GE

რატომ დათანხმდა განათლების მინისტრობას ალექსანდრე ჯეჯელავა – მინისტრის კომენტარი

დღეიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე–პრემიერის პოსტსაც შეითავსებს. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, მას მთავრობის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება.

ალექსანდრე ჯეჯელავამ, ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთ შეხვედრაზე, რომელსაც EDU.ARIS.GE ესწრებოდა, ის მიზეზი და ისტორია გაამხილა, როგორ დაითანხმა პრემიერმა მინისტრობაზე.

„როცა ეს სამსახური შემომთავაზეს, არ ვგეგმავდი, მართალი რომ გითხრათ და უარიც ვუთხარი პრემიერს –„თუ არ გეწყინება, მინისტრობაზე უარს გეტყვი“. იმიტომ, რომ სხვა გეგმები მქონდა. სხვა მიმართულებით ვიყურებოდი. მითხრა, რომ მე არ მეწყინება, მაგრამ შენ მერე არსად არ თქვა, რომ გედარდებოდაო.

„ბევრი ვიფიქრე. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებსაც დავეკითხე და ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა: ეს შენ გგონია, რომ სამსახურს გთავაზობენ, სინამდვილეში სამშობლო გიხმობსო. ორი ასეთი  სიტყვის მერე ძალიან გართულდა უარის თქმა და შედეგს კი ხედავთ, აგერ ვარ თქვენ წინ.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვფიქრობდი, რომ დამეწყო ეს სამსახური, შეეხებოდა პედაგოგებთან დამოკიდებულებას. მე ძალიან მიხარია, ვთქვა, რომ ჩემი და პრემიერის მოსაზრება პირველივე დღიდან ემთხვეოდა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ შეხვედრაზე ღვაწლმოსილ პედაგოგებს ასევე უთხრა, რომ მინისტრობიდან ერთი თვის თავზე მიხვდა, როგორ შეიძლება ქვეყნის დაქცევა. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა პედაგოგის, პოლიციელის და ექიმის პროფესიის მქონე ადამიანების საყოველთაო ლანძღვა, მათი პრესტიჟის დაცემა, რასაც ადგილი ჰქონდა 90-იანებში და ამიტომაც დაიქცა ქვეყანა და გრძელდება ახლაც. მინისტრის თქმით, მისი სურვილია, პედაგოგის პროფესიის მიმართ საზოგადოებაში  ნდობის ამაღლება და ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, თუ რატომაც დათანხმდა ამ თანამდებობას.

შეგახსნებეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების და მეცნიერების მინისტრად 2016 წლის 3 ივნისს წარადგინა. ამ პოსტზე ჯეჯელავამ თამარ სანიკიძე შეცვალა.

ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე–პრემიერად დაინიშნა

კომბლე, ნაცარქექია, დედინაცვალი და „შარში“ მყოფი „ბავშვიყლაპია“ მინისტრი – ჯეჯელავას ხმაურიანი 2016

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური