GE

პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებული პედაგოგები – რა დასკვნა დადო შესაბამისმა კომისიამ

2006 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 14 დეკემბრამდე, პოლიტიკური ნიშნით, განათლების სისტემიდან 23 ადამიანი გათავისუფლდა.  მათგან 15 მასწავლებელია, 7  პედაგოგი, ერთი კი რესურსცენტრის თანამშრომელი. შესაბამისი ანგარიში  ,,პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეების შემსწავლელმა კომისიამ” დღეს გამოაქვეყნა.

კომისია ჯერ კიდევ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინციატივით შეიქმნა. რაც შეეხება შემადგენლობას – კომისია სახალხო დამცველის აპარატისა და 7 არასათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა  ( ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”; ”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი”;  ”სკოლა, ოჯახი, საზოგადოება”; ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორის საზოგადოება”;  ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”; ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”; ). კომისიამ 2 წელიად ნახევარი სრულიად უსასყიდლოდ თუმცა ერთი პირობით იმუშავა:

,,სამუშაო მართლაც ძალიან შრომატევადი იყო.  იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მანდატი იყო ნებაყოფლობითი  მტკიცე შეთანხმება გვქონდა სამინისტროსთან – ის პირები, ვიზეც ჩვენ დავდებდით დასკვნას, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ სამსახურიდან დათხოვნილები, სამინისტროს ისინი უნდა დაებრუნებინა  შესაბამის თანამდებობებზე. სულ შემოვიდა 831 განაცხადი. მათგან ბევრს ჰქონდა ხარვეზი. სულ კი საბოლოოდ კომისიამ 305 საჩივარი განიხილა. მათგან 23-ს დაუდგინდა გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით,”- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ.

რაც შეეხება შემოსულ განაცხადების ოდენობას რეგიონების მიხედვით, საჩივრით კომისიას თბილისიდან 396-მა პირმა მიმართა; მეორე ადგილზეა იმერეთი 99 განაცხადით; კახეთის რეგიონიდან კი 77 საჩივარი დაიწერა. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე  532 პედაგოგი, 191 დირექტორი, 22 რესურსცენტრის თანამშრომელი და 19 რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჩიოდა.

,,კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებას ძირითადად ადგილი ჰქონდა 2011 წლის მეორე ნახევარში და 2012 წლის დასაწყისში. პოლიტიკური ხასიათის ზეწოლას განათლების სისტემაში დასაქმებულ პირებზე უმეტესად ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ახორციელებდნენ. ამასთანავე, 9 შემთხვევაში დადგინდა, რომ განმცხადებლები პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ მათთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური შეხედულებების გამო. პოლიტიკური შეხედულებების გამო კონკრეტულ პირებს სამსახურიდან წინასწარ შემუშავებული, აპრობირებული მეთოდით ათავისუფლებდნენ. პედაგოგების შემთხვევაში საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ახორციელებდნენ, რათა მასწავლებლებთან ვადამდე შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა.

არაერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ ზეწოლის განმახორციელებელ შუალედურ რგოლს, როგორც წესი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოადგენდა. უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს სამსახურიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ათავისუფლებდნენ და სამართლებრივი საფუძველი თითქმის ყველა განხილულ შემთხვევაში იყო შრომითი ხელშეკრულების მოშლა,”-ნათქვამია კომისიის დასკვნით დოკუმენტში.

რაც შეეხება დირექტორების გათავისუფელბის მოტივებს -კომისიის დასკვნის თანახმად გამოვლინდა შემდეგი სახის ფაქტები:

  • ზეწოლის მეთოდები – ადმინისტრაციულ შენობებში შესვლისას ჩხრეკის ჩატარება, პირების პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის იძულება;
  • მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების (ე.წ. “CAT”-ის გამოცდები)

არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძვლით ცალკეული სკოლის

დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება;

  • სკოლის საქმიანობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩარევა;

  • საგაკვეთილო საათების განაწილებაში სამინისტროს ჩარევა;
  • პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების გამო ზეწოლა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის შეფასებით, კომისიამ ის ,,ხვრელები აღმოაჩინა რომელთა საშუალებითაც სამსახურებიდან ადამიანების უკანონო დათხოვნა ხდებოდა ”. სანიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტი სისტემის გამართვისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

,,ეს იყო კომისია, რომელსა საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა. კომისიამ ბევრი სისტემური ხასიათის პრობლემა აღმოაჩინა. დაადგინა რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა დირექტორებისა და პედაგოგების გათავისუფლება.  23 ადამიანი დასახელდა, თუმცა რეალურად, ციფრი გაცილებით დიდია. უბრალოდ ბევრს ისე ათავისუფლებდნენ, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შეძლებდნენ ფაქტის გასაჩივრებას.  ჩვენ ასეთი ადამიანების საქმეები შევკარით და ამ პირებს  გაუჩნდათ საფუძველი დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა,”- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება იმ 23 პირს ვისაც პოლიტიკური ნიშნით სამსახურების დაკარგვა ოფიციალურად დაუდგინდათ, თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ისინი სისტემაში უკვე დაბრუნდნენ. თუმცა მოქმედი კანონმდებლობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა შესაბამის თანამდეობაზე ვერ აღდგა.

ხდებოდა თუ არა 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე პოლიტიკური მოტივით გათავისუფლება, აღნიშნულ  საკითხს კომისიას აღარ სწავლობს, როგორც ლია მუხაშავრიამ ARIS.GE-განათლებასთან საუბარში განმარტა, კომისიამ მუშაობა დაასრულა და აღნიშნული საკითხი მათი კომპეტენცია აღარ არის.

კომისიის ანგარიში

 

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური