GE

პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი – მეთოდის შესახებ

ავტორი – ნინო ლომიძე

სავალდებულო საპროგრამო ტექსტების კითხვა სავალდებულო საპროგრამო მიზნებს ემსახურება. ლიტერატურის კურსი სწავლების დაწყებითი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით ისეა გაწერილი, რომ მოსწავლემ გამოიმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;  ამ მიზნის მისაღწევად მხატვრული ტექსტის ანალიზი ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრება. დღეს სწორედ ამ პარადიგმაზე ვისაუბრებთ დაწვრილებით. რას მოიაზრებს ანალიზი? რა ელემენტებისგან შედგება ის? რა ტერმინოლოგიას ვიყენებთ მხატვრული ტექსტის ანალიზისას და როგორ ვამუშავებთ პროზაულ ტექსტს შესაბამისი მითითებების მიხედვით?

ანალიზის ელემენტები

  • ნაწარმოების თემის, იდეის, მთავარი სათქმელის, პრობლემატიკის ამოცნობა.
  • ტექსტის სიუჟეტისა და კომპოზიციის ურთიერთმიმართება
  • მხატვრული ტექსტის შექმნისას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდები – პერსონაჟთა გალერეა, სურათხატები, აღწერის, ამბის თხრობის, გადმოცემის ხერხები.
  • ავტორისეული განწყობა-დამოკიდებულების კვლევა, თემისადმი, პერსონაჟებისა და იდეებისადმი მისი მიმართების ამოცნობა.
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მიმოხილვა
  • ნაწარმოებზე მსჯელობა ჟანრობრივი თავისებურების და ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით
  • სუბიექტური ემოციურ-შეფასებითი დამოკიდებულების გამოვლენა
  • პერსონაჟთა ხასიათზე, ქმედებებსა და საქმიანობაზე დაკვირვებით მათი შეფასება, ტექსტზე დაყრდნობით ლეგიტიმური დასკვნების გაკეთება.
  • დასკვნების განზოგადება

პროზაული ტექსტის ანალიზი

ანალიზის ზოგადი ჩარჩოს მიხედვით პროზაული ტექსტის მხატვრულ ანალიზში სასურველია წარმოჩენილი/დამუშავებული/მიმოხილული იყოს შემდეგი საკითხები:

  • ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც მიეკუთვნება ტექსტი
  • ისტორიული ეპოქის გავლენა ტექსტზე ( ისტორიულ-კულტურული კონტექსტი)
  • ტექსტის შექმნის პრეისტორია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ჟანრის განსაზღვრა
  • სიუჟეტური ქარგა, კომპოზიცია, ტექსტის აგებულება
  • კრიტიკული მოსაზრებების გაცნობა/შეფასება/კომენტირება
  • მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების მიმოხილვა
  • პერსონაჟთა ხასიათზე, თვისებებზე, ქცევაზე დაკვირვება/დახასიათება (ეპითეტები/დახასიათება კონკრეტული ეპიზოდების დამოწმებით)
  • თხრობის/გადმოცემის სტილი (თხრობა I პირშია თუ III-ში, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები, რომლებიც გვეხმარება ჩანაფიქრის ამოცნობაში…)

კონცეპტუალური ჩარჩო

პროზაული ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნაწარმოების თემა და იდეა.

მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულს:

თემა

თემა, იგივე დედააზრი, ლიტერატურულ ნაწარმოების ობიექტური საფუძველია. სხვა სიტყვებით, ეს ისაა, რაც განსაზღვრავს ნაწარმოების შინაარსაა და ფორმასაც კი. სწორედ თემა აკავშირებს მხატვრული ტექსტის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან, რათა ერთ შინაარსობრივ მთლიანობად აქციოს ის. თემა შეიძლება იყოს მარადიული, ნებისმიერი ეპოქისა და მოცემულობისთვის მნიშვნელოვანი(მეგობრობის თემა, სიყვარულის თემა, სამშობლოს სიყვარულის თემა…) ან გარკვეული ( კონკრეტული) ვითარებით განპირობებული ( მამათა და შვილთა ბრძოლა, ბატონყმობის თემა…).

ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად გადაწყვიტოს, ეს დამოკიდებულია მწერლის მსოფლხედველობაზე, ოსტატობაზე, გამოცდილებაზე, მოღვაწეობის ეპოქაზე…მაგალითად, ცნობილია, რომ ფაუსტის თემა გოეთემდე რამდენიმე მწერალმა დაამუშავა, თუმცა  მისი „შესრულება“ ყველაზე უკეთ სწორედ მან შესძლო; მეცხრამეტე საუკუნეში აქტუალური იყო ბატონყმური ურთიერთობის თემა, ამ საუკუნეში მოღვაწე მწერლების შემოქმედებაში ეს თემა საკმაოდ მრავალხრივ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული.

ტექსტის კვლევისას ამ მიმართებით უნდა დაისვას კითხვები  – ემთხევა თუ არა თემა ტექსტის შექმნის თანამედროვე ეპოქას? დაკავშირებულია თუ არა თემასთან სათაური? შევისწავლეთ თუ არა სხვა ნაწარმოები, სადაც იგივე თემაა დამუშავებული? რა განსხვავებაა ამ ტექსტებს შორის? რამ განაპირობა მწერლის დაინტერესება თემით? არის თუ არა აქტუალური იგივე თემა დღეს?იყო თუ არა თემა აქტუალური ნაწარმოების შექმნის ეპოქაში?

იდეა

იდეა ერთგვარი პასუხია ავტორის მიერ ნაწარმოებში დასმულ კითხვებზე. იდეა ისაა, რის ირგვლივაც „ბრუნავს“ ტექსტის მხატვრულ ესთეტიკური სამყარო, პერსონაჟები. იდეა მეტწილად უკავშირდება ავტორის მიერ აღებული თემას, თუმცა ისეც ხდება, რომ მწერალს მისივე ასახულის მიმართ არ/ ან ჯერ არ აქვს/ ან შეფარვით აქვს ჩამოყალიბებული დასკვნები და გადაწყვეტილებები. მწერლის მიერ იდეის არგაცხადება არ ნიშნავს ნაწარმოების იდეის არარსებობას, რადგან საკითხის დასმის სტილი, მანერა შესაძლოა უკვე მეტყველებდეს მწერლის გარკვეულ დამოკიდებულებაზე. იდეა ტექსტის მთავარ სათქმელადაც მოიაზრება, რომელიც სხვადასხვა მხატვრული ხერხებით, საშუალებებითაა გადმოცემული. საკუთარ დამოკიდებულებებს ავტორი სწორედ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გზით გადასცემს მკითხველს.

„გუსტავ ფლობერმა მკაფიოდ გამოხატა მისეული იდეალი მწერლისა. ის შენიშნავს, რომ ავტორი, ღმერთის დარად, საკუთარ წიგნში უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად – კონკრეტულად – არსად, ის უნდა იყოს უხილავი და ყველგანმყოფი ერთდროულად. არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ავტორი თავს არ ამჟღავნებს, ზუსტად ისე, როგორც ფლობერს სურდა, თუმცა თავად მას არ გამოუვიდა ამ იდეალის წვდომა „მადამ ბოვარიში“.  საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტორი, თითქოს, არსად ჩანს,  ის მაინც „განფენილია“ ტექსტში, მისი „არარსებობა“ უკვეა გამოხატულება თვალსაჩინო არსობისა. როგორც ფრანგები ამბობენ, „თავისი არყოფნით ბრწყინავს“. ( ვლადიმირ ნაბოკოვი „ლექციები საზღვარგარეთის ლიტერატურაზე“)

იდეის გაცხადების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწერლის ოსტატობას. საჭირო დროს, საჭირო მომენტში არ ან ვერგაკეთებული აქცენტი მხატვრულ ჩანაფიქრს, იდეას აფერმკრთალებს, თუ ავტორი მთლიანად „იდეითაა“ შეპყრობილი და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მხატვრულობას, ვიღებთ პუბლიცისტიკას ან უარეს შემთხვევაში – იდეოლოგიურ ტექსტს.

ამ მიმართულებით კვლევისას მკითხველი პასუხობს კითხვებს:რისი თქმა სურდა ავტორს? როგორ, რა მხატვრული ხერხების მეშვეობით შესძლო ან სათქმელის გამოხატვა? სათქმელი პირდაპირაა გადმოცემული თუ შეფარვით? რა არის ტექსტის/ცალკეული ეპიზოდის მთავარი სათქმელი? ავლენს თუ არა საკუთარ დამოკიდებულებას ავტორი პერსონაჟებისადმი? მათი ქმედებებისადმი?

პროზაული მხატვრული ტექსტის სტრუქტურის ანალიზისას აუცილებელია სიუჟეტისა და კომპოზიციის მიმოხილვაც.

კომპოზიცია მოიცავს მხატვრული ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, ჩანართი ეპიზოდების, ყველა გამოყენებული მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.

სიუჟეტი მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობაა. ამბის გადმოსაცემად ავტორი გარკვეულ სტრუქტურას მიმართავს, ამბებისა და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ქმნის სწორედ სიუჟეტს. სიუჟეტური ქარგა დამახასიათებელია ეპიკური და დრამატული ტექსტებისთვის. სიუჟეტის განვითარების ეტაპებია: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა.

ამ მიმართულებით მუშაობისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებებზე, საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის…) დანიშნულებაზე; სასურველია დაისვას კითხვები: გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები? შეგვიძლია თუ არა მათი საშუალებით ამოვიცნოთ მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას?რა თანმიმდევრობით გადმოგვცემს ავტორი ამბავს?

შესაძლებელია სქემის, დიაგრამის, აზრობრივი რუკის, სხვა გრაფიკული საშუალებების გამოყენებაც.

გრამატიკული ცნობარი

წყარო mastsavlebeli.ge

იხილეთ ორგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური