GE

რატომ დატოვა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა?!

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის გარეშეა.  ელენე ჯიბლაძემ ცენტრში ორწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა ოფიციალურად გუშინ, წლის შემაჯამებელი ბრიფინგის შემდეგ დატოვა.

როგორც ჯიბლაძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა გადადგომის მიზეზი მისი სადოქტორო საქმიანობაა.

„როდესაც ამ თანამდებობას  დავთანხმდი, ბუდაპეშტიდან საქართველოში გადმოსვლა მომიწია და დისერტაცია შევაჩერე. ერთი წლით ავიღე ვალდებულება, მაგრამ 2 წელი დავრჩი საქართველოში. ოქტომბერში უკვე ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი.  ეს პერიოდი მინისტრთან შეთანხმებით გადაბარების რეჟიმში ვმუშაობდი. თებერვლის ბოლოს უკვე ბუდაპეშტში ვიქნები და სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას გავაგრძელებ ”,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ჯიბლაძემ.

რაც შეეხება დაწყებული რეფორმებს, ჯიბლაძის თქმით რეფორმების გატარება შეუფერხებლად გაგრძელდება და იგი აქტიურად იქნება ჩართული ცენტრის მუშაობაში,  განსაკუთრებით კი შინაარსობრივ ნაწილში.

როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დისერტაციას სწორედ რეფორმების შესახებ იცავს. თემაზე: ,,უმაღლესი განათლების რეფორემები პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალ დემოკრატიებში”. კველვას ჯიბლაძე საქართველოს მაგალითზე ანხორციელებს. მისი ხელმძღვანელი კი ლივიუმ ადეია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე.

ვინ შეცვლის ელენე ჯიბლაძეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ Aris.ge-განათლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესაუბრა.

თამარ სანიკიძე ადასტურებს, რომ ჯიბლაძე ბუდაპეშტში  პირადი საგანმანათლებლო საქმიანობის გასაგრძელებლად მიემგზავრება. რაც შეეხება შემცვლელს –”შემცვლელზე ვფიქრობ და ალბათ, უახლოეს დღეებში წარვუდგენ საზოგადოებას,”- განაცხადა სანიკიძემ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური