GE

ქრისტე აღ(ს)დგა! ანუ სწორი ფორმის შესახებ

ნესტან რატიანი

სკოლაში ნაკლებად, თუმცა უნივერსიტეტში უფრო ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვიღაც უცნობი შემომიღებს აუდიტორიის კარს და იტყვის „ბოდიშით”. არასოდეს არ მეზარებს (ეს ჩემი ქართული ენის მასწავლებლისგან გამომყვა) და კარის შემომღებს ყოველთვის მივუთითებ შეცდომაზე, ის კი არა, მოკლედ განვუმარტავ კიდეც, რატომ არ უნდა იხმაროს „თ”. არ ვიცი, რამდენად საკმარისია ხოლმე ეს მცირე განმარტება უცნობი კარის შემომღებისათვის, მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემი სტუდენტები დაიმახსოვრებენ და არ დაუშვებენ მსგავს შეცდომას (თუკი მანამდე უშვებდნენ).

აღდგომის შემდეგ ჩემი ფეისბუქელი მეგობრების წრე ორ ჯგუფად შემიძლია დავყო: ისინი, ვინც ქართული ენის ნორმებს იცავენ და ქრისტეს აღდგომას სწორი გრამატიკული ფორმით გვილოცავენ და ისინი, ვინც ქრისტეს აღდგომას არასწორი ფორმით გვამცნობენ. მეორე ჯგუფიც ორ ნაწილად იყოფა, ერთმა ჯგუფმა იცის და მაინც არ ემორჩილება წესებს, მეორემ კი არ იცის და ისე იმეორებს, როგორც ტელევიზიიდან ესმის და არც დაფიქრებულა იმაზე, სკოლის მოსწავლე რომ იყოს, ასეთ შეცდომაში ქართულის მაწავლებელი ნიშანს დააკლებდა.

პირადად მე ფეისბუქელთა პირველ კატეგორიას მივეკუთვნები და როდესაც ქრისტე აღდგა-ს ვამბობ/ვწერ, ჯიუტად უგულებელვყოფ ს-ს, რადგან ისევე, როგორც სხვა ჩემნაირებს, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ს ან მეორე სუბიექტური პირის ან მესამე ობიექტური პირის ნიშანია და ვინაიდან „აღდგა” ზმნა ერთპირიანია და ეს ერთი პირი, რა თქმა უნდა, მესამე პირის სუბიექტია, მისი ნიშანი კი ბოლოკიდური ა არის, ამიტომ ამ ზმნაში ს სრულიად ზედმეტია და მისი უფუნქციოდ ჩაწერა ზმნისწინის შემდეგ სრულიად გაუმართლებელია. წელს არ დავიზარე და იმის ნაცვლად რომ ყველა ჩემი მეგობრისთვის ერთი სტატუსით მიმელოცა აღდგომა, კურსორით ჩამოვუარე ფეისქბუქის მეგობრების „ქრისტე აღდგა/აღსდგა” სტატუსებს და კომენტარებში მივუწერე: „ჭეშმარიტად აღდგა”. ვისაც, ჩემი აზრით, სწორი ფორმა ეწერა, სოლიდარობის ნიშნად დავუკომენტარე.

ჩემი ამ საქციელით შევეცადე, მეჩვენებინა, რომ ერთნაირად ვფიქრობთ და გრამატიკული წესების უზენაესობას ერთნაირად ვაღიარებთ, ხოლო, ვისაც, ჩემი აზრით, არასწორად ეწერა, შევეცადე, ჩემი კომენტარით მეჩვენებინა, რომ სწორ ფორმას S2O3-ის ნიშანი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, შემეძლო, შეცდომის უფრო დეტალური განმარტება მათთვის ჩატში ისევე მიმეთითებინა, როგორც ამას შარშან, შარშანწინ ვაკეთებდი, რადგან წლევანდელმა სტატუსებმა მიჩვენა, რომ, ჩემი გარჯა ფუჭი არ იყო და ვისაც შარშან გავუსწორე, ავუხსენი, რატომ არ იყო ს-თი დაწერილი ფორმა სწორი, წელს უკვე „ჩემიანი” გამხდარიყო.

როგორც მივხვდი, ჩემი მეგობრების უმეტესობას, რომელთაც წესი უგულებელყვეს, შესანიშნავად იციან ქართული ენის გრამატიკა, მაგრამ მათ თავიანთი სიმართლე აქვთ, ამიტომაც, ამ სიმართლის გამო არაფრად დაგიდევენ ამ წესს, ჯიუტად არღვევენ მას და მცდარი ფორმის დამკვიდრებას უწყობენ ხელს. მათი სიმართლე კი ისაა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია (პირველი აქსიომა), იგი არაჩვეულებრივად ასახავს სხვადასხვა პროცესს და მას ხელი არ უნდა შეუშალო. ამ მიდგომის გამოა, რომ ის, რაც გუშინ არასწორ ფორმად ითვლებოდა დღეს უკვე სწორ ფორმადაა მიჩნეული. გავიხსენოთ თუნდაც მისასალმებელი სიტყვა „გამარჯობათ”. ყველამ იცის, რომ ნიშანი „თ” ზმნის მრავლობით რიცხვს გამოხატავს. „გამარჯობა” რომელი ზმნა არის, რომ მას ზმნისთვის დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდეს? მაგრამ იმის გამო, რომ ყველა ენა უნიფიკაციისკენ ისწრაფვის (მეორე აქსიომა), ჯერ ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრდა არასწორი ფორმა, ხოლო მერე უკვე ეს არასწორი ფორმა ნორმად იქცა. დღეს ორთოგრაფიულ ლექსიკონში „გამარჯობათ” სწორ ფორმად არის შეტანილი. ამგვარი მიდგომით ხვალ უკვე „ბოდიშით” ფორმაც შესაძლოა, სწორ ფორმად მოგვევლინოს და მე აღარ დამჭირდეს მცირე განმარტების გაკეთება იმ სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის, ვინც აუდიტორიის კარს შემომიღებენ.

ენა „შეცდომებითაა” სავსე, მიუხედავად იმისა, რომ ენას, მისი მწყობრი სისტემის გამო, ხშირად მათემატიკას ადარებენ. ამ „შეცდომების” წარმომავლობა განსხვავებულია. სიტყვა „შეცდომა” იმიტომ დავწერე ბრჭყალებში, რომ არ არის მართებული, შეცდომა უწოდო იმას, რაც უკვე ნორმად იქცა. მახსოვს, თანამედროვე ქართული ენის ლექტორი ქართული ენის ფილოსოფიური და თეოლოგიური ლექსიკის გამდიდრების საქმეში იოანე პეტრიწის დამსახურებაზე გვიამბობდა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ამ დიდ საქმეში წესების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია. დღეს „არსი”, „არსება”. „არსებობა” ყველასთვის ჩვეულებრივი ქართული სიტყვებია. არადა, თავის დროზე ეს სიტყვები წესების დარღვევით შეიქმნა. აბა, ვის მოუვა თავში აზრად, მესამე პირის ზმნას სახელობითის ნიშანი დაუმატოს და ასე მიიღოს ახალი სიტყვა? ვის მოუვა თავში აზრად, ნორმად აქციოს „ჭამსი” ან „წერსი”, არადა, თავის დროზე ასევე წარმოუდგენელი იყო, „არს” ზმნაზე სახელობითის „ი”-ს დამატება; ასევე წარმოუდგენელი იყო ხელოვნურად წარმოებულ ამ სიტყვაზე სხვადასხვა სუფიქსების დამატება და მისგან კიდევ ახალი სიტყვების – „ არსება” იქნებოდა ეს თუ „არსობა” – წარმოება. მაგრამ მთარგმნელის ფანტაზია და კრეატიულობა კიდევ უფრო შორს წავიდა და ზედსართავისა და არსებითი სახელებისთვის განკუთვნილი ორივე სუფიქსი ერთ ხელოვნურად მიღებულ სიტყვას დაურთო და სრულიად წარმოუდგენელი ფორმა „არსებობა” შემოგვთავაზა. დღეს არც არავის (ლინგვისტების გარდა) აინტერესებს ამ სიტყვის წარმომავლობა, იმდენად კარგად მოერგო და შეესისხლხორცა ქართულ ენას. იოანე პეტრიწის კრეატიულობას საზღვარი არ ჰქონდა. მან ზმნა „არს”-ის მოკლე ვარიანტსაც (ბიჭი არს = ბიჭია, არს=ა) დაურთო სუფიქსი და თავის ნაწერებში სიტყვა „აობა” შემოგვთავაზა, თუმცა, დანარჩენი სიტყვების მსგავსად, ეს სიტყვა ენამ ვერ იგუა.

დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. ის, ვინც „აღსდგა” ფორმის პროპონენტია, ამბობს, რომ რამდენიმე ძველ ქართულ ტექსტში ეს ფორმა გვხვდება, ე.ი. მისი გამოყენება ისტორიულადაა გამართლებული. ისინი თვლიან, რომ ენამ ჩვეულებრივი ქმედების განსხვავება მოახდინა, პროფანული საკრალურს დაუპირისპირა და ამის გამო მიმართა გრამატიკულად არასწორი ფორმის დამკვიდრებას. თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ ძველ ტექტსებში დადასტურებულ შეცდომას სისტემატური ხასიათი არა აქვს და, შესაძლოა, საქმე არაკვალიფიციურ გადამწერთანაც გვქონდეს. ის, ვინც „აღსდგა” ფორმის ოპონენტია, თვლის, რომ შეცდომის გამოსწორება ადვილია, თუკი ყველანი შევთანხმდებით და სწორი ფორმის გამოყენებას დავიწყებთ. მაგრამ ამასობაში ეკლესია გამოსცემს კალენდრებს, ტაძრებიდანაც არასწორი ფორმა გვესმის და საზოგადოებაც ვერ გარკვეულა, რატომ უსწორებენ და მიუთითებენ შეცდომაზე.

ნამდვილად შეგვიძლია, გრამატიკის კანონების უზენაესობის მომხრეებმა შეცდომაზე თვალი დავხუჭოთ, არასწორი ფორმა ნორმად ვაქციოთ, ოღონდ პირველ რიგში ამაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ქართული ენის ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონში „აღსდგა” ფორმა სწორ ფორმათა რიგში უნდა შეიტანონ. მანამდე კი, სანამ ამ ლექსიკონის სამოცდამეთერთმეტე გვერდზე სწორ ფორმად მხოლოდ „აღდგა” იქნება მითითებული, ზმნური ფორმა „აღსდგა” შეცდომად ჩაითვლება და მისი გამოყენების შემთხვევაში ჩვენი, ქართული ენის მასწავლებლების, მოვალეობა იქნება, ნიშანი დავაკლოთ მოსწავლეებს, თუნდაც გვესმოდეს, რომ ნორმად შეცდომაც შეიძლება იქცეს.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური