GE

პირველკლასელი წელს 52–ათასზე მეტი ბავშვი გახდება – ყველაზე პოპულარული სკოლების სია  

2016 წლის 15 სექტემბერს საჯარო სკოლაში  52 149 პირველკლასელი მიდის. სწორედ ამდენი მოსწავლეა დარეგისტრირებული პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე ჯამურად.  მეორე ეტაპზე საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 25 მაისს დასრულდა. მონაცემი შეიძლება რეგისტრაციის მესამე ეტაპის შემდეგ მცირედით  შეიცვალოს.  თუმცა როგორც წინა წლების მაგალითები გვიჩვენებს, მესამე ეტაპზე ძირითადი მონაცემი უმნიშვნელოდ იცვლება.

EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა  ტყემალაძე ესაუბრა.

,,ამ ეტაპზე სულ დარეგისტრირებულია 52 149 პირველკლასელი. მათგან 17 023 აპლიკანტი  დედაქალაქში დარეგისტრირდა. რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, ჯერ კიდევ დარჩენილია 21 870 ვაკანტური ადგილი”.

მისივე ინფორმაციით, წელსაც წინა წლების მსგავსად დედაქალაქში ყველაზე მოთხოვნადი სკოლების ხუთეული ასე გამოიყურება: პირველი კლასიკური გიმნაზია, პირველი ექსპერიმენტული, 47-ე, 51-ე და 53-ე საჯარო სკოლები.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2016 წლის 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება მესამე ეტაპს ის 14 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეგისტრაცია უშუალოდ, თავისუფალი ადგილების მქონე საჯარო სკოლებში აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე განხორციელდება.

შეგახსენებთ  2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება

საინტერესო ინფორმაცია სკოლების შესახებ მშობლებისთვის

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური