GE

პროფესიულ კოლეჯებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების რაოდენობა შემცირდა

საჯარო პროფესიულ კოლეჯებში ხელმოკლე სტუდენტების რაოდენობა მცირდება.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პროფესიული განათლების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ ის სტაბილურ დასაქმებას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სტაბილური  სოციალური შემწეობის მიღება ურჩევნიათ. კვლევა “მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ადასტურებს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წილი საჯარო პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხულ სტუდენტებს შორის შემცირებულია (2012 წელი – 37,9 %   ///   2013 წელი – 20,9%   ///     2014 წელი –  5,1%).

“არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებული დამსაქმებელს სთხოვს, ხელზე მისცეს ხელფასი, რათა ოჯახს სოციალური შემწეობა არ მოუხსნან. ბუნებრივია ასეთი პირობები არც ერთ დამსაქმებელს აწყობს. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ დასაქმებული სტუდენტის მშობელი ჩვენთან პრეტენზიით მოსულა. უკმაყოფილების საფუძველი შვილის სამსახურში გაფორმება გახდა”, – აცხადებს EDU.ARIS.GE– სთან საუბარში პროფესიული სასწავლებელი “სპექტრის” დირექტორი მათე ტაკიძე.

სოციალურად დაუცველები, ეროვნული უმცირესობები, დევნილები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, შშმ პირები, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბენეფიციარები თუ ვეტერანები მოსახლეობის ის კატეგორიებია, რომელთა პროფესიულ განათლებაში ჩართულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასაქმების თვალსაზრისით, არამედ მათი სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებაში თანასწორი ჩართულობის მიზნით.

საკანონმდებლო დონეზე და განათლების სამინისტროს სტრატეგიებში პროფესიულ განათლებაში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა სხვა საკითხია ამ მიმართულებების დანერგვა და განხორციელება. პრობლემის სიღრმიდან გამომდინარე, დარგის სპეციალისტები, ახალ საგანმანათლებლო ჩიხზე საუბრობენ.

“მივაქციოთ ყურადღება რა არის ჩვენი სტუდენტური კონტინგენტი. 2014-15 წლის მონაცემებს გადავხედე, ძალიან შემცირებულია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფები ანუ ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად ჭირდება განათლების ეს საფეხური. პროფესიული ტესტირებიდან მიღებული ირიბი შედეგია პროფესიული განათლებაში ჩართული მოწყვლადი ჯგუფების რაოდენობის შემცირება. რეალურად სისტემა დგას ახალი საგანმანათლებლო ჩიხის წინაშე, რომელზეც კულუარებში უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ. გამონაკლისია, შშმ პირების ჯგუფი, იმიტომ რომ მათთვის განსხვავებული ჩარიცხვის პირობები და მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება”- განუცხადა EDU.ARIS.GE-ს  პროფესიული განათლების კონსულტანტმა, თეა სიფრაშვილმა.

სოციალურად დაუცველებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის ორი მთავარი ბარიერი არსებობს. პირველი ინფორმაციის ნაკლებობაა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე ხელი არ  მიუწვდება, არ აქვს ინფორმაცია პროფესიული სასწავლებლების, კურსების  შესახებ; მეორე ბარიერი ფინანსების ნაკლებობაა. ის, რომ პროფესიული განათლების მიღება უფასოა ხელმოკლე ოჯახებისთვის მნიშვნელვოვან შეღავათს წარმოადგენს, თუმცა პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა სხვა რეგიონიდან ჩასულ სტუდენტებს საცხოვრებლით და სტიპენდიით ვერ უზრუნველყოფს, ოჯახების უმრავლესობას კი ამ ხარჯების გაღების შესაძლებლობა არ აქვს.

პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ 

პროფესიული სერტიფიკატი პროფესიული დიპლომის ალტერნატივად – განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა

რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?

პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური