GE

რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი?

ავტორი: მუხრან გულიაშვილი

რას ნიშნავს, როგორია  კარგი გაკვეთილი?  ეს კითხვა სასკოლო  სფეროში დასაქმებული ადამინიებისთვის  საინტერესოა,  ალბათ,  ყველას  აქვს ნაფიქრი ამ თემის შესახებ.

მიმდინარე წლიდან  საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური პირებისგან ითქვა,  სახელმწიფო დაიწყებს ვიდეო გაკვეთილების შეფასებას.  ეს იქნება გარე შეფასების კომპონენტი, ახალი სქემის მიხედვით.

შეფასებას  სჭირდება გარკვეული კრიტერიუმები,  რითაც უნდა იხელმძღვანელოს შემფასებელმა, ამ შემთხვევაში, შეფასებისა  და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.  თუ რა კრიტერიუმებია, რომელიც განსაზღვრავს რომელი ჩაითვლება კარგ გაკვეთილად,  რომელი არა?  ამ ეტაპზე არ არის ცნობილი,  ამიტომ “სასკოლო კვლევების ცენტრმა” შეაჯამა ის ცოდნა,  რაც ამ საკითხზე არსებობს თვითონ პრაქტიკოსებში. ამ მიზნით,  ჩატრადა ონლაინ გამოკითხვა, სადაც 30- მდე მონაწილემ ( მასწავლებლები, მშობლები , მოსწავლეები) გამოთქვა საკუთარი აზრი,  იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი.  ასევე მოხდა საერთაშორისო  ექსპერთა ნააზრევის გაანალიზება. შედეგად,  ჩამოყალიბდა რამდენიმე კრიტერიუმი,  რაც უნდა ახასიათებდეს კარგ გაკვეთილს.

ვფირობთ,  აღნიშნული კრიტერიუმების  ცოდნა დაეხმარება  პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა თემით დაინტერესებულ პირებს  საკუთარ საქმიანობაში.

კრიტერიუმები:

  • მოსწავლეთა  ჩართულობა

კარგია გაკვეთილი,  როცა  მიუხედავად  რაოდენობისა,  ყველა მოსწავლეა მასში ჩართული. ყველას ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს,  როგორც ყველა მოსწავლის  ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას,  ასევე  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს.  მთავრია, რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან,  რასაც პედაგოგი წარმართავს.  ამას მასწავლებელი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:

“ კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად  ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით  რომ არის გაკვეთილი დატვირთული და არა სიმკაცრით და დასჯით.”

  • თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს

კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის,  არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:

“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული, წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით,  მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით. გასათვალისწინებელია წინარე ცოდნა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლეების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები.  გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეომასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით, შექმნას პრეზენტაციები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”

  • უნარების განვითარება

კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან  უნარების განვითერებაზე. მაგალითად, ეფექტური  კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების,  ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა  დიდი ყურადღება იყოს დათმობილი  სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე,  თუ როგორ  ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრავენ უნარების განვითარებას ბავშვებში.  მაგალითად,  ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს. ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:

“გაკვეთილი კარგია მაშინ, როცა სასწავლო  მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან, როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი. ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება, გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”

  • მასწავლებლის  როლი

კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი  ასრულებს   აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით,   არ უთმობს  დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს  აზრების გამოთქმის საშუალებას.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:

“კარგია გაკვეთილი, როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში, ოღონდ არა  მარტო ერთეული მოსწავლეები  აქტიურობენ, არამედ ყველა შეძლებისდაგვარად”

 ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:

“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცესს,  რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”

  • ტექნოლოგიების გამოყენება

კარგი გაკვეთილი  აუცილებლად უნდა იყენებდეს შესაბამის ტექნოლოგიას.  რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე  პედაგოგის მოსაზრება:

“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”


“კარგად დაგეგმილი პროცესი, მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება, რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “ 

  • საკლასო ოთახის დიზაინი

კარგია გაკვეთილი,  სადაც საკლასო ოთახის დიზაინი,   მერხების განლაგება, წყობა  შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას.  კარგია, თუ  მოსწავლეები გაკვეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს  დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.

  •  კარგი გაკვეთილის შედეგი

კარგი გაკვეთილი  უნდა ანგრევდეს  მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით,  ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის საშუალება. უნდა  უტოვებდეს  მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ  გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.

  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სწავლას შორის,  საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული არ უნდა იყოს.

  •  სახალისო

კარგია გაკვეთილი,  როცა  მოსწავლეებს  უხარიათ იქ შესვლა  არის სახალისო, გარკვეულიწილად.

გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:

“სტრუქტურულად გამართული აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები კი გათვალისწინებული უნდა იყოს. რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული. შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური.სახალისო და დაძლევადი”

ნახეთ  გამოკითხვაში მინაწილეთა მიერ გამოთქმული  სხვა საინტერესო მოსაზრებებებიც:

“კარგი გაკვეთილი არის ის 45 წუთი, როდესაც ბავშვები საათს არ უყურებენ. არიან ჩართულები გაკვეთილის მსვლელობაში, სვამენ თემატურ კითხვებს, იღებენ ზუსტ და ამომწურავ პასუხებს – ოღონდ აქ არ ვგულისხმობ გამზადებულ და ლექსად ნასწავლ პასუხებს. საუკეთესო გაკვეთილი ისაა, სადაც ზმნის უღლებასაც სწავლობ, ან ტრიგონომეტრიასაც და მათ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც”, – სტუდენტი.

“რაც მთავარია, გაკვეთილზე მასწავლებლი უნდა ახორციელებდეს დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას.  მოსწავლეები კი უნდა ახდენდნენ ვარაუდების გამოთქმას ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას,” – პედაგოგი.

“თითოეული  გაკვეთილისთვის (და არა  მხოლოდ ,,ღია გაკვეთილისთვის”) კარგი  პედაგოგი კარგადაა  მომზადებული. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი ბოლომდე  იხარჯება, მოსწავლეების დაინტერესებაზე ზრუნავს,  კლასში რთულ  საკითხებს  მარტივად  გადმოსცემს და პროგრამას ხელოვნურად  არ ართულებს, ნებისმიერ  კითხვაზე  არადამთრგუნველი  პასუხის გაცემა შესწევს. ვფიქრობ,  მხოლოდ  ამ შემთხვევაში  და  ასეთმა პედაგოგმა უნდა მიიღოს კლასში საკუთარი მოსწავლეებისაგან  შედეგი. საბედნიეროდ,  ასეთი პედაგოგები  მრავლად არიან, სწორედ ასეთები  უნდა ქმნიდნენ ამინდს სკოლაში  და არა ის მასწავლებლები,  რომლებიც უსამართლობას, შუღლს, დაზუთხვას, დამატებითი გაკვეთილების აუცილებლობას   აიძულებენ და  სასწავლო პროცესში  ძალადობრივ  მეთოდებს  იყენებენ.  საქართველოში სკოლების მთავარი პრობლემა – ავტორიტარიზმია.  მოსწავლეს  კლასში რა უნდა მოსთხოვოს მოძალადე პედაგოგმა”, – მშობელი.

“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას  და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში,”-  პედაგოგი. 

“პირველ რიგში, გაკვეთილი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი,რომლის დროსაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კომპონენტები: მიზანი,წინარე ცოდნა,აქტივობები-შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან,სასწავლო მეთოდები-შესაბამისი აქტივობასთან,სასწავლო რესურსები,აქტივობისთვის დრო,კლასის ორგანიზების ფორმები, მიღწეულიშედეგი და შეფასება”,- პედაგოგი

პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?

სასკოლო კვლევების ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური