GE

რას აკეთებს და რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლებაზე

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რაოდენობა დაზუსტებული არ არის. სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას განსაკუთრებით ის ფაქტი ართულებს, რომ მათ ხშირად დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ, ერთი და იგივე ბავშვი კი დღის განმავლობაში შეიძლება სხვადასხვა უბანში რამდენჯერმე შეგხვდეს. არასტაბილური ცხოვრების წესი, არაადეკვატური საცხოვრებელი პირობები,  ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა მათ განსაკუთრებით დაუცველ და მაღალი რისკის შემცველ ჯგუფად აყალიბებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად და აღნიშნულ ჯგუფზე ზრუნვისთვის განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა გარკვეული პასუხიმგებლობა აიღეს. არსებობს სამივე უწყების ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი ბრძანება რეფერირების შესახებ.

kidsკონკრეტულად რა როლი აკისრია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმისთვის,  რომ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს განათლება მისცეს?!  EDU.ARIS.GE განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსს ნათია ჯოხაძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“. აღნიშნული პროგრამა მუშაობს მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების ფორმალურ განათლებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. მათ შორისაა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.

ქალბატონო ნათია, რას აკეთებს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლებისთვის?

–ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემატიკა კომპლექსურია და ბევრი სტრუქტურის მონაწილეობას მოითხოვს. ამ ბავშვების ფორმალური განათლების სისტემაში ჩასართავად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის სოციალური სერვისები იყოს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი, ისეთი, როგორიცაა საცხოვრისი, კვება, მზრუნველობა და სხვა. რაც შეეხება უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამას, ის 2015 წელს დაიწყო და დაეფუძნა 2013 წელს შემუშავებულ ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის პოლიტიკის სადისკუსიო დოკუმენტს. პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კომპლექსურად გადავჭრათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საგანმანათლებლო პრობლემები. ამის გათვალისწინებით, დავიწყეთ სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა სახლებისთვის, სადაც მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები იღებენ პირველადი საჭიროების დახმარებას, როგორიცაა – კვება, თავშესაფარი და ა.შ. მეორე მიმართულება, რასაც ვახორციელებთ, ესაა საჯარო სკოლების გაძლიერება და მზაობის შექმნა, რათა ადეკვატური საგანმანათლებლო გარემო შეუქმნან ამ ბავშვებს.

13115605_1412167318809506_696831901_n2015 წელს განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის ,,ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ პილოტირება ბავშვზე ზრუნვის ორ ცენტრში, სადაც მიმდინარეობდა თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალური მუშაობა მათი აკადემიური განვითარების მიმართულებით. ასევე, ბავშვები ჩავრიცხეთ საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, დაიგეგმა და განხორციელდა შესაბამისი სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგები (50 მასწავლებელი და დირექტორი) და ჩატარდა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა თანაკლასელების მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანია მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების შესაქმნელად, საზოგადოებაში არსებული სტიგმის დასაძლევად  (დაახლოებით 500 მშობელი).

–რომელ ცენტრებში შედიხართ და რამდენი ბენეფიციარი გყავთ ამ დროისთვის?

–2015 წელს ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირება შედგა ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენის“ დღის ცენტრში, რომელსაც აქვს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემოს“ ტრანზიტული მომსახურების ცენტრში.

2016 წელს აღნიშნული პროგრამა განხორციელდება საქართველოს მასშტაბით მოქმედ ბავშვზე ზრუნვის 6(ანუ ყველა) ცენტრში ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. რუსთავში.

 –ქალბატონო ნათია, რა სირთულეებს აწყდებით მათთან მუშაობის პროცესში?

–ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასი და ფაქიზია ბავშვი და განსაკუთრებით რამდენად მეტი სიფრთხილე და მზურველობა გვჭირდება იმ ბავშვებთან, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოჩნდნენ ქუჩაში, ოჯახის მზრუნველობას, ყურადღებას და სითბოს მოკლებულები. ამდენად, ამ ბავშვებთან მუშაობა განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს, რათა ეტაპობრივად, ძალიან მოზომილად და თანმიმდევრულად დავეხმაროთ ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში. საგანმანათლებლო კუთხით, ცხადია, არაერთი პრობლემატიკა არსებობს. ამ საკითხებზე აქამდე სახელმწიფოს ფუნდამენტურად არ უმუშავია. არსებული პრობლემებიდან გამოვყოფდი მაგალითად იმ საკითხს, რომ ამ ბავშვების დიდ ნაწილს დაბადების მოწმობა არ აქვს, რაც ფორმალურ ურთიერთობებში მისი მონაწილეობის უფლებების განხორციელებას აფერხებს. ძალიან მნიშვნელოვანი სპეციფიკაა ის, რომ ამ ბავშვებს შორის შეიძლება გვყავდეს ბავშვი, რომელიც არის 15 წლის და არასდროს უვლია სკოლაში. ამდენად, მას სხვანაირი მიდგომები ესაჭიროება, ვიდრე, მაგალითად ბავშვს, რომელმაც შესაძლოა, მიატოვა სკოლა, მაგრამ აქვს საბაზისო უნარები და ცოდნა. ამასთანავე, 15 წლის და 6 წლის ბავშვს, რომლებსაც არასდროს უვლიათ სკოლაში, აბსოლუტურად სხვადასხვა მეთოდოლოგიით სჭირდებათ სწავლება, ყოველივე ეს კი დღის წესრიგში აყენებს მრავალფეროვანი და ამავდროულად ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნის საჭიროებებს..

ამასთანავე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირად გადატანილი ტრავმების გათვალისწინებითა და ზემოქმედების გამო, საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის უნარების განვითარებას, ისეთის, როგორიცაა სოციალური უნარები, თანატოლებთან და ზოგადად სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია და სხვა. ამიტომ, პარტნიორებთან ერთად,  ვმუშაობთ ამ ბავშვების სასიცოცხლო უნარების განვითარებაზეც. ჩვენი სერვისის მიმღებ ყველა ბავშვს, რომელიც არ ირიცხება სკოლაში ან ირიცხება, მაგრამ აქვს სწავლის და თანატოლებთან ინტეგრაციის პრობლემები, ვცდილობთ მიეცეს შესაძლებლობა სპეციფიკურ გარემოში  განივითაროს მისი ასაკისთვის შესაბამისი სასიცოცხლო და საბაზისო აკადემიური უნარები. აღნიშნული სერვისების ტერიტორიაზე ტარდება გაკვეთილები, ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტულ აქტივობებში და ა.შ..

განსხვავებული მეთოდოლოგიით სწავლების გარდა, დიდი ალბათობით, მათ ალბათ განსხვავებული მიდგომაც სჭირდებათ, რამდენად არის მზად ამისთვის პედაგოგიური პერსონალი…

–როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში არ გვაქვს დაგროვილი და ინსტიტუციონალიზებული გამოცდილება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის კუთხით. ფაქტიურად ეხლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს, გამოგვივიდეს კარგად და ამით შევცვალოთ ამ ბავშვების მომავალი უკეთესობისკენ. თუმცაღა, ვინაიდან ვთვლით, რომ საკითხი საკმაოდ ფაქიზია, 2015 წელს ჩავატარეთ პილოტირება და ისიც მხოლოდ ორ ბავშვთა სახლში შევედით. პილოტირების შედეგებს ცხადია, ვაანალიზებთ, საჭიროების შემთხვევაში, ვაკორექტირებთ და გაუმჯობესებული ვერსიით კვლავ ვუბრუნდებით ბავშვებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების მხრიდან დაინტერესება არის. თუმცა ასევე  ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო გრძელვადიანი და მდგრადი სისტემები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გარკვეულ ასაკამდე მივყვეთ ამ ბავშვებს სხვადასხვა სერვისებით, რათა მისი წარმატებული ცხოვრების გზა გავხადოთ შეუქცევადი.

–როგორია საგანმანათლებლო პროცესი?

–საპილოტე პროგრამაში  ჩართული იყო 23 ბენეფიციარი. შეიქმნა ინდივიდუალური სამოქმედო  გეგმა 15 ბავშვისთვის, რამდენიმე ბავშვი ჩაირიცხა სკოლაში, რამდენიმე აღდგა შესაბამის კლასში, 2 ბენეფიციარი პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩაერთო და სხვ. საკმაოდ რთული პროცესია და ბევრ გათვლას საჭიროებს. 15 წლის ბავშვს,  რომელსაც არასდროს უსწავლია ქიმია და ფიზიკა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანატოლი საჯარო სკოლაში ამ საგნებს სწავლობს, ბუნებრივია, ამ საგნებს ჯერ ვერ შევთავაზებთ. სრულიად სხვა სპეციფიკასთან გვაქვს საქმე. გვაქვს შემთხვევები, როდესაც 10 წლის ბავშვებს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვთ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებზე, როგორიცაა უთო, ტელეფონი ან რომელიმე საკვები. ამ თვალსაზრისითაც ვცდილობთ, ბავშვებს ყოფითი ლექსიკური მარაგი გავუმდიდროთ.

ქალბატონო ნათია, რომელი სახელმძღვანელოებით სწავლობენ ეს ბავშვები?

–როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ცენტრებში,  რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი პროგრამით ვერ შევალთ. ბენეფიციართა ასაკიდან, ასევე მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთან აკადემიური მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც დგება ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. ბავშვებს, რომელთაც არ გააჩნიათ მოსწავლის ისტორია, არ ფლობენ ელემენტარულ წერა-კითხვისა თუ მათემატიკურ უნარებს, პედაგოგები ამეცადინებენ დამხმარე ლიტერატურითა და მასალებით, რომელთა შეძენაც ჩვენი პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. ხოლო იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ირიცხებიან სკოლაში, საჭიროების შემთხვევაში, ასევე დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სკოლის საგნობრივ მასწავლებლებთან თანამშრომლობით, მუშაობა მიმართულია მინიმალური საგნობრივი კომპეტენციების შესაძენად.

–ეროვნებაზე რას გვეტყვით,  ქუჩაში მხოლოდ ქართველი ბავშვები არ ცხოვრობენ, შეზღუდვები ხომ არ გაქვთ?

ჩვენ არ ვარჩევთ ბავშვებს ეროვნებით, კანის ფერით თუ რელიგიური კუთვნილებით. ყველა ბავშვს, ვისაც სჭირდება ხელშეწყობა, აქვს თანაბარი შესაძლებლობა ჩართული იყოს პროგრამაში. ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლება მასზე ზრუნავდნენ. ცხადია, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ერთ-ერთი ბარიერი ზუსტად ენობრივი ბარიერია, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, რომ ასეთი და სხვა ბარიერები გადალახოს და დაეხმაროს ბავშვს.

–ქალბატონო ნათია, რა ხდება ამ პროექტის დასრულების შემდეგ?

–სამუშაო ძალიან რთულია და ძალიან ბევრია. მე ამ საკითხს, როგორც პროექტს არ ვუყურებ. ჩემთვის პირადად და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაზე მუშაობენ, საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა – ძალიან სერიოზული და გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ეს ხედვა დროში გვაქვს გააზრებული და თუკი 2016 წელს კონკრეტულ აქტივობას ვახორციელებთ, 2017 წელს დამატებითი საქმიანობა იგეგმება. მაგრამ მანამ, სანამ საქართველოში თუნდაც ერთი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ და მოვდუნდეთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ პროგრამა მდგრადი, რათა ბავშვებს აღარ მოუწიოთ ისევ ქუჩაში დაბრუნება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მონაწილეობაც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში, ამ ბავშვებს არა აქვთ საცხოვრისი. გასააზრებელია დროულად ამ ბავშვების ადეკვატური საცხოვრებელი გარემოს, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების საკითხებიც.  დანაშაულია, ბავშვს ჩავუნერგოთ იმედი და მერე შუა გზაზე მივატოვოთ. ამიტომ, ერთ-ერთ მიმართულებად ვთვლი, რომ უნდა გაძლიერდეს ის ჯგუფი, რომელიც ამ ბავშვების საკითხებზე მუშაობს. ასევე უნდა მოვამზადოთ კომპლექსური პაკეტი ამ ბავშვების ადეკვატური ინტეგრაციისთვის და სხვა უამრავი საქმე გველოდება წინ.

უკვე რამდენიმე თვეა ეს პროექტი მიმდინარეობს, კმაყოფილი ხართ თუ არა, შედეგი რა არის?

კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია. კმაყოფილები მაშინ ვიქნებით, თუკი არც ერთ ბავშვს არ მოუწევს ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა. მანამდე კი, ცხადია, უნდა შევაფასოთ გაკეთებული საქმე, რაც გასაუმჯობესებელია, უნდა გავაუჯობესოთ და ხელებდაკაპიწებულებმა ვიშრომოთ. ეს არის ჩვენი მორალური, სოციალური და სამსახურებრივი პასუხისმგებლობა!

რა უჯდება სახელწმიფოს აღნიშნული პროექტი?

–2016 წელს აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი  137 000 ლარია.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური