GE

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში?

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში? ეს კითხვა სერიოზული განხილვის თემაა ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ერთიანი შეთანხმება ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, უნგრეთი, ლიხტენშტეინი და ესტონეთი ოფოციალური სკოლის დაწყების ასაკია 7 წელი, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 5 წელი, ხოლო დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში 6 წელი.

5 წლის ასაკში სწავლის დაწყების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს აქვთ სასკოლო პროგრამის შემეცნების უნარი და ფორმალური სწავლების ადრე დაწყება მათი განათლების საქმეს საგრძნობლად წინ წასწევს.

დიდი ბრიტანეთის განათლების კვლევის ეროვნული ფონდის, კვლევითი განყოფილების დირექტორი, ადრეული განათლების სპეციალისტი კაროლინ კლარკი საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა განაპირობა ბრიტანეთში 5 წლის სავალდებულო სასკოლო ასაკად დაწესება, მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში 6 წელია განსაზღვრული. კლარკი აღწერს, რომ 1870 წელს დიდ ბრიტანეთში დამტკიცებული საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც 5 წელი განისაზღვრა სავალდებულო სასკოლო ასაკად, განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობა მაშინ ამ გადაწყვეტილებით ცდილობდა ბავშვის დაცვას სახლში ექსპლუატაციისა და ქუჩებში არსებული არაჯანსაღი გარემოსაგან. გარდა ამისა, ამბობს კლარკსონი, მთავრობა ამ გზით ასევე ცდილობდა ხელი შეეწყო დამსაქმებლებისათვის, რადგანაც ბავშვების სკოლაში ადრე შეყვანა ნიშნავდა სკოლის ადრე დამთავრებას და შესაბამისად სამსახურისთვის უფრო ადრეულ მზაობას. მისი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო არც საგანმანათლებლო და არც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული რაიმე მოტივი.

ბოლო წლების განმავლობაში განათლების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების დიდი ნაწილი მკაცრად დაუპირისპირდა სასკოლო განათლების ადრე დაწყებას. 2013 წელს დიდ ბრიტანეთში ამ მიზნით კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით “ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად”, რომელიც აერთიანებს ადრეული განათლების ექსპერტების დიდ ჯგუფს (რომლებიც ასევე არიან მოძრაობა “გადაარჩინე ბავშვობის” ნაწილი).
ფორმალური სწავლების 5 წლის ასაკში დაწყების მოწინააღმდეგენი მიუთითებენ, რომ ეს მიდგომა არასასურველი შედეგების მომტანია გრძელ ვადაში. ისინი მიუთითებენ კვლევებზე, რომლებიც უჩვენებენ, რომ წერა-კითხვის უნარების ადრე ათვისების უპირატესობა ვერ ნარჩუნდება გრძელ ვადაში. მაგალითად კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი დევიდ ვაითბრედი დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში უჩვენებს, რომ 5 წლის ასაკში კითხვის შესწავლა არ გულისხმობს უკეთესი შედეგების ქონას 11 წლის ასაკში. 2009-2012 წლებში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც კითხვას უფრო გვიან, 6-7 წლის ასაკში სწავლობენ, 11 წლის ასაკში უფრო მეტად კითხულობენ სიამოვნებისთვის და ტექსტის აღქმის უკეთესი უნარი.

სპეციალისტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ბავშვის ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია ფორმალური განათლების ზედმეტად ადრე დაწყებით. იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში სასწავლო პროგრამების სირთულე არ ითვალისწინებს ბავშვის ასაკის შესაძლებლობებს, ბავშვი ღიზიანდება, უყალიბდება დაბალი თვითშეფასება და კარგავს სწავლის მოტივაციას.

ამ ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ასევე არის თამაშის აუცილებლობა განსაკუთრებით 7 წლამდე (რომელიც ბავშვთა უფლებების კონვენციაშიც არის შეტანილი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბავშვის უფლება), რომელსაც ფორმალური განათლება ძალიან ზღუდავს.
დევით ვაითბრედი თავის ნაშრომში “თამაშის მნიშვნელობა” მიუთითებს, რომ თამაში უმნიშვნელოვანესია ბავშვის ჯანმრთელი გონებრივი, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის და ის ეხმარება ბავშვს ცხოვრების სირთულეებისათვის მომზადებაში. ხოლო იმ ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან საკმარისი რაოდენობით თავისუფალი თამაშის შესაძლებლობას, უმეტეს შემთხვევაში აქვთ ნევროლოგიური განვითარების პრობლემები. ამ მიზეზის გამო სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის გაზრდა 6-7 წლამდე. ამ არგუმენტის მართებულობის განსამტკიცებლად ისინი მიუთითებენ 15 წლის მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების PISA-ს შედეგებზე, რომელიც უჩვენებს, რომ საუკეთესო შედგები იმ ქვეყნებს აქვთ რომლებიც გვიან იწყებენ სწავლას.

2010 წლის 17 ივლისს, ყოველგვარი საჯარო განხილვებისა და ანალიზის გარეშე, საქართველოს “კანონში განათლების შესახებ” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფორმალური განათლების დაწყების ასაკი 5 წელი გახდა. მაშინ ქართველი ფსიქოლოგების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ისინი მიუთითებდნენ, რომ ასეთ ცვლილებას აუცილებლად სჭირდება მასწავლებლების გადამზადება და სკოლის შესაბამისი აღჭურვა, რათა მოერგოს 5 წლის ბავშვის თავისებურებს. თუმცა მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა.
2012 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ საქართველოში 5 წლის ბავშვების სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა, როგორც აკადემიური უნარ-ჩვევების ათვისებაში, ასევე ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რაც სპეციალისტების აზრით ბევრად უფრო საგულისხმოა.

კვლევა საუბრობს იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო სკოლების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს 35 წუთი მერხთან ჯდომას, მიუღებელია ამ ასაკში ბავშვის ფიზიკური განვითარებისათვის. შედეგი კი ის არის, რომ ქართველ ბავშვებში გახშირებულია სქოლიოზის შემთხვევები. გარდა ამისა, კვლევაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო სკოლებში არსებული მიდგომა ძირითადად მოითხოვს მასწავლებლის პასიურ მოსმენას ხანგრძლივი დროით, რაც აღემატება 5 წლის ბავშვის შესაძლებლობებს. ბავშვების ასაკობრივი მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა კი შესაბამის შედეგებს იწვევს, მაგალითად მასწავლებლები საუბრობენ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვები იწყებენ კალმების დაგდებას და შემდეგ აღებას, იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ თამაშის მოთხოვნილება, არ აქვთ კარგად განვითარებული მოტორიკა და უჭირთ კალმის და მაკრატლის გამოყენება, ითხოვენ მოფერებას, კალთაში ჩასმას, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ჭამა და თხოვენ მასწავლებელს რომ აჭამოს, ეძინებათ მერხზე და ხშირად უარს აცხადებენ საკლასო სამუშაოებზე.

2013 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ფორმალური განათლების დაწყების ასაკი აწეულიყო 6 წლამდე. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება ამაზე არ მიუღიათ. როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, განათლების სამინისტრო მუშაობს განათლების სტრატეგიაზე, რომლის საჯარო განხილვებიც 2014 წლის თებერვალში დაიწყება. იმედია განხილვებში იმ სპეციალისტებსაც ჩართავენ, რომლებსაც კარგად ესმით ადრეული განათლების თავისებურებები და ბავშვის ფსიქოლოგია და ასევე გაითვალისწინებენ, იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა განათლების სისტემები განსაკუთრებით გამორჩეულია და მათი შედეგებიც ასახულია საერთაშორისო შეფასებებში.

წყარო: ganatlebageo.wordpress.com
იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური