GE

რამდენი აბიტურიენტი გამოაკლდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ სტუდენტობისთვის ბრძოლას

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩასაბარებელი პირველი სავალდებულო გამოცდა დასრულებულია. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გამოცდაზე დაგვიანებული და არგამოცხადებული აბიტურიენტების შესახებ არსებული სტატისტიკიდან დგინდება, საერთო ჯამში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ სტუდენტობისთვის ბრძოლას 1163 აპლიკანტი გამოაკლდა.

თუ აბიტურიენტი რომელიმე გამოცდაზე არ მოვა, ან დააგვიანებს, ის ავტომატურად ეთიშება კონკურსს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არაეთხელ გააფრთხილა ამის შესახებ აბიტურიენტები. მათ შემდგომ გამოცდებზე შეუძლიათ გასვლა, იმისთვის რომ მოსინჯონ, გამოცდილება მიიღონ, მაგრამ ერთი საგანიც თუ ჩაუვარდებათ, კონკურსს ეთიშებიან და მომავალი წლისთვის დალოდება მოუწევთ“,  – აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდაზე არგამოცხადების მიზეზები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ 1300 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს მის დაწყებამდე ავტომატურად იმიტომ გამოეთიშა, რომ საატესტატო გამოცდები ვერ გადალახა.

რა შეეხება დაგვიანების მიზეზებს, ზოგიერთ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრი შეეშალა და თბილისის ნაცვლად გორის, თელავისა და ბათუმის საგამოცდო ცენტრში მივიდა. ასეთი ფაქტი დღესაც დაფიქსირდა, პირველი სესიაზე, მუხიანის 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ქუთაისიდან ჩამოვიდა და ვინაიდან 09:20 საათი იყო, იგი გამოცდაზე აღარ დაუშვეს.

რაც შეეხება მეორე საგამოცდო დღის ტესტების სირთულეს, პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები აცხადებდნენ, რომ ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება არ გასჭირვებიათ.

როგორც აბიტურიენტებმა Aris.ge განათლებასთან საუბარში აღნიშნეს, ქართული ენისდა ლიტერატურის გამოცდაზე, მეორე დღის პირველ სესიაზე უცხო ტექსტი გიროგი ლეონიძის ნატვრის ხე მოვიდა, ხოლო მეორე დავით გურამიშვილიდან. მათ ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. რაც შეეხება ესეს თემას, სტუდენტობის მსურველებმა გამოცდის ამ ნაწილში ბავშვის აღზრდის საკითხებზე იმსჯელეს.

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო, რთული არა და მთელი დრო გამოვიყენე. გიორგი ლეონიძის ნატვრის ხე დავწერე. ფსიქოლოგიურზე ვაბარებ“, – აღნიშნა 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ნათია მაჭარაშვილმა.

„მე გამიადვილდა. ყველა საკითხი დავწერე, შავ ფურცელზე აღარ მიმუშავია. ილიას უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება და იმედია მოვხვდები“, – გვითხრა ანდრეა მოსეშვილმა.

„212-ე სკოლა დავასრულე. ჯავახიშვილში ვაბარებ სოციოლოგიაზე. ესეს თემა მოვიდა დასაწერად: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მკაცრი ხერხები უფრო ჭრის, ვიდრე რბილი და ლოიალური დამოკიდებულება. მე დავწერე, რომ რბილი დამოკიდებულება უფრო ჭრის, ვიდრე სიმკაცრე და ყვირილი“, – განგვიცხადა თამარ მეზურნიშვილმა.

მუხიანის 175-სკოლის  საგამოცდო ცენტრი იმითაც იყო გამორჩეული, რომ აბიტურიენტები,  რატი ავალიანი და მისი მეგობარი იქ მხოლოდ იმიტომ მივიდნენ, რომ საკუთარი თავის გამოცდა სურდათ. მათი თქმით, ორივე ამერიკაში მიდის აგვისტოში სწავლის გასაგრძელებლად და აინტერესებდათ შეძლებდნენ თუ არა ეროვნული გამოცდების დაძლევასაც.

„რთული არ იყო, საათნახევარში ჩავაბარე. ამერიკაში მივდივარ აგვისტოში, იქ უკვე ჩაბარებული მაქვს, მაგრამ აქ მოვსინჯე მაინც, თუ ჩავაბარებდი. გიორგი ლეონიძის ნატვრის ხე დავწერე, არ ვემზადებოდი, ტექსტებიც სარედაქტიროდ არ იყო ძნელი“, – ასე შეაფასა ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა რატი ავალიანმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

რაც შეეხება გამოცდის მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებებსა და საგამოცდო ტესტში მოცემულ საკითხებს, 

როგორ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასკვნითი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, გამოცდაზე უცხო ტექსტად დავით გურამიშვილის დავითიანიდან, ხოლო პროგრამულიდან კი, სამანიშვილის დედინაცვალის ამონარიდი მოუვიდათ. რაც შეეხება ესეს, მსჯელობის საგანი იყო შემდეგი საკითხი: “უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი, ახალგაზრდის მიერ გადადაწყვეტილების მიღების პროცესში”.

აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ ტესტის შესრულება არ გასჭირვებიათ, როგორც მათ Aris.ge-განათლებასთან აღნიშნეს, უმრავლესობამ ორი მოსული ტექსტიდან სამანიშვილის დედინაცვალი აირჩია.

ხატია ხატისკაცი: “პროგრამულიდან სამანიშვილის დედინაცვალი მოვიდა, არაპროგრამული კი გურამიშვილიდან იყო. ესეს თემას რაც შეეხება, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მშობელი უნდა ჩაერიოს შვილის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მე დავწერე, რომ ამ მოსაზრებას რაღაც მხრივ ვემხრობი. მაგრამ მიმაჩნია, რომ მშობლებმა შვილებს თავიანთი აზრე თავზე არ უნდა მოახვიონ და უნდა მისცენ საშუალება, რომ მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ჩვენი თაობა წინასგან უფრო განვითარებულია. ტესტს უფრო რთულს ველოდი, მაგრამ იოლი აღმომჩნდა. ჩემი არჩევანი ილიაუნიზე შევაშერე, კონკრეტულად კი მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ვაბარებ”.

როგორც ცნობილია, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ შაბათი და კვირა აბიტურიენტებისთვის დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება. 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთა რაოდენობა თავდაპირველად 40 000-ზე მეტი იყო.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი – „სამსახურში მეჩქარებოდა და სწრაფად შემოვხაზე“

რას ამბობენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური