GE

რა პრობლემების წინაშე დგანან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი მისამართს კიდევ ერთხელ შეიცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა  უკვე დაადასტურა. 

გორგილაძის ქუჩაზე მდებარე #1 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის შენობაში ხელოვნების უნივერსიტეტის განთავსების საკითხი უკვე დღის წესრიგშია, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი გელა ბერიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შენობა სტუდენტების მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს და მისი რეკონსტრუქცია აუცილებელია:

„ადგილობრივმა მთავრობამ შემოგვთავაზა ფართი გორგილაძის ქუჩაზე ყოფილი ჭანტურიშვილის კოლეჯის შენობა. ამ შენობას უნდა დააშენდეს ერთი სართული ზემოდან და უკან ეზოში არის შესაძლებლობა მიემატოს დამატებითი ახალი კორპუსი 4 სართულიანი, რომელიც გაუთანაბრდება ძველ კორპუსს და ერთიანად შეიკვრება. ანუ თუ კი მოხერხდება ამ შენობის რეკონსტრუქცია და მორგება ხელოვნების უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე, ამ შემთხვევაში ჩევენ თანახმა ვიქნებით, რაზეც ხელისუფლება წამოვიდა“,- განუცხადა გელა ბერიძემ Aris.ge-განათლებას.

ამჟამინდელ შენობაში უნივერსიტეტი ორ წელიწადზე მეტია იმყოფება. მიუხედავად სტუდენტებისთვის არასაკმარისი რესურსისა და შეუსაბამო ფართისა, უნივერსიტეტმა აკრედიტაცია გასულ წელს მაინც გაიარა. დრამისა და კინოს სპეციალობის სტუდენტები Aris.ge- განათლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათ სარეპეტიციო მინი სცენაც არ გააჩნდათ. ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები კი არსაკმარისი რაოდენობის კამერებსა და კომპიუტერებზე საუბრობენ, რაც მათი პრაქტიკული მუშაობის უზრუნველყოფას შესაბამის დონეზე და ვადებში ვერ უზრუნველყოფს.

კოკა ხუბუტია დრამისა და კინოს მეორე კურსის სტუდენტი – „შარშან გვქონდა პრობლემა და წელს რაღაც გარკვეული პერიოდი, სცენა არ გვქონდა მსახიობებს. სამუშაო დარბაზი საერთოდ არ გვქონდა. ეხლა ჩვენი ლექტორის თაოსნობით გაკეთდა სცენა, ჩევენც სიამოვნებით ვეხმარებოდით სტუდენტები. აგრეთვე, რადგან ეს ხელოვნების უნივერსიტეტია, მინდა, რომ ამ დაწესებულებაში არ ვიყო შეზღუდული. მინდა მეტი თავისუფლება მქონდეს ამ სივრცეში, როცა მუზა მომივა მაშინ შევიდე აუდიტორიაში და ჩემი ნაფიქრი ნააზრევი, იდეაში ჩამოვაყალიბო. ეხლა დღეს, მაგალითად, გვაქვს ჩვენს ჯგუფს თათბირი სწავლასთან დაკავშირებით და ლექტორი რომ არ იყოს გასაღებს არ მოგვცემენ, აუდიტორია არ გვექნება.“  

ნოდარ გელაძე – კულტურის და ხელოვნების მენეჯმენტის მესამე კურსის სტუდენტი, სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი – „მე ვსწავლობ კულტურის და ხელოვნების მენეჯმენტზე და ჩემი სპეციალობისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა რესურსის მხვრივ. მაგრამ სხვა ფაკულტეტებზე არის პრობლემები, მაგალითად კინოსა და სახვითი ხელოვნების სპეციალობის ფაკულტეტზე. ასევე, დამატებით ვსწავლობ მაინორის პროგრამით ჟურნალისტიკას და არ გვქონდა იმის პირობა, რომ ნორმალურად გავსულიყავით გადაღებაზე, პრაქტიკა მიგვეღო. სამონტაჟო ისევ პრობლემად რჩება. ამხელა უნივერსიტეტში, დაახლოებით 100-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ამ განხრით და და გვაქვს ორი სამონტაჟო კომპიუტერი. კვირეების მანძილზე უწევს რიგში დგომა სტუდენტს, რომ მივიდეს და თავისი გადაღებული მასალა დაამონტაჟოს. აქვე დავამატებ, როგორც ვიცი, შეკვეთილი აქვს უნივერსიტეტს კამერები და სავარაუდოდ, ორ კვირაში ჩამოვა. მაგრამ აქამდე არ გვქონდა პრაქტიკის მიღების საშუალება.“

გარკვეულ სპეციალობებზე არასათანადო პირობებს ხელოვნების უნივერსიტეტიტის ადმინისტრაციის უფროსიც ადასტურებს.

გელა ბერიძის განცხადებით, შენობას, რომელშიც 2012 წელს  მოულოდნელად მოუხდათ გადმოსვლა, ხელოვნების უნივერსიტეტისთვის შექმნილი სპეციფიური სტანდარტები არ გააჩნია. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, სწავლის ხარისხი და ტემპი სასწავლებელში არ შენელებულა. ხელოვნების უნივერსიტეტი აჭარის მთავრობისთვის გათვალისწინებულ რეკონსტრუირებულ შენობაში 2012 წლის  ოქტომბერში აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გადმოვიდა.

„ხელოვსნების უნივერსიტეტის გარკვეული სპეციალობებისათვის ინფრასტრუქტურა არის მოუგვარებელი, იმდენად რამდენადაც ეს შენობა თავიდან გათვლილი იყო საოფისე ფართებად. რთულია სწავლის პროცესი ამ შენობაში მხოლოდ რამდენიმე სპეციალობის სტუდენტებისთვის. ერთერთი მათგანია სამსახიობო მიმართულება, რადგან არ ჰქონდათ მინი სცენა. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ, რადგან ჩვენი სხვა შენობაში გადაყვანის თემა გაჭიანურდა, ამ შენობაშივე გამოვყეთ შესაბამისი ფართი, კეთდება მინისცენა, სადაც განხორციელდება საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები.

11158007_669765416461829_1140207018_nაუდიტორიით რომ ვერ ისარგებლოს სტუდენტმა, ასეთი პრობლემა ამ უნივერსიტეტში არ არსებობს.  მე ვერ დავეთანხმები და ვერ მივიღებ ვერცერთი სტუდენტის ასეთ პრეტენზიას, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს როცა უნდათ და სადაც უნდათ, თუ შესაბამისი ნებართვა წინასწარ გვაქვს გაცემული, შესვლა შესაძლებელია. იმ სტუდენტს, რომელსაც წინასწარ აქვს დაწერილი განცხადება, რომ მე მსურს მუშაობა ამ თემაზე და უნდა შემოვიდე ამ აუდიტორიაში  -არავის ამასთან დაკავშირებით შეფერხება არაქვს, “ – ამბობს გელა ბერიძე Aris.ge- განათლებასთან საუბარში.

ამ ეტაპზე ხელოვნების უნივერსიტეტში 320 სტუდენტი ირიცხება. მათგან 48 უნივერსიტეტის მიერ არის დაფინანსებული. ლექციებს ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები ატარებენ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე უცხოელი პროფესორებიც ჰყავდა მოწვეული.

გავრცელებული ინფორმაციით შენობას, რომელშიც ამჟამად ხელოვნების უნივერსიტეტი იმყოფება, შემდგომში აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია დაიკავებს.

მაია შავაძე  – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური