GE

რა პრობლემების წინაშეა 5 წლის პატარა სკოლაში? (კვლევის შედეგები)

უნდა შევიყვანოთ თუ არა ჩენი ხუთი წლის შვილი სკოლაში? და თუ ვერ მიგვყავს არის თუ არა ეს ისეთი მწვავე პრობლემა, როგორიც პირველი შეხედვიდან ჩანს?!  ბოლო კვლევაში, რომელიც აღნიშნულ საკითხზე  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, სწორედ „ხუთი წლის ასაკში  მოსწავლეების სწავლების“ პრობლემებს ეხება.

Aris.ge- განათლება კვლევიდან ყველაზე საინტერესო დეტალებს გთავაზობთ:

მშობლის როლი

  • მშობლების მოტივაცია 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით სხვადასხვაა. გამოხატული ნორმატიული აზრია, რომ ბავშვი ინტელექტუალურად მზადაა სკოლისათვის, თუმცა, ამის გარდა, ფიქსირდება არაერთი სოციალური ფაქტორების გავლენაც: საბავშვო ბაღის მოუწესრიგებელი სისტემა, მასწავლებლების დაყოფა „კარგ“ და „ცუდ მასწავლებლებად“, მშობლების მოუცლელობა, სხვის ქცევაზე მიბაძვა, კანონის არსებობის გავლენა, ბავშვების სექსუალური მომწიფების შესახებ საზოგადოების წარმოდგენები. მშობლების ინფორმირებულობის დონე ბავშვების აღზრდის საკითხებთან მიმართებაში დაბალია და მხოლოდ 5 წლის ბავშვების თავისებურებების ცოდნას არ გულისხმობს.

5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანის მოტივაციის მიზეზები

  • 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანასთან მიმართებაში მშობლების მოტივაცია შეიძლება იყოს ბავშვის სკოლისათვის მზაობა, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, 12 წლიანი განათლება, ბავშვის ინტერესი სწავლისადმი, სოციალური გავლენა, კანონის გავლენა, ოჯახის წევრების გადაწყვეტილება, ვაჟებისათვის სავალდებულო სამსახური და „სასურველ“ პედაგოგთან მოხვედრის სურვილი. ყველაზე ხშირად, მშობლები 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანის მოტივაციად ასახელებენ მის მზაობას სკოლისათვის. სკოლისათვის მზაობას მშობლები შემდეგი ფაქტორებით გამოხატავენ: ლექსების ცოდნა, ასოებისა და ციფრების ცოდნა, კითხვა და იშვიათად წერის უნარ ჩვევა. 6 წლამდე ბავშვის სკოლაში მიყვანის ინტერესი მშობლებს უფრო გაუმძაფრდათ მას შემდეგ, რაც ზოგადი განათლება 12 წლიანი გახდა.

ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობა

  • „ბავშვების სკოლისათვის მზაობას ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა ექსპერტები მშობლებისაგან განსხვავებულად განსაზღვრავენ. ფსიქოლოგები ბავშვის სკოლისათვის მზაობაში აქცენტს აკეთებენ სოციალურ, ფსიქო–ემოციურ მზაობაზე, ინტელექტუალურ მზაობაზე. ასევე ითვალისწინებენ ბავშვის აკადემიურ უნარ–ჩვევების, ფსიქიკურ უნარ–ჩვევების, მოტორიკის განვითარების დონეს. აღნიშნული მაჩვენებლებით ძირითადად 5 წლის ბავშვები ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს“.

პედაგოგის მზაობა

  • 5 წლის ბავშვების სწავლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სისტემური ბარიერები არსებობს. დაწყებითი კლასების მასწავლებლების უმრავლესობას არ აქვს გავლილი 5 წლიანი ბავშვების თავისებურებების შესახებ ტრენინგი. თუმცა ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც ამგვარი მომზადება გაუვლია, ნაკლებ ნებას გამოხატავს 5 წლის ბავშვებთან თავისებური მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ მასწავლებლების დაბალი მოტივაციით, არამედ კლასების ზომებით, შერეული კლასებით და ინფრასტრუქტურული შეზღუდვებით.

საბავშვო ბაღის ფაქტორი

  • 5 წლის ბავშვების სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით ასევე პრევალირებს საბავშვი ბაღის თემა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რაიონებსა და სოფლებში, სადაც სკოლამდელი დაწესებულებების ქსელი სრულად არ არის განვითარებული ან არახარისხიან მომსახურებას აწვდის საზოგადოებას. ხშირად მშობლებს საბავშვო ბაღი სკოლის ალტერნატივად წარმოუდგენიათ.

ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტორები და სხეულის მზაობა

  • 5 წლის ბავშვების თავისებურებებზე საუბრისას, შეიძლება, გამოვყოთ ყველა 5 წლის ბავშვისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და ქართული კულტურით განპირობებული თავისებურებები. ზოგადი თავისებურებები:
  1. ბავშვის ფიზიკური აგებულება: 5 წლის ბავშვის ხერხემალი არ არის მზად იმისათვის, რომ 35 წუთის განმავლობაში იჯდეს მერხზე გაჭიმული; მასწავლებლების თქმით, ბავშვის ხერხემლის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მერხები არ არის კომფორტული და გათვლილი ბავშვის ხერხემლის მდგომარეობაზე. ფიზკულტურის მასწავლებელი მიუთითებს ბავშვებში გახშირებულ სქოლიოზზე, რომელიც მისი თქმით პატარა ბავშვების ხანგრძლივად არასასურველ პოზაში ჯდომას უკავშირდება. მასწავლებლების თქმით, ბავშვის დაღლა ხშირად ვლინდება იმით, რომ იწყებენ მერხებზე გადაწოლას ან მოძრაობას. მშობლებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია. ეს იმაშიც ვლინდება, რომ სასკოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ, სახლში კვლავ აიძულებენ ბავშვს გააგრძელოს ჯდომა და მოამზადოს გაკვეთილები.
  2. ხუთი წლის ბავშვის კონცენტრაცია არ აღემატება 15 წუთს: მასწავლებლები ამ თავისებურებაზე ხშირად მიუთითებენ. მათი თქმით 5 წლის ბავშვები კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ხშირად ეთიშებიან საგაკვეთილო პროცესს. ამ დროს საჭიროა სპეციალური მეთოდების გამოყენება ბავშვების განტვირთვისა და საგაკვეთილო პროცესში დაბრუნებისათვის.
  3. ნებელობის განვითარების დაბალი დონე: ექსპერტები მიუთითებენ, რომ სწავლა პრინციპულად სხვა საქმიანობაა, რომელიც თამაშისგან განსხვავებულია. სწავლა ნებელობითი პროცესის გამომხატველია. სწავლის დროს მასწავლებელი გასცემს, ხოლო მოსწავლემ უნდა მიიღოს და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ შეიმეცნოს, აღზრდის პროცესში განვითარდეს და ცვლილებები განიცადოს ინტელექტუალურად და პიროვნულად და მათ შორის ნებელობით შეძლოს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება. ექსპერტების თქმით, ამგვარი ნებელობითი სისტემა 5 წლის ბავშვებში ნაკლებ განვითარებულია.
  4. ფიზიკური მოთხოვნილებები: 5 წლის ბავშვებს უფრო გამძაფრებული აქვთ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. მასწავლებლების თქმით ამ მხრივ ყველაზე აქტუალურია ჭამა და ძილი. მასწავლებლები ხშირად მიუთითებენ, რომ 5 წლის ბავშვები საგაკევთილო პროცესის განმავლობაში იწყებენ ჭამას ან ეძინებათ. ერთ–ერთი მასწავლებლის თქმით, ასევე გამოხატულია თამაშის მოთხოვნილება. როდესაც მათ არ აქვთ სათამაშოები, იწყებენ კალმების დაგდებას და შემდეგ აღებას.
  5. ხუთი წლის ბავშვისთვის რთულია სემანტიკური ველიდან ფონემურ ველში გადასვლა და კითხვის დაწყება: ფსიქოლოგების შეფასებით, 5 და 6 წლის ბავშვებს შორის კითხვის თვალსაზრისით არის დიდი განსხვავება: „კითხვის სისტემური კურსის შეთავაზება უკვე შიეძლება 6 წლის ბავშვისათვის. ეს გულისხმობს სიტყვის გრაფიკული ხატის კონვერტირებას აკუსტიკურ ხატზე და გამთლიანებას. ეს ექვსი წლის ბავშვსაც უჭირს, არათუ 5 წლისას. 5 წლის ბავშვი მიბმულია სემანტიკურ ველზე. როდესც მას სიტყვას ეუბნები, მას წარმოუდგენია ხატი, მაგრამ ვერ აღიქვამს, რომ ფონომური ერთეულებისაგან შედგება. მათ ზოგჯერ სემანტიკური ველი არ აქვთ განვითარებული არათუ ფონემური.

წერითი და მეტყველების პრობლემები

  • მასწავლებლების თქმით, 5 და 6 წლის ბავშვებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პედაგოგები განმარტავენ, რომ 5 წლის ბავშვებს ხშირად აქვთ გაუმართავი მეტყველება (საუბრობენ ენის მოჩლექვით და მწირია მათი ლექსიკური მარაგი), უჭირთ გაკვეთილზე კონცენტრაცია (15–20 წუთის შემდგომ აღარ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა), უჭირთ კითხვა (ასოებს სწავლობენ, მაგრამ მარცვლით ან გამართულად კითხვა უჭირთ). 5 წლის ბავშვებთან აქტუალურია წერის პრობლემები. ხშირად მიუთითებენ ბავშვები ხელის დაღლაზე და ხანდახან ეს სიმულაციაში გადადის. კოგნიტური თვალსაზრისით მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ 5 წლის მოსწავლეებს უჭირთ მასწავლებლის მიერ მიცემული რამდენიმე დავალების გაკეთება.

საგნების დაძლევის პრობლემები

  • მასწავლებლები ასევე აღნიშნავენ პრობლემებს სხვადასხვა საგანთან მიმართებაში. მათი თქმით, ქართულის გაკვეთილები იმდენად პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მშობლების უმრავლესობას იმიტომ მიყავს ბავშვი სკოლაში, რომ მან ასოები და კითხვა იცის. მაგრამ მათემატიკა 5 წლის მოსწავლეებს მასიურად უჭირთ. განსხვავება 5 და 6 წლის მოსწავლეებს შორის ვლინდება ფსიქო ემოციური თვალსაზრისითაც: „ძალიან გულჩვილები არიან და ელემენტარულ რამეზე უჩუყდებათ გული.

საგაკვეთილო პროცესის სერიოზულობის აღქმა და ქცევის პრობლემები

  • 5 წლის ბავშვებისათვის გაკვეთილი ისევ თამაშია, რომლის დროსაც ემალებიან მასწავლებელს, ეთამაშებიან. არის შემთხვევები, რომ 5 წლის ბავშვებს გადაჭარბებულად აქვთ სითბოს გამოვლენის მოთხოვნილება: უნდებათ კალთაში ჩაჯდომა, მოფერება, კოცნა, მასწავლებელს თხოვენ, რომ მათი საჭმელი მანაც შეჭამოს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მერხზემასწავლებლების თქმით 5 წლის ბავშვების პრობლემა კონცენტრაცია უფრო არის ვიდრე დაღლა. სხვადასხვა ბავშვში დაღლა სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგო ხდება მოუსვენარი და იწყებს ცმუკვას, მაგრამ ძირითადად იწყებენ გადაწოლას მერხზე და იწელებიან. სწორედ აქ ჩანს ის, რომ მათი ხერხემალი ვერ უძლებს გაკვეთილის განმავლობაში ერთ ადგილზე, მერხებზე ჯდომას.
  • ფსიქოლოგები მიუთითებენ იმაზე, რომ 5 წლის მოსწავლეებში მოიმატა ფსიქიკურმა პრობლემებმა. ეს ვლინდება უნებლიე შარდვით, სხვადასხვა ტიკებით, ენის ბორძიკით, შიშებით, სკოლაში გულის რევით, მუცლის ტკივილით.

ეთანხმებით თუ არა კვლევის შედეგს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური