთად საქართველოს მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას 20 იანვარს წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს 1 თებერვლამდე შეიმუშავებდა.

19 წევრისაგან შემდგარი სპეციალური სახელმწიფო კომისია მუდმივმოქემდია და მისი  წევრები არიან წარმომადგენლები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებიდან, პროფესიული კავშირებიდან, ასევე პედაგოგები და დირექტორები სასკოლო საზოგადოებიდან, წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, განათლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ განათლების ექსპერტები.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური